თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ავტომობილი „Renault Duster“ (სახ. N CV858CC), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ემსახურება, რამდენიმე დღის წინ ოზურგეთიდან თბილისში ევაკუატორით მართლაც გადაიყვანეს. ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 770 ლარი გაიხარჯა, ხოლო იმავე ავტომობილის შეკეთება 2 225 ლარი დაჯდა. ამ ორი შესყიდვის ჯამური ღირებულება 2 995 ლარს შეადგენს. ასევე 2 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაა გაფორმებული SHKODA SUPER B-ის საბურავების შესყიდვისა და გამოცვლის მიზნით, ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალებების საბურავების შეძენა-მომსახურების ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 9 000 ლარს აღემატება. რაც შეეხება ავეჯს, ის შეძენილია ადმინისტრაციული შენობის სხვადასხვა ოთახში განთავსების მიზნით და არა – კონკრეტულად მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტისთვის.
განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ ხარჯს საგანგაშოდ მიიჩნევს იმიტომ, რომ ოზურგეთი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მიხედვით, გურია მართლაც საგრძნობლად ჩამორჩება სხვა რეგიონებს (მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს უსწრებს). ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო რამდენიმე წელია, მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ემიგრაციითაც. ოზურგეთის მოსახლეობის 55% რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 26% ფულად საარსებო შემწეობას იღებს. აქედან გამომდინარე, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თათია ნიკოლაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი: „ეს ოზურგეთის მერია, ავთანდილ თალაკვაძე, 8 000-ლარიანი ხელფასით, რომელსაც 4 ავტომობილი ემსახურება ბიუჯეტის ხარჯით და თან ხალხს ეუბნება ტყუილს, ვითომ ამ ეკომეგობრული მანქანით გადაადგილდება. სინამდვილეში კი უნდა გაჩვენოთ დოკუმენტაციით, მხოლოდ ერთ თვეში რაში ხარჯავს თქვენს ფულს: მოკლედ ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ. მეორე, სედანის ტიპის მანქანას საუკეთესო ხარისხის საბურავები გამოვუცვალეთ, რაც 2 000 ლარი დაგვიჯდა. ამასობაში, კაბინეტის ავეჯი აღარ მოწონებია და 5 550 ლარის ავეჯი შეიძინა. დანარჩენი თანამდებობის პირებისთვის საბურავების შეცვლა 9000 ლარი დაჯდა.
ეს არის ყველაზე ღარიბი რეგიონის მერი, ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში მაშინ, როცა ყველა მეორე ოზურგეთელი შემწეობას ითხოვს და ყველა მესამე ქვეყნიდან გააქციეს ემიგრაციაში“.
Fb-სტატუსის ფოტო
„ჯეოფაქტსი“ პოლიტიკოსის ამ განცხადებით დაინტერესდა. კერძოდ, ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენი დაიხარჯა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან 2025 წლის განმავლობაში, მხოლოდ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შეკეთების მიზნით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ძირითადად 4 ავტომობილი) ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე 2025 წელს, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, მხოლოდ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. მუნიციპალიტეტის მერმა შპს „რევა მოტორსისგან“ 25 000 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser Prado 150-ის, RENAULT DUSTER-ის, TOYOTA FG CRUISER-ისა და SKODA OCTAVIA-ს სათადარიგო ნაწილები და შეკეთება/რემონტისათვის საჭირო მომსახურება. მიმწოდებელმა შემსყიდველს აღნიშნული მომსახურება წლის ბოლომდე უნდა გაუწიოს.
გარდა ამისა, რამდენიმე შესყიდვა, რომლებსაც განცხადებაში პოლიტიკოსი ახსენებს, განხორციელებულია გამარტივებული წესით, ან – კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
ცხრილი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების მიზნით განხორციელებული შესყიდვები
შესყიდვის ობიექტი | სახელშეკრულებო ღირებულება, ლ | დანართი |
„Renault Duster“-ის (სახ. N CV858CC) ევაკუატორის საშუალებით ქ. ოზურგეთიდან ქ. თბილისში ტრანსპორტირების მომსახურება | 770 | დანართი 1. |
„RENAULT DUSTER-ის
სამუხრუჭე სითხე, შეჭიდების ქურო დისკი, მოჭიდების საკისარი და მათი შეცვლის მომსახურება |
2 225 | დანართი 2 |
SHKODA SUPER B-ის (სახელმწიფო ნომერი LV-099-LL) 4 ერთეული ზაფხულის საბურავის შესყიდვა | 2 000 | დანართი 3 |
„FIAT TIPO“-სთვის (სახელმწიფო ნომერი BB-699-YY) წინა სანისლე ფარების შესყიდვა და შეცვლა | 270 | დანართი 4 |
„SKODA SUPER B“-ის (სახელმწიფო ნომრით LV099LL) შეკეთება/ტექნიკური მომსახურება
|
8 000 | დანართი 5 |
მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული (რიცხული) 22 ერთეული სატრანსპორტო საშუალებისათვის სადაზღვევო მომსახურება | 18 500 | დანართი 6 |
Renault Duster-ის ტექნიკური მომსახურება | 4 000 | დანართი 7 |
მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები | 944 | დანართი 8 |
მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები | 1 480 | დანართი 9 |
მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები | 3 344 | დანართი 10 |
მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები | 3 460 | დანართი 11 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შესწავლილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა 2025 წლის აპრილში ნამდვილად გააფორმა ხელშეკრულება „Renault Duster“-ის ევაკუატორით გადაყვანის მომსახურებაზე. იმავე ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით კი, იმავე დღეს, მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია სს „ფრანს ავტოსთან“. ამ ორი შესყიდვის ჯამური ღირებულება 2 995 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის საბურავების შესყიდვასა და მათი შეცვლის მომსახურებას, მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაშია დაზუსტებული, რომ 2 000-ლარიანი შესყიდვა გულისხმობს SHKODA SUPER B-ისთვის (სახელმწიფო ნომერი LV-099-LL) 4 ერთეული ზაფხულის საბურავის შეძენასა და თანმდევ მომსახურებას. დანარჩენ კონტრაქტებში კი, რომლებიც კონსოლიდირებული ტენდერების საფუძველზე გაფორმდა, აღნიშნულია მხოლოდ შესყიდვის ობიექტი – მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები. ამ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 9 228 ლარია.
თათია ნიკოლაშვილის განცხადებაში ასევე საუბარია ავეჯზე, რომელიც ოზურგეთის ბიუჯეტს 5 500 ლარი დაუჯდა. 2025 წლის 19 მარტს მუნიციპალიტეტსა და შპს „ჯიენსი ჯგუფ 24-ს“ შორის მართლაც გაფორმდა 5 500-ლარიანი ხელშეკრულება. მიღება-ჩაბარების აქტის (დანართი 12) თანახმად, კომპანიამ მერიას მიაწოდა მაგიდა ტუმბოთი – 4 ცალი; სამუშაო მაგიდა; საოფისე მაგიდა – 4 ცალი; სამუშაო მაგიდა მისადგმელით – 2 ცალი; ტუმბო საკეტით – 3 ცალი; დაბალი კარადა – 2 ცალი; კომბინირებული კარადა – 1 ცალი; დახურული კარადა საკეტით – 1 ცალი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ავეჯი გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული შენობის ოთახებისთვის და არა – კონკრეტულად მერის კაბინეტისთვის.
განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ ხარჯს საგანგაშოდ მიიჩნევს იმიტომ, რომ ოზურგეთი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მიხედვით, გურია მართლაც საგრძნობლად ჩამორჩება სხვა რეგიონებს (მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს უსწრებს). ასევე, 2018 წლის შემდეგ, მოსახლეობის რიცხოვნობა ყოველწლიურად მცირდება. 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის რაიონში 56 300 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 30 963 პირი ანუ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 55% რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. რეგისტრირებულთა შორის, ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებია 14 641 ადამიანი, რაც მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, 26%-ს შეადგენს.
ამდენად, „ჯეოფაქტსის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნებული ხელმისაწვდომი სტატისტიკის თანახმად, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.