სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,282,280 პირი [392,573 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 34.7%-ს შეადგენს. აქედან 700,470 ადამიანი (181,935 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები[i], რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს. მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2,636-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 9,974 ადამიანით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ საარსებო შემწეობის პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, ის სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს მიმართავს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება. რის შემდეგაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძველზე კი ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.
ბოლო წლებში, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 273,097 ადამიანით, დაახლოებით 64%-ით, არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი1: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი და მოსახლეობა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.
პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, პარალელურად დახმარების დანიშვნაზე ახალი განცხადებები მყისიერად განიხილებოდა, რასაც სოციალურად დაუცველთა რეკორდული ზრდა მოჰყვა. თუმცა საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და ბოლო მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
2021 წელს ბავშვთა დახმარების მიმღებთა კატეგორია გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პროგრამის ბენეფიციარების ზრდაზე პირდაპირი გავლენა იქონია. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2021 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 150 ლარს, 2020 წელს კი 50 ლარს შეადგენდა. ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებზე გახდა, დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში 250,772 ათასი 16 წლამდე პირი არის სოციალურად დაუცველი (საარსებო შემწეობის მიმღები).
2022 წლის გაზაფხულზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს. პროგრამაში ჩართული პირები საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებენ. ამასთან, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ.
ამრიგად, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა გარკვეულწილად მთავრობის სოციალური პოლიტიკით არის განპირობებული – პროგრამის გაფართოება, დასაქმების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებაზე 4-წლიანი მორატორიუმი. თუმცა ძირითადი ფაქტორი, რამაც ბოლო წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა, ეს არის ოჯახების მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობის ზრდა.
[i] აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ ოჯახების/პირების რაოდენობასაც.