Home » ბუდანოვის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების აფეთქების წინადადებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

ბუდანოვის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების აფეთქების წინადადებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (123), შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ბუდანოვმა შესთავაზა უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის აფეთქება კონფლიქტში დამარცხების შემთხვევაში. უკრაინელებო, აი, როგორ უყვარხართ თქვენს ხელისუფლებას“. სინამდვილეში, მტკიცება, რომ კირილო ბუდანოვი უკრაინის ატომური ელექტროსადგურების აფეთქების ინიციატივით გამოვიდა – სანდო წყაროებით არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს, თუმცა პოსტებში ისინი უთითებდნენ, რომ მტკიცება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბლოგერ ალექსანდრ შელესტთან ინტერვიუში განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩის ალექსანდ შელესტთან ინტერვიუ 2025 წლის 21 მარტს YouTube-ზე გამოქვეყნდა. გავრცელებული კომენტარი კი არესტოვიჩმა ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებებსა და The Financial Times-ის სტატიაზე გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, ვაშინგტონმა შესაძლოა, უკრაინის ბირთვული სადგურების მართვა საკუთარ თავზე აიღოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: „..მართვის საკუთარ თავზე აღებისთვის, რადგან ისინი ჩვენ აღგვიქვამენ როგორც მაიმუნს ხელყუმბარით. და უბრალოდ სურთ სახიფათო სათამაშოები თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანონ. მათ ხომ იციან ჩვენი გეგმების შესახებ ყველა ატომური სადგურის აფეთქების თაობაზე, თუ უკრაინა წააგებს. ბუდანოვი ამაში იყო ჩართული წელიწადნახევრის წინ. ავაფეთქებთ ყველა რუსულ სადგურს, რომლებამდეც მივწვდებით, და ჩვენსასაც, რომ არავის არ დარჩეს. დაატარებდა ამას ოფისში. პრინციპით -ყველა დავიხოცებით, მაგრამ ყველას თან წავიყვანთ. მათ იციან ჩვენი საშინელი გეგმების შესახებ – გოროხოვსკი [უკრაინელი ბიზნესმენი]  ბირთვული იარაღისთვის აგროვებდა ფულს. შეურაცხადები. შეშლილთა ჯგუფი, ამიტომ სჯობს ყველა სახიფათო წარმოება თავიანთი კონტროლის ქვეშ აიყვანონ. დემოკრატები ამას გააკეთებდნენ კულუარული ზეწოლითა და გრანტების გამოყოფით „ატომურ სადგურებში მცხოვრები მინდვრის თაგვებში ან კალიებში სქესობრივი დიმორფიზმის შესწავლისთვის“. ეს ბიჭები კი [ამჟამინდელი ადმინისტრაცია] მარტივები არიან. ისინი ამბობენ: „ბიჭებო, მოდით ასე – ჩვენ უბრალოდ ვიღებთ მართვის ქვეშ, და მორჩა“. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი გვართმევენ ქონებას. ისინი გვართმევენ იმას, რაც შეიძლება საშიში იყოს კაცობრიობისთვის და პირველ რიგში ჩვენთვის“, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მტკიცებულება, რომ კირილო ბუდანოვს მსგავსი ინიციატივა ჰქონდა, არესტოვიჩის გარდა არავის განუცხადებია. გარდა ამისა, ამ ინფორმაციას ამგვარი ფორმულირებით მხოლოდ რუსულენოვანი სოციალური ქსელის ანგარიშები და რუსული მედია ავრცელებს. მტკიცება მთლიანად ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს ფრაგმენტზეა დაფუძნებული და ის არ შეიცავს სხვა მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა ამ ამბის სინამდვილეს.

ჯერ კიდევ არესტოვიჩის თანამდებობაზე ყოფნის დროს არსებობდა გაურკვევლობა მის პოზიციასთან და გავლენებთან დაკავშირებით. თავად ალექსეი არესტოვიჩმა რუსი ოპოზიციონერის მარკ ფეიგინის ეთერში გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და წარადგინა მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე მრჩეველი იყო. აღნიშნული თანამდებობა მას 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 17 იანვრამდე ეკავა.  მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. იქამდე არესტოვიჩმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და „სერიოზული შეცდომა“ უწოდა თავის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 2023 წლის 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. არესტოვიჩის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან რაკეტა, რომელიც დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რეალურად რუსული Kh-22 იყო, რაც სხვადასხვა სანდო მედიასაშუალებამ დაადასტურა (Reuters, The Hill, The Guardian).

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]