სოციალურ ქსელში ჯერ Facebook-ანგარიში ჯორჯ სოროსის ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელსაც თანდართული აქვს წარწერა: „ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, რათა სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, ვერავინ მიხვდეს, ვინ ქართველია და ვინ არა – ჯორჯ სოროსი“. რეალურად, ციტატა ყალბია, არ დასტურდება, რომ მსგავსი განცხადება ჯორჯ სოროსმა გააკეთა.
ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და სოროსის ავტორობას დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა ქართულ სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელებულა და მაშინაც, დეზინფორმაცია ჯორჯ სოროსის ფოტოს ფონზე დატანილი ტექსტის სახით გავრცელდა. არც ადრე და არც ახლა გავრცელებულ ფოტომასალაზე გამავრცელებელი ორგანიზაციის, მედიის ლოგო ან დასახელება მითითებული არ არის. წლების წინ გავრცელებულ იდენტურ დეზინფორმაციას ქართული ფაქტების გადამმოწმებელი მედია „ფაქტ-მეტრიც“ გამოეხმაურა.
ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 449-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2025 წლისთვის 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 1984 წელს სწორედ სოროსმა შექმნა „ღია საზოგადოების ფონდი“ შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ.
ჯორჯ სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები (1; 2).
[1] „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.