სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები 2 ნაბიჯი• და ფრესკო თაღლითურ პოსტს ავრცელებენ. პოსტის აღწერის თანახმად, „ვინც სწორად გამოიცნობს სურათზე ბატების რაოდენობას, მიიღებს ჩვენგან სპეციალურ პრიზს“. სინამდვილეში, პოსტები თაღლითური შინაარსისაა და მასში მოცემული ინფორმაცია მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კომენტარების სექციაში ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად პასუხობენ ერთი და იმავე ტექსტით, რომ შეამოწმონ პირადი შეტყობინება, სადაც მათ პრიზები ელოდებათ.
საინტერესოა გამოქვეყნებული თაღლითური პოსტის რამდენიმე დეტალი, რაც მის არასანდოობაზე მეტყველებს. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2025 წლის 17 აპრილს შეიქმნა სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად. 2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 160 გამომწერი ჰყავს. სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.
სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯის რეალური Facebook-გვერდის სახელი განსხვავებული შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, რეალურ გვერდს დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2024 წლის 14 ნოემბერსაა შექმნილი.
საგულისხმოა, რომ „ორი ნაბიჯის“ სახელით Facebook-ზე რამდენიმე გვერდია შექმნილი, რომლებსაც იდენტური შინაარსის თაღლითური პოსტები აქვთ გამოქვეყნებული (1; 2; 3).
თაღლითური პოსტი ვრცელდება კიდევ ერთი სუპერმარკეტის, ფრესკოს სახელითაც.
გვერდი, რომელიც ამ პოსტს ავრცელებს 2025 წლის 31 მარტსაა შექმნილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად. 2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 10 გამომწერი ჰყავს. სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.
„ფრესკოს“ Facebook-ის ნამდვილ გვერდზე დეტალურადაა მითითებული საჭირო ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2012 წლის 1 მაისს შეიქმნა.
ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯისა“ და „ფრესკოს“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ წარსულში მსგავსი შინაარსის პოსტი სუპარმარკეტ „მაგნიტის“ შესახებაც გავრცელდა.