Home » გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია

სოციალურ ქსელში გრიპის ვაქცინის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „თუ გსურთ გრიპი მიიღეთ გრიპის ვაქცინა. ახალი კვლევის თანახმად, გრიპის ვაქცინები ადამიანებს ნაკლებად დაცულს ხდის. ამ სეზონის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება არა მხოლოდ უსარგებლო იყოს გრიპის პროფილაქტიკისთვის, არამედ რეალურად გაზარდოს გრიპის რისკი. კლივლენდის კლინიკის კვლევამ გამოიკვლია 53 000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი 2024-25 წლების გრიპის სეზონის განმავლობაში და დაადგინა, რომ არავაქცინირებულებთან შედარებით ვაქცინირებულებში 27%-ით მეტი იყო გრიპით ინფიცირების ალბათობა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

რეალურად, კვლევის მონაცემები არასწორი ინტერპრეტაციით არის გავრცელებული და შეცდომაში შემყვანია.  კლივლენდის კლინიკის კვლევა, რომელსაც პოსტის ავტორი ეყრდნობა, ჯერ კიდევ არ არის რეცენზირებული. კვლევაში მონაწილეობდა ჯანდაცვის სისტემის დაახლოებით 53 ათასი თანამშრომელი და ზოგად მოსახლეობას არ წარმოადგენდა.  მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე ვაქცინირებულ პირებში გრიპის რისკი უფრო მაღალი იყო,  მისი განზოგადება და ვაქცინების შესახებ ფართო დასკვნების გაკეთება შეცდომაში შემყვანია. კლივლენდის კლინიკის სპიკერმა PolitiFact-ს განუცხადა, კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ვაქცინაცია ზრდის გრიპის რისკს”. ამასთან,  კვლევა არ აფასებდა ვაქცინის მთავარ სარგებელს – თუ როგორ ამცირებს იგი მძიმე ავადმყოფობას, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.  

კლივლენდის კლინიკის კვლევამ ვაქცინის კრიტიკოსების  ყურადღება გლობალურად მიიპყრო. რეალურად, რას ამბობს კვლევა და რა მცდარ დასკვნებს აკეთებენ ვაქცინის მოწინააღმდეგე ჯგუფები, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ PolitiFact-მაც გადაამოწმა.

კლივლენდის კლინიკის სტატია 4 აპრილს წინასწარ ბეჭდვის სერვერზე medRxiv.org-ზე გამოქვეყნდა, სადაც მკაფიოდ არის მითითება იმის შესახებ, რომ „ეს არის წინასწარი პუბლიკაცია და კვლევა ჯერ არ არის რეცენზირებული. ის იუწყება ახალი სამედიცინო კვლევის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეფასებული და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელოდ“.

კვლევაში მონაწილეობდა კლივლენდის კლინიკის ჯანდაცვის სისტემის 53,402 თანამშრომელი. ვაქცინირებულ მონაწილეებს გრიპის მიმდინარე სეზონზე ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. თუმცა კლივლენდს კლინიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეა პაჩეტიმ PolitiFact-ს განუცხადა, რომ შეცდომაში შემყვანია ამ კვლევის საფუძველზე ვაქცინებისა და ინფექციისადმი მგრძნობელობის შესახებ ფართო დასკვნების გაკეთება. „მონაცემები მოვიდა შედარებით ჯანმრთელი მოსახლეობისგან, დაახლოებით 50,000 ჯანდაცვის მუშაკისგან და არ წარმოადგენდა ზოგად მოსახლეობას“, – თქვა კლივლენდის კლინიკის სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეთაგან 43,857 იყო ვაქცინირებული კვლევის პერიოდში, აქედან 98.7%-მა მიიღო ინაქტივირებული სამვალენტიანი გრიპის ვაქცინა. კვლევის პერიოდში 1079 მონაწილე დაავადდა გრიპით, რაც მთლიანი კვლევის პოპულაციის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. კვლევის შედეგების მიხედვით, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდებოდა ვაქცინირებულ მონაწილეებში, ვიდრე აუცრელებში.

ნაბინ შრესტამ ექიმმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, PolitiFact-თან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შედეგებმა ვაქცინირებულ მონაწილეებს შორის გრიპის მომატებული რისკი აჩვენა, ავტორებს ესმოდათ, რომ ეს გაზრდილი რისკი შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო უცნობი (გაუთვალისწინებელი) ფაქტორით, და შესაბამისად, არ დაასკვნეს, რომ ვაქცინა ზრდის ინფექციის რისკს. ამასთან, კვლევის თანაავტორის შეფასებით, „გრიპის ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“.

ინფექციური დაავადებების ეროვნული ფონდის სამედიცინო დირექტორმა რობერტ ჰ. ჰოპკინსმა PolitiFact-თან განაცხადა, რომ კლივლენდის კლინიკის კვლევა არ აფასებს ვაქცინაციის მთავარ სარგებელს გრიპის წინააღმდეგ – კერძოდ, სერიოზული დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკის შემცირებას. „ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გრიპის ვაქცინების ეფექტურობა განსხვავდება წლიდან წლამდე, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც გრიპის ვაქცინაცია სრულად არ აფერხებს ინფექციას, მას შეუძლია ავადმყოფობა უფრო მსუბუქი გახადოს და თავიდან აიცილოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი“, – თქვა ჰოპკინსმა.

CDC-ის (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა განსხვავდება სეზონისა და ინდივიდუალური მახასიათებლების (მაგალითად, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის) მიხედვით. ვაქცინის ეფექტიანობა ასევე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ემთხვევა ის იმ ვირუსის შტამებს, რომლებიც სეზონის განმავლობაში ცირკულირებს საზოგადოებაში.

CDC-ის მონაცემებით, სეზონური გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა, ანუ რამდენად კარგად იცავს ვაქცინა ადამიანს სერიოზული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, სეზონიდან სეზონამდე იცვლება. 2023-24 წლების სეზონზე ვაქცინის ეფექტიანობა 42%-ს შეადგენდა.

ამრიგად, კლივლენდის კლინიკის კვლევამ, რომელიც ჯერ არ არის რეცენზირებული, აჩვენა რომ ვაქცინირებულებში გრიპის შემთხვევების უფრო მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. თუმცა კლინიკის წარმომადგენლები და მკვლევრები აცხადებენ, რომ შედეგები არ მიუთითებს, რომ „ვაქცინა ზრდის ინფიცირების რისკს“,  შედეგებზე გავლენა შეიძლება ჰქონოდა დაუდგენელ ფაქტორებს. სპეციალისტების თქმით, კვლევა არ აფასებს ვაქცინის ძირითად მიზანს – დაავადების გართულების, მათ შორის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. ჯანდაცვის სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ გრიპის ვაქცინა არის საუკეთესო ინსტრუმენტი გრიპის მძიმე ფორმების წინააღმდეგ.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]