თაზო დათუნაშვილმა: ამ ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი
ვერდიქტი: “ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 700,470 ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს.
ბოლო წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2025 წლის მარტის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 273,097-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 9,974 ადამიანით არის გაზრდილი.
პოლიტიკოსი საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობას ზუსტად ასახელებს. გარდა ამისა, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა/საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ამრიგად, „ჯეოფაქტსი“ თაზო დათუნაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ „700 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი ამ ქვეყანაში“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,282,280 პირი [392,573 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 34.7%-ს შეადგენს. აქედან 700,470 ადამიანი (181,935 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2,636-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 9,974 ადამიანით არის გაზრდილი.
2020-2025 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 273,097-ით, დაახლოებით 64%-ით, არის გაზრდილი.
გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი/პირი, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძველზე კი ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.
გრძელვადიან პერიოდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ამგვარი მატება გარკვეულწილად ხელისუფლების „კეთილ ნებას“ უკავშირდება – პროგრამის გაფართოება, დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების ინტენსივობის შემცირება და ახალი განაცხადების მყისიერად განხილვა/დაკმაყოფილება. მაგალითად, 2021 წელს გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორია. 2022 წლიდან, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.
თუმცა ძირითადი ფაქტორი, რამაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა, ეს არის მოსახლეობის მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობის ზრდა.