Home » სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა ვრცელდება

Facebook-სა (1, 2, 3, 4, 5, 6) და TikTok-ზე  ვირუსულად ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამოსახულია „მთავარი არხის“ საინფორმაციო ბარათი და მასზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თინა ბოკუჩავას ციტატა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერი უნდა წავიდეს უკრაინაში და ებრძოლოს რუსეთს, მხოლოდ ასე მოვიშორებთ ოცნებას!“. სინამდვილეში, ციტატა და საინფორმაციო ბარათი ყალბია და თინა ბოკუჩავას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მსგავსი განცხადება არ იძებნება არც ერთ საჯარო წყაროში. აღნიშნული ციტატა არც თინა ბოკუჩავასა და „ენმ-ის“ სოციალური მედიის ოფიციალურ ანგარიშებზე გვხვდება. არც ერთ სანდო მედიას არ გაუშუქებია, რომ თინა ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უკრაინაში წასვლისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

როგორც აღინიშნა, სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ციტატა „მთავარი არხის“ საინფორმაციო ბარათის სახით გავრცელდა. რეალურად კი, „მთავარი არხის“ სოციალურ მედიაში ბოკუჩავას აღნიშნული ფოტო და ციტატა სხვა განცხადებასთან დაკავშირებით გავრცელდა. კერძოდ, 3 აპრილს „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა პოსტი: „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება, ამ საკითხზე ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ სანქციებმა არა მარტო ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც და ხელის შემწყობები, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და ფინანსური კლანი მოიცვას, რომელზეც არალეგიტიმური ხელისუფლება დგას. ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით, ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. ბოლოს მაინც მოუწევს კომპრომისი, მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა. თუმცა, ჩვენი ერთობლივი მუშაობით. ჩვენი საერთო-სახალხო პროტესტი, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს წნეხი ივანიშვილზე, რომ რაც შეიძლება მალე დავათმობინოთ ხელისუფლება”, – განაცხადა კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე“. პოსტს თანდართული ჰქონდა „ენმ-ის“ ლიდერის ფოტო-სურათი.

დაკვირვების შედეგად აშკარაა, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ გაყალბებულ ბარათზე წარწერა განსხვავებული ფონტითაა მოცემული, „მთავარი არხი“ კი ამგვარ ფონტს არ იყენებს.

ამრიგად, ციტატა ყალბია და თინა ბოკუჩავას მსგავსი მოწოდება არ გაუკეთებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]