სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია „მთავარი არხის“ სიმბოლიკა და მტკიცება, რომ „სირიის მმართველი ალ-ჯულანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს“ (დაარქივებული პოსტი).
პოსტის ავტორი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სირიულმა დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ „სირია დაირექთ“ გაავრცელა – „სირიის დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაცია „სირია დაირექთი“ იუწყება, რომ აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა, დიდი ხნის კავშირი და ურთიერთობა გააჩნია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი შეშფოთებას და აღშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე დაამხობს ქართულ ოცნებას, როგორც ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხო. საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ გაუგზავნია! გარდა ამისა, ალ-ჯულანი ქართველებს ლოცვისკენ და სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს, რათა ერთად დაამარცხონ პუტინი“, – აღნიშნულია პოსტის აღწერაში.
სინამდვილეში აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.
კერძოდ, პოსტზე თანდართულ ფოტოზე მითითებულია, რომ აღნიშნული საინფორმაციო ბარათი „მთავარ არხს“ ეკუთვნის. ამასთანავე, ფოტოს დიზაინი „მთავარი არხის“ საინფორმაციო ბარათის სტილის არის. თუმცა გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ „მთავარ არხს“ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არცერთ პლატფორმაზე გამოუქვეყნებია. კერძოდ, მას არ ვხვდებით არხის Facebook და Instagram ანგარიშებზე. ამდენად, სოციალურ ქსელში მთავარი არხის დიზაინით გავრცელებული საინფორმაციო ბარათი, გაყალბებულია.
ამასთანავე, ინფორმაცია, რომ ალ-ჯულანი (აჰმედ ალ-შარაა) მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა, არცერთ საჯარო წყაროში იძებნება.
ასევე, პოსტში მითითებულია, რომ ინფორმაცია სირიის დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ „სირია დაირექთ“ გაავრცელა. მედია „სირია დაირექთ“ მართლაც არსებობს, თუმცა ინფორმაცია, რომ აჰმედ ალ-შარაამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა, არც ამ მედიის ვებგვერდზე და სოციალური ქსელების ანგარიშებში იძებნება.
ამდენად, მტკიცება, რომ სირიის მმართველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ყალბია.
ცნობისთვის, Facebook-მომხმარებელმა მსგავსი შინაარსის პოსტები, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, აქამდეც გამოაქვეყნა (ბმული 1, 2).