Home » ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

ინფორმაცია ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ არ დასტურდება

რუსთავი 2“, „POSTV News“, „Spnews – სააგენტო სივრცეები“, „ნიუსჰაბი“, ასევე სოციალური მედიის სხვადასხვა გვერდები და ანგარიშები, ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წინააღმდეგ გამოძიება არის დაწყებული. ბლინკენს გამოძიება რუმინეთის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენას ედავება, რათა ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმებულიყო“. ქართული წყაროები ევროკავშირის საწინააღმდეგოდ განწყობილი X-ის ანგარიშს, Daily Romania-ს ეყრდნობიან, რომელიც მედიას და ოფიციალურ წყაროს არ წარმოადგენს. თავის მხრივ, Daily Romania ეყრდნობა ვებგვერდ „The Diplomatic Affairs-ის“ სტატია, რომელიც სპეკულაციებზეა დაფუძნებული და მასში არანაირი სამხილი არ არის წარმოდგენილი. ამავდროულად, სახელმწიფო ინსტიტუტებს და მედიებს აშშ-ში მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

როგორც უკვე აღინიშნა, ქართული წყაროები X-ის ანგარიშს – Daily Romania-ს, ეყრდნობიან, რომელიც ევროკავშირის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებს, ოფიციალურ მედიას არ წარმოადგენს და რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია.

თავის მხრივ, X-ის ანგარიში ეყრდნობა „The Diplomatic Affairs-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. „The Diplomatic Affairs” ასევე არ არის მედია, ვებგვერდის „ჩვენ შესახებ“ სექციაში ვკითხულობთ – „ The Diplomatic Affairs ჟენევაში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია და წარმოადგენს პლატფორმას რთული საერთაშორისო საკითხების შესაფასებლად. ჩვენ გთავაზობთ მიუკერძოებელ თვისებრივ ანალიზს პოლიტიკური კომენტარების, პოლიტიკის კვლევის, სპეციალური მოხსენებებისა და შეკვეთილი კვლევების სახით“. კვლევითი ცენტრის მმართველი ყოფილი რუმინელი პოლიტიკოსი მარიან ოვიდიუ სტანიცაა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2023 წლის აგვისტოში აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შეხვდა, თუმცა რუმინული მედიის კითხვების საპასუხოდ, მას ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სტანიცა ასევე რუმინეთში მასშტაბური დიპლომატიური ღონისძიების ჩატარებაას წლების განმავლობაში აანონსებდა, რომელშიც მონაწილეობა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან ფიგურებს, მაგალითად ბორის ჯონსონს, ტონი ბლერს, მაიკ პომპეოს და ერიკ ტრამპს უნდა მიეღოთ. 2021 წლიდან სტანიცამ ღონისძიება სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე გადადო და ის დღემდე არ შემდგარა, ხოლო რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებაზე მოსაწვევი არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, „The Diplomatic Affairs” ვერ ჩაითვლება სანდო წყაროდ.

კვლევითი ცენტრის სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ვითარებამ მიიღო საერთაშორისო განზომილება მას შემდეგ, რაც აშშ-ს დაზვერვის წყაროები მიუთითებენ, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და მისი მოადგილე ჯეიმს ო’ბრაიენი გამოძიების ქვეშ იმყოფებიან ამ პოლიტიკურ ფიასკოსთან [რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების] პოტენციური კავშირების გამო“. სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი „აშშ-ს დაზვერვის წყაროებს“ ეყრდნობა ის. ასევე არ არის დაკონკრეტებული, თუ აშშ-ში რომელი სახელმწიფო სტრუქტურა იძიებს საქმეს, არც რაიმე სხვა სახის მტკიცებულება არის წარმოდგენილი. ასევე, ინფორმაცია არ იძებნება სტატიის ავტორის, რობერტო კასელის (Roberto Casseli) შესახებ. ამავდროულად, სტატია 16 თებერვალს გამოქვეყნდა, Daily Romania-ს პოსტი კი 19 მარტს. ამ პერიოდის განმავლობაში, ენტონი ბლინკენი და ჯეიმს ო’ბრაიენი გამოძიების ქვეშ რომ ყოფილიყვნენ, ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო ან კონგრესის შესაბამისი კომიტეტ(ებ)ი განცხადებას გააკეთებდნენ. ბლინკენის რუმინეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევას აუცილებლად გამოეხმაურებოდა რუმინული, ამერიკული და საერთაშორისო მედია, თუმცა არც აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მედიას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ჯეოფაქტსი“ ასევე დაუკავშირდა რუმინელ ფაქტების გადამმოწმებლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მტკიცება ენტონი ბლინკენის შესახებ მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება და რომ ამის შესახებ სახელმწიფო ინსტიტუტებს და პოლიტიკოსებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, ზეგავლენის მოხდენის გამო გამოძიების ქვეშ იმყოფება, არ დასტურდება.

ცნობისთვის, 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს – კალინ ჯორჯესკუს, გაემარჯვა. 2025 წლის 26 თებერვალს ჯორჯესკუ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, ფაშისტური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისა და კონსტიტუციური წესრიგის გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დროებით დააკავეს, ხოლო 9 მარტს ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა  4 მაისს დაგეგმილი არჩევნებისთვის ბათილად არის ცნობილი. ყოველივე ამას რუმინეთში პროტესტი და ჯორჯესკუს მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]