Home » დეზინფორმაცია: 2025 წლის 9 აპრილის აქცია ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები იყვნენ
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: 2025 წლის 9 აპრილის აქცია ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები იყვნენ

2025 წლის 9 აპრილს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან „ქართული ოცნების“ წევრები არ მიუშვეს. მაგალითად, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას 9 აპრილის მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. მემორიალთან მისვლა ვერ შეძლო ვერც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა.

ამის შემდეგ, იმავე დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც 9 აპრილის მემორიალთან აქციის ორგანიზატორებად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ასახელებენ. იდენტური ვიდეო გაავრცელეს ისეთმა გვერდებმა, როგორებიცაა: ანონიმური FACEBOOK-გვერდი „არა ნაცებს – არა დიქტატურას“ და სხვადასხვა ონლაინ-მედიამ, რომელთა შორისაა „დაიჯესტი“, „Exclusive Media“, „ნიუსჰაბი“ (დაარქივებული ვიდეო).

ვიდეოში, რომელიც დასათაურებულია როგორც „9 აპრილის აქციის აპოლიტიკური ორგანიზატორები“ ან „9 აპრილის მემორიალთან გამართული აქციის ორგანიზატორები“, ჩანს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის პარტია „ლელოს“ წევრები საბა ბუაძე, ვახტანგ სურგულაძე და თაზო დათუნაშვილი; პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერი გიორგი ვაშაძე; კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა ფარულავა; პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ფავლენიშვილი, ხატია დეკანოიძე, გია ჯაფარიძე და გიგი უგულავა; პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე. ვიდეოში ასევე ჩანან ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – რეჟისორი დავით დოიაშვილი, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, მომღერალი ნინო ქათამაძე, მსახიობი კახა გოგიძე და სხვები, რომლებიც ვიდეოში „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებად ან მასთან აფილირებულებად არიან წარმოჩენილები. მათ რეგალიად გვხვდება ისეთი დასახელებები, როგორებიცაა: „ნაციონალური მოძრაობის რეჟისორი“, „ნაცმოძრაობის მომღერალი“, „ნაცმოძრაობის მხატვარი“ და ა.შ.

ვიდეოში ჩანან ასევე ჟურნალისტები გიორგი თარგამაძე, მაკა ჩიხლაძე, მირანდა ბაღათურია, მაკა ანდრონიკაშვილი, ეკა მიშველაძე, „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი ნინო ზურიაშვილი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ა.შ. გიგა მაქარაშვილი დახასიათებულია როგორც „რადიკალი ნაცაქტივისტი და რუსეთის აგენტი“, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც „ნაცმოძრაობის“ ჟურნალისტი და უცხოური ინტერესების გამტარებელი „ენჯეოშნიკი“.

ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 9 აპრილის მემორიალთან გამართული აქცია, იმ ფაქტის გამო, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დღის განმავლობაში მემორიალთან აქციაზე იმყოფებოდა, ოპოზიციის ორგანიზებული იყო. ამ შთაბეჭდილების გამძაფრებას ხელს უწყობს ვიდეოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანის, მათ შორის – მწერლების, მომღერლების და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება.

სინამდვილეში, 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო დემონსტრაციის ორგანიზატორი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებული პირების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ იყო.

მათ Facebook-გვერდზე 7 აპრილს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც პატიმართა ოჯახის წევრებმა 8 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან 24-საათიანი შეკრების მოწოდება გაავრცელეს. „სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაცნობებთ, რომ ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძოლებს უკომპრომისოდ. იბრძოლებს ჩვენი შვილების, ქმრების, ძმების და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საზოგადოებას გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით, რადგან ერთობას არ აქვს ალტერნატივა, არასდროს ჰქონია და არასდროს ექნება. თუ არ დავდგებით და ვიბრძოლებთ ერთად, არამარტო ჩვენი შვილები დაკარგავენ ქვეყანას, ქვეყანა დავკარგავთ ქვეყანას. სასწორზე არამხოლოდ პატიმრების თავისუფლება დევს. და როგორც მარცხია გარანტირებული ,თუ ყველა ერთად არ ვიდგებით, ისევე გამარჯვებაა გარანტირებული, თუ არაფერს მივცემთ უფლებას, ჩვენი მთავარი ძალა – ერთობა დაგვიშალოს. ჩვენს გეგმებს ამ საინფორმაციო არხით შეგატყობინებთ ხოლმე. და ჩვენი მოძრაობის პირველი ნაბიჯი არის 24-საათიანი შეკრება 8 აპრილის საღამოს. გავათენებთ ერთად. 9 აპრილის მემორიალს დავიცავთ ერთად, რადგან რუსული რეჟიმის ვერცერთი წარმომადგენელი თავის ფარისევლური ცერემონიებით მემორიალს ვერ მოუახლოვდება და გავიმარჯვებთ ამ დღეს. როგორც ამ დღეს, ასევე მომდევნო ბრძოლებში. გთხოვთ, შემოგვიერთდით და როგორც ერთნი, ერთ მუშტად შეკრული ერი, დავრჩეთ ამ ბრძოლაში ბოლომდე. ბო-ლო-მდე!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული მოძრაობა 2 აპრილს დაფუძნდა. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა პარლამენტის წინ განაცხადეს. 9 აპრილის მემორიალთან 8 აპრილს შეკრებისა და ღამის გათენების მოწოდებაც თავდაპირველად 2 აპრილს გაჟღერდა.

დამატებით, 9 აპრილის მემორიალთან ღამის გათენების მოწოდება 31 მარტის აქციის შემდეგ გააჟღერა ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემაც. „ჩვენ ვხედავთ, რომ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და თავისუფლებას. მალე ქვეყანა არ გვექნება და ვიქნებით, სადღაც გადაკარგულში. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, ვაცალოთ კიდევ 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება!“ , – განაცხადა მან.

9 აპრილს გამთენიის 04:00 საათზე, აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიცი დადეს. „დღეს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი, შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ საქართველოს თავისუფლებისათვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ, ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს – საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, „სინდისის პატიმრებს“. არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს. მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ფიცში, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების საპირისპიროდ, არ დასტურდება, რომ 9 აპრილის აქციისა და ღამის გათენების ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები იყვნენ. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წევრები 9 აპრილს გამართული საპროტესტო აქციას ნამდვილად შეუერთდნენ. მაგალითად, 9 აპრილის მემორიალთან 1989 წელს დაღუპული დემონსტრანტების ფოტოსურათები „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით გამოიფინა.

პარტიის „ახალი“ Facebook-ანგარიშზე 4 აპრილს გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პატიმრების ოჯახის წევრების ინიციატივას შეუერთდებოდნენ.

„2 აპრილს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს და 8 აპრილს პარლამენტთან იკრიბებიან ღამის გასათევად. “კოალიცია ცვლილებისთვის” ვუერთდებით მათ ინიციატივას – 8 აპრილის ღამიდან ვიქნებით პარლამენტთან და 9 აპრილის ისტორიულ დღეს შევხვდებით თანამებრძოლებთან ერთად. სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, 9 აპრილის მემორიალთან სატელევიზიო ჩართვაში განაცხადა: „მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოს იცავენ სინდისის პატიმრების მშობლები და ჩვენ ვდგავართ ყველანი მათ გვერდზე…“. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 9 აპრილის აქციის შესახებ ისევ ისაუბრა და აღნიშნა: „ბატონ პაატა ბურჭულაძეს არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო დღეს. უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ადამიანი, ვინც ინიციირება მოახდინა ამისი, იყო პაატა ბურჭულაძე […] ივანიშვილის ტროლების და პროპაგანდისტული მანქანის მთავარი სამიზნე იყო ბატონი პაატა ბურჭულაძე იმიტომ, რომ ამ კაცმა გაბედა და თავის თავზე აიღო და დააანონსა აქცია“.

ცნობისთვის, 9 აპრილს გასამართი აქციის შესახებ ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 8 აპრილის საერთო განცხადების დროს ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა საზოგადოებას მიმართა, რომ 9 აპრილს დაგეგმილ აქცია 24-საათიან რეჟიმში გაგრძელებულიყო. „9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლო ეს არის როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ გვიწევს ამ თავისუფლების დაცვა, იგივე შინაარსი აქვს ზუსტად 9 აპრილის მემორიალთან და პარლამენტთან დგომას. იცით, რომ პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან არის დაანონსებული ღამისთევა, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი და  მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, შემოვუერთდეთ ამ ადამიანებს, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთსაც და ამ გზით გამოვხატოთ ამ გზით პროტესტი, ვიყოთ 9 აპრილის მემორიალთან 24 საათის განმავლობაში“ – აღნიშნა მან.

24-საათიანი პროტესტის შესახებ Facebook-ღონისძიება გაავრცელეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და გვერდმა „დამკვირვებლები“ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და მემორიალის დასაცავად 24-საათიანი პროტესტის გაგრძელებისკენ მოქალაქეებს მათაც მოუწოდეს.

ამდენად, 9 აპრილის მემორიალთან გამართული აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ იყო. მოძრაობასთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან შეკრების მოწოდება რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძემაც გაავრცელა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]