სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2, 3) ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორისა და უფლებადამცველის ბაია პატარაიას გაყალბებულ პოსტს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). პოსტში ვკითხულობთ: „5:0 და ამოწყვეტა თქვენ! არმენოფობო ღორებო! დაინდეთ მეზობლები! მეზიზღება საქართველო!“. რეალურად, აღნიშნული პოსტი ყალბია.
ბაია პატარაიას საკუთარ Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. გაყალბებული პოსტი კი თავდაპირველად, საქართველო-სომხეთის თამაშის მიმდინარეობისას, Facebook-ანგარიშმა „მრისხანე ბაბუაწვერა“ გაავრცელა, რომელსაც გამოგონილი ციტატები აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებია. გაყალბებულ პოსტს მალევე ბაია პატარაიაც გამოეხმაურა და დაწერა: „ეს ტროლი 5 წელია გადაკიდებული მყავს და ნაირ-ნაირ დეზინფორმაციას ავრცელებს ჩემზე. ფეისბუქმა ბევრჯერ დაბლოკა მისი ექაუნთები, მაგრამ პერიოდულად მაინც აღმოცენდება ხოლმე. მართალია, მისი პოპულარობა იკლებს, მაგრამ გარკვეული ზიანი მაინც მოაქვს“.
ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.