სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს (დაარქივებული ბმული), რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს, რომელშიც ის არალეგალების მიერ დახოცილ ბრიტანელი გოგოების ოჯახებს უჭერდა მხარს: „აი ამ პოსტის გამო რომელიც მხოლოდ 4 საათის დადებული იყო, დააკავეს და მიუსაჯეს პატიმრობა, კი, მას შეუფარდეს პატიმრობა სანამ მის შვილს 3 წელი არ შეუსრულდება (გოგონა 2 წლის და თვეებისა). ანუ ბრიტანეთში სტატუსების გამო აკავებენ, და ბრიტანეთში კრძალავენ გამოხატო სპონტანური ემოცია და თანაგრძნობა“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
რეალურად, საქმე ეხება ბრიტანელ ქალს, რომელიც რასობრივი სიძულვილის გაღვივების ბრალდებით დააკავეს იმ პოსტის გამო, რომელშიც მიგრანტების საცხოვრებელი სასტუმროების დაწვას მოითხოვდა. არაზუსტია მტკიცება, რომ კოლონმა „სასტუმროებთან [სივრცის] გადაწვაზე“ დაწერა, მან პირდაპირ იმ სასტუმროების გადაწვისკენ მოუწოდა, სადაც არალეგალები იმყოფებოდნენ. საგულისხმოა, რომ კოლონის პოსტის გამოქვეყნების დროს ქვეყანაში მიგრანტების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობდა, ქალის პოსტი კი, რომელსაც რამდენიმე საათში 310 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა და მოსახლეობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა, მოსამართლის თქმით, დიდ საფრთხეს შეიცავდა.
ბრიტანელი ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა, რასაც Reuters-ის ფაქტების გადამოწმების სექცია და ბრიტანული გამოცემა BBC გამოეხმაურა.
ლუსი კოლონი X პოსტში (რომელიც ამჟამად წაშლილია) მასობრივი დეპორტაციისა და მიგრანტების სასტუმროების გადაწვაზე წერდა: „მასობრივი დეპორტაცია ახლავე, ცეცხლი წაუკიდეთ ყველა სასტუმროს, რომელიც სავსეა ბ*******. თუ ეს მაქცევს რასისტად, ასეც იყოს“.
წყარო: www.itv.com
ნორთჰემპტონშირის პოლიციის მიხედვით, 41 წლის ქალი რასობრივი სიძულვილის წაქეზების ბრალდებით დააკავეს. კონოლიმ პოსტი თავის X ანგარიშზე 2024 წლის 29 ივლისს საუთპორტში ცეკვის გაკვეთილზე სამი სკოლის მოსწავლე გოგონას დაჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოაქვეყნა. დანაშაულს მოჰყვა არა ერთი დეზინფორმაციის გავრცელება. მათ შორის ყალბი მტკიცება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი აქსელ რუდაკუბანა „მუსლიმი მიგრანტი“ იყო. რეალურად, დაკავებული 17 წლის ბიჭი, პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. საგულისხმოა, რომ ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მოსამართლე მელბურნ ინმანმა თქვა, რომ კონოლის პოსტს წაშლამდე 310,000 ნახვა ჰქონდა. ფრენკ ფერგიუსონმა, პროკურატურის სპეციალური დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, განცხადებაში დასძინა: „მუქარის, შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება ონლაინ რასიზმის გასაღვივებლად მიუღებელია და არღვევს კანონს“. ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ პოლიციაში გამოკითხვის დროს, ლუსი კონოლიმ ოფიცრებს უთხრა, რომ არ მოსწონდა არალეგალი მიგრანტები და თვლიდა, რომ ბავშვები არ იყვნენ მათგან დაცულები. „არ არის დანაშაული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ქონა, მაგრამ დანაშაულია რასობრივი სიძულვილის გაღვივება – და ეს არის ის, რაც კონოლიმ აღიარა“- განაცხადა სამმართველოს ხელმძღვანელმა. პროკურატურის საქმე მოიცავდა მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, რასისტული შინაარსის პოსტებს კონოლი თავის X-ანგარიშზე როგორც საუთპორტის თავდასხმამდე, ასევე შემდეგ დღეებშიც აქვეყნებდა. სასამართლომ ბრიტანელ ქალს 31 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალი სასჯელის 40% ციხეში გაატარებს, დანარჩენს კი პირობითი სასჯელით მოიხდის. მოსამართლის თქმით, კონოლი ხელს უწყობდა ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „როდესაც თქვენ გამოაქვეყნეთ ეს პოსტი, კარგად იცოდით, რამდენად არასტაბილური იყო სიტუაცია“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამდენად, ბრიტანელი ქალი რასობრივი სიძულვილის წაქეზების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ პოსტში კოლონი ხალხს იმ სასტუმროების გადაწვისაკენ მოუწოდებდა, რომელშიც თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტები რჩებოდნენ.