Home » სოციალურ ქსელში უკრაინის გერბთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში უკრაინის გერბთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (123), უკრაინის გერბის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ისტორიული ცნობა «ეს არის ხაზარული თამგა. თამგა არის საოჯახო ნიშანი, რომელიც განთავსებულია პირუტყვზე და ქონებაზე». პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც უკრაინის გერბი და სხვა მსგავსი სიმბოლოებია გამოსახული და პოსტის აღწერაში არსებული ტექსტის იდენტური რუსული წარწერაა დატანილი. რეალურად, უკრაინის გერბსა და ხაზარების სიმბოლოს შორის კავშირი არ დასტურდება.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამკაპი უკრაინის გერბად 1992 წლის 19 თებერვალს უკრაინის რადამ ოფიციალურად დაამტკიცა. უკრაინის კონსტიტუციის მე-20 მუხლში წერია, რომ უკრაინის სახელმწიფო გერბის მთავარი ელემენტი ვოლოდიმირ დიდის სამეფოს ემბლემაა.

სამკაპი რიურიკების დინასტიიის საგვარეულო ნიშანს წარმოადგენდა (X-XII საუკუნე, კიევის რუსეთის პერიოდი). არქეოლოგები მის გამოსახულებას მონეტებზე, ბეჭდებზე, ჭურჭელსა თუ ფრესკებზე დღემდე პოულობენ. უკვე X საუკუნეში, კიევის მთავრის, ვოლოდიმირ დიდის მმართველობის პერიოდში, მონეტების ერთ მხარეს მისი პორტრეტი იყო გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს – სამკაპი, როგორც ვოლოდიმირ დიდის ძალაუფლების სიმბოლო (იხ. ფოტო).

ფოტო: X საუკუნის სამკაპი, აღმოჩენილი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ნანგრევებში.

სამკაპი არ იყო ერთადერთი სიმბოლო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. მე-14 საუკუნიდან სხვა ნიშნები/სიმბოლოებიც გაჩნდა, რომლებიც რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდნენ.

საგულისხმოა, რომ სიმბოლოს წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია არსებობს. ზოგიერთი მას წმინდა სამების სიმბოლოდ მიიჩნევს, ზოგი მშვილდსა და ისრებს, შანდალს ამსგავსებს, ზოგი კი ხაზს უსვამს მის მსგავსებაზე ღუზასთან ან შევარდნის ფრთებთან.

1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ სამკაპი სახელმწიფო გერბად დაამტკიცა. სიმბოლოს შესარჩევად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე ალტერნატივა განიხილა, რომელთა შორისაც იყო ოქროს ლომი (ჰალიჩინის რეგიონის სიმბოლო, რომელიც XIX საუკუნეში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ეროვნული მოძრაობის ცენტრი იყო), კაზაკი თოფით (ზაპოროჟიეს კაზაკების ნიშანი), წმინდა მიქაელ მთავარანგელოზი (კიევის, უკრაინის დედაქალაქის მფარველი) და სხვა. უკრაინის ცენტრალური რადას თავმჯდომარეს მიხაილო გრუშევსკის ზემოაღნიშნულ სამ სიმბოლოსთან შენიშვნები ჰქონდა და თვლიდა, რომ სამკაპი ყველაზე შესაფერისი ვარიანტი იყო.

„უკრაინის სახალხო რესპუბლიკას, ვინაიდან ის კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, უნდა აერჩია სახელმწიფო გერბის სიმბოლო. და რადგანაც ის დიდი ხნის განმავლობაში უკვე იყო სახელმწიფო და უბრალოდ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა, რომელიც მოსკოვმა მას ძალადობით წაართვა, ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა იმ ძველი სახელმწიფო ემბლემების გამოყენება, რომელიც წარსულშიც გამოიყენებოდა. ყველაზე ძველი ასეთი ნიშანი კიევის მონეტებზე ვოლოდიმირ დიდის დროიდან არსებობდა, სწორედ მას ირჩევს საკუთარ გერბად ჩვენი აღდგენილი უკრაინის სახელმწიფო“. – წერდა გრუშევსკი.

საბოლოოდ, უკრაინის სახელმწიფო და ეროვნული ერთიანობის წარმოჩენის მიზნით, არჩევანი კიევის რუსეთის უძველეს სიმბოლოზე – სამკაპზე შეჩერდა.

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა კონსპირაციული თეორია უკრაინულ სამკაპს ხაზარულ თამგას უკავშირებს. ინფორმაცია წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა და ის ფრანგულმა AFP-მ გადაამოწმა. AFP საფრანგეთის აღმოსავლური ენებისა და კულტურის ნაციონალური ინსტიტუტის ისტორიკოსს,  ადრიენ ნონჟონს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მტკიცება სრულიად მცდარია და ეს თეორია ჯერ კიდევ მესამე რაიხის დროს ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, მედალიონი „თამგა“, რომელიც პოსტის ფოტოში ჩანს, კიევის ეპოქის სლავური გულსაკიდის „თანამედროვე რეპლიკას“ წარმოადგენს,  რომლის რამდენიმე ვერსია ნაპოვნია და დღეს ნოვგოროდის მუზეუმში ინახება.

ფოტო: X-XI საუკუნეების პირველი ჰერალდიკური გულსაკიდების გრაფიკული გამოსახულება (AFP)

„მისი გრაფიკა ძალიან ჰგავს სამთავრო მონეტებზე ამოტვიფრულ სამკაპს, რომელიც დიდი მთავარ ვოლოდიმირის (980-1015) მმართველობის პერიოდში გამოიყენებოდა“, განმარტავს AFP-სთან ისტორიკოსი იაროსლავ ლებედინსკი. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ კიევის დინასტიამ მომთაბარე ხალხებისგან თამგას იდეა გადაიღო, თუმცა „უკრაინული სამკაპისათვის დამახასიათებელი ფორმა ხაზარული არქეოლოგიური მასალის არც ერთ ნიმუშში არ გვხვდება“.

„ეს ნივთები, სავარაუდოდ, გუბერნატორებს ან ოფიცრებს, როგორც ძალაუფლების ნიშანი, ეკეთათ. მათ ხაზარებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, და არცერთი ცნობილი ხაზარული თამგა არ შეესაბამება უკრაინულ სამკაპს“, – აღნიშნავს ისტორიკოსი AFP-სთან.

შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინის გერბი იგივე ხაზარების „თამგაა“, არ დასტურდება.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]