სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს ინფორმაციას (დაარქივებული ბმული): „ისე მიემართება ფინეთი, შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შესაძლოა”. სინამდვილეში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ფინეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიაში არ იძებნება.
მტკიცება, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო, მცდარია. კერძოდ, ფინეთის საგარეო პოლიტიკის მინისტრის ელინა ვალტონენის მიერ მსგავსი განცხადების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. დამატებით, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განცხადებას ვერ ვხვდებით ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სინამდვილეში, 2023 წელს Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ელინა ვალტონენის თქმით, კოალიციური მთავრობის ამავე წლის ზაფხულში გამოქვეყნებული პროგრამა აჩვენებს ფინეთის ხელისუფლების პრო-ევროკავშირულ ფოკუსს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა „არავინ ელის, რომ კოალიციის ყველა პარტია ყველაფერზე შეთანხმდება, მაგრამ ის, რაზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, არის მოლაპარაკების შედეგი – სამთავრობო პროგრამა, რომელშიც, ვფიქრობ, აღნიშნული გვაქვს ევროკავშირის პოლიტიკის პოზიტიური პუნქტი“.
ზოგადად, ფინეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ულტრა-მემარჯვენე ფინელების პარტიამ (4 მმართველი პარტიიდან სიდიდით მეორე ვალტონენის ეროვნულ კოალიციური პარტიის შემდეგ) 2019 წელს გრძელვადიან პერიოდში ფინეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პოლიტიკას დაუჭირა მხარი, ვინაიდან, მათი განცხადებით, ბრიუსელმა ზედმეტად ბევრი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რესურსი წაართვა ეროვნულ ხელისუფლებას. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრმა 2023 წლის აგვისტოში თქვა: „ფინელების პარტიამ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლა გრძელვადიან მიზანს ჰგავს – რასაც უნდა ნიშნავდეს ეს – მაგრამ ახლა ჩვენ ვკონცენტრირდებით მომავალ ოთხ წელზე და არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ფინეთის ევროკავშირიდან გასვლას ამ დროის განმავლობაში“. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აგვისტოს შუა პერიოდში ულტრა-მემარჯვენეებს ყოველწლიური კონფერენცია ჰქონდათ, სადაც ბრიუსელის პოლიტიკის შედეგად „დემოკრატიულ დეფიციტზე“ ისაუბრეს და გრძელვადიან პერიოდში ფინეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ფრაგმენტირებული ევროკავშირი ბევრად ნაკლებად ეფექტური იქნება უკრაინისთვის იმ მხარდაჭერის აღმოჩენაში, რისი საჭიროებაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გაჩნდა. Politico-ს სტატიის მიხედვით, ვოლტენისთვის სწორედ ესაა მთავარი მიზანი, რატომაც ულტრა-მემარჯვენე ფინელები მოკლევადიან პერიოდში (რაც, სავარაუდოდ, 4-წლიან მმართველობას გულისხმობს) ევროკავშირის დატოვებას არ დაუჭერენ მხარს.
ფინური გამოცემის Yle-ს 2024 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფინელების პარტია ფინეთის ევროკავშირიდან გამოსვლას აქტიურად აღარ უჭერს მხარს, რაც ევროპარლამენტის არჩევნებისთვის მათ პროგრამაშიც გამოაშკარავდა – „პროგრამაში გაცხადებულია, რომ არარეალისტური მოლოდინია, უახლოეს მომავალში ფინეთი ერთხმად შეთანხმდეს კავშირის დატოვებაზე. ევროკავშირიდან პოტენციური გასვლა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდება, როდესაც ამას სხვა სკანდინავიური ქვეყნებიც გააკეთებენ, რათა შეიქმნას სკანდინავიური კოოპერაცია“. Yle-ს მიხედვით, აღნიშნული ასახავს ფინელების პოლიტიკის ცვლილებას 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებიდან 2024 წლის არჩევნებამდე.
ამრიგად, ფინეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პოლიტიკას მმართველი კოალიციიდან მხოლოდ ერთი პარტია უჭერდა მხარს, რომლისთვისაც აღნიშნული გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს და უახლოეს მომავალში არ მოხდება.