სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და სალომე ზურაბიშვილს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ემიგრანტებო და ბიზნესმენებო, ერთადერთი ლეგიტიმური მე ვარ ჩემს ფონდში ჩარიცხეთ“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.
სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. აღნიშნული ციტატა არ გვხვდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზეც. შესაბამისად, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ციტატა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიში დააყადაღეს. პროკურატურამ გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო. ნანუკას ფონდთან ერთად, კიდევ ოთხ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც, პროკურატურის განცხადებით, „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებაა“.
არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების დაყადაღებას სალომე ზურაბიშვილმა „ომი სოლიდარობაზე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია. „ის, რაც დაიწყო და რაც საზოგადოების სოლიდარობის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული ან სამსახურიდან გაგდებული, ან სრულად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც ათჯერ აღემატება მათ ხელფასებს – ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან გამოაჩინოს ეს სოლიდარობა, როცა ეს არის აღქმული და წარდგენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მგონია, რომ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.