სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Nino Jgarkava-მ გამოაქვეყნა ეკრანის ანაბეჭდი, სადაც ჩანს Facebook-მომხმარებლის – სერგი კაპანაძის პოსტი. „ახლა სტუდენტები კი არ უნდა იკრიბებოდნენ წულუკიანის სახლთან. ყოფილი და მოქმედი სამხედროები უნდა იკრიბებოდნენ და დედის ტ***ნას უნდა უწყობდნენ“ (დაარქივებული პოსტი).
პოსტის აღწერა და კომენტარების სექციაში მომხმარებლების მიერ გამოხატული რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ მოწოდების ავტორი, როგორც პოსტის ავტორს, ისე სხვა მომხმარებლებს საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, 2011-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი – სერგი კაპანაძე ჰგონიათ.
ფოტო: ეკრანის ანაბეჭდები კომენტარების სექციიდან
სინამდვილეში, IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს საერთო არ აქვს იმ სერგი კაპანაძესთან, რომელმაც პოსტი გამოაქვეყნა. რეალურად, ისინი ერთი და იმავე სახელის და გვარის მქონე სხვადასხვა ადამიანები არიან.
კერძოდ, „ჯეოფაქტსმა“ ნახა ის Facebook-პოსტი, რომლის ეკრანის ანაბეჭდი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის 12 აპრილს Facebook-მომხმარებელმა Sergi Kapanadze-მ გამოაქვეყნა.
თუმცა სოციალური ქსელის მისი და ყოფილი დეპუტატისა და მინისტრის მოადგილის Facebook- ანგარიში ერთმანეთისგან განსხვავებულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ დეპუტატ სერგი კაპანაძის Facebook-ანგარიშს Meta-ს ვერიფიკაცია აქვს მინიჭებული. ვერიფიცირებულ ანგარიშზე მას მსგავსი პოსტი გამოქვეყნებული არ აქვს.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც Facebook-მომხმარებლები სამხედროების მიმართ მოწოდებას ყოფილ დეპუტატს მიაწერენ, შეცდომაში შემყვანია.