Home » სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ტვინის გასაღები-Brain Key”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2), გაავრცელა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოდკასტის წამყვანები უკრაინის ომში ადამიანური რესურსის საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ვიდეოში მოყვანილია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის სიტყვები, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში ვიზიტისას წარმოთქვა. რეალურად, ვიდეოში ჯეი დი ვენსის სიტყვები არასწორადაა ნათარგმნი, რის გამოც სრულ ვიდეოს კონტექსტი ეცვლება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თავდაპირველ ნაწილში (0:05 წუთზე) მოყვანილია კადრები, რომელშიც 1-ელ მარტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში სტუმრობისას ჯეი დი ვენსის უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაა ნაჩვენები და ნათარგმნი. ვიდეოს მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტი ამბობს: „თქვენ ამჟამად გაქვთ ადამიანურ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები და არასრულწლოვანებს მიერეკებით წინა ხაზებზე“.

სინამდვილეში, პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ სრულ ვიდეოში, რომელიც 1-ელ მარტს C-SPAN-ის მიერ გამოქვეყნდა, ჯეი დი ვენსი ამბობს შემდეგ სიტყვებს: „ამჟამად თქვენ წვევამდელებს აიძულებთ წინა ხაზებზე წასვლას, რადგან ადამიანური რესურსის პრობლემები გაქვთ“ (“Right now you guys are going around and forcing conscripts to the front lines because you have manpower problems”). ამრიგად, ვიცე-პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ უკრაინაში არასრულწლოვანებს უშვებენ ფრონტზე, არამედ იგი საუბრობდა წვევამდელებზე. ეს უკანასკნელი კი იმ ახალგაზრდებს მოიაზრებს, რომელიც სამხედრო მომზადებას გადის სამხედრო სამსახურში გაწვევის წინ. აღსანიშნავია, რომ  2024 წელს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე უკრაინის კანონმდებლობით სამხედრო მობილიზაციაზე დაქვემდებარება 25 წლის ასაკიდან იწყება (მანამდე ეს ასაკი 27 წელი იყო) და მობილიზაცია მხოლოდ 25-60 წლის მოქალაქეებს ეხებათ. ინდივიდებს კი, რომლებიც 25 წელს ქვემოთ ასაკის არიან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მოხალისეობრივად შეუძლიათ და ეს ვალდებულებას არ წარმოადგენს.

შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტს ვენსს არ უთქვამს, რომ უკრაინაში არასრულწლოვანები საბრძოლველად იძულებით მიჰყავთ.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]