Home » სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება

Facebook-ზე ვლადიმირ პუტინის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა რედაქტირებული და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს.

ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით ირკვევა, რომ ვიდეო, რომელიც მონტაჟისთვის გამოიყენეს, 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც პუტინი სიტყვით გამოვიდა. ამას რამდენიმე დეტალი ადასტურებს (იხ. ქვემოთ ფოტოებზე):

1. რეალური ვიდეო                                         2. ყალბი ვიდეო

ყალბი ვიდეოს სრულად მოსმენისას, პუტინი ამბობს, რომ აფხაზეთის დაფინანსებას წყვეტს, რადგან ის საქართველოს ეკუთვნის. რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება 2024 წლის 1 სექტემბრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე შეუჩერა (2025 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება აღუდგინა) და, ბუნებრივია, ამაზე 2023 წელს გამართულ კონფერენციაზე ვერ ისაუბრებდა. ავთენტური ვიდეოს სრულ ვერსიაში პუტინი აფხაზეთს საერთოდ არ ახსენებს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გარდა, ყალბ ვიდეოზე კარგად დაკვირვებით, ნათლად ჩანს ტუჩების არაბუნებრივი მოძრაობა, რაც Deepfake-ის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ასევე აღსანიშნავია, რომ პუტინის ამ შინაარსის განცხადება არც ქართულ და არც რუსულ მედიას გაუვრცელებია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადება, თეორიულად, საკმაოდ რეზონანსული იქნებოდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]