Home » სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც მსახიობი გოგა გველესიანი ამბობს: „დაიწყო სპექტაკლი „თავისუფლება ანდროს“, დამთავრდა სპექტაკლი „თავისუფლება ანდროს“, ეხ ხო არის აბსურდი აბსოლუტურად. დაგვცინიან, პირდაპირ დაგვცინიან, რომ როგორც სექტის წევრები ვიკრიბებით და მერე ვიშლებით სახლში“. რეალურად, ვიდეოში ორი მონაკვეთია მანიპულაციურად შეერთებული და მათი მსგავსად გავრცელება მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და აფიქრებინეს, რომ მსახიობი ინტერვიუში მის კოლეგების პროტესტს  აკრიტიკებს და „სექტის წევრებს“ უწოდებს.

მსახიობი გოგა გველესიანი სტუმრად ინგა გრიგოლიას რეაქციაში 13 მარტს იმყოფებოდა და მსახიობების პროტესტთან დაკავშირებით საუბრობდა. ვიდეოს სრულ მონაკვეთში გველესიანი ამბობს: (იხილეთ ბმულზე 39:55 წუთიდან) „მე მინდა იმ ადამიანებს, იმ ჩემს კოლეგებს და არა კოლეგებს გავცე პასუხი, ვინც მოგვიწოდებს, რომ სცენიდან უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. დიახ, მეგობრებო, სცენიდან უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და სცენიდან გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. უბრალოდ, პრობლემა არის ერთ რამეში, როდესაც უშუალოდ ჩემი თეატრის მსახიობი არის დაჭერილი, მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს სპექტაკლი ვითამაშო (…) მსახიობი თუ ცოცხალია, ცოცხალია იმით, როდესაც ის დგას სცენაზე  და თავის სატკივარს და სათქმელს ამბობს. აცინებს მაყურებელს თუ აფიქრებს. ამიტომ ჩვენ, ესეც გამოცლილი გვაქვს, დაგვადუმეს ყველანაირად. რა პროტესტზეა საუბარი, რომელ პროტესტზე, რომ დაიწყოს სპექტაკლი „თავისუფლება ანდროს“ და დასრულდეს „თავისუფლება ანდროს“. ეს ხო არის აბსურდია აბსოლუტურად. ზოგადად, ახლა ისიც მინდა ვთქვა, ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს, თუ ჩახვედი ფეხი ტროტუარს ქვემოთ გიჭერენ და 5000 ლარით გაჯარიმებენ, როდესაც საშუალოდ ხელფასი წლიური 7500 ლარს არ აღემატება მსახიობის და ესენი გვეთამაშებიან დემოკრატიობანას?”.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოს მეორე ნაწილში ჩასმული ინტერვიუდან სხვა მონაკვეთი, რომელშიც მსახიობი ამბობს: „პირდაპირ დაგცინიან, რომ იკრიბებიანო, როგორც სექტის წევრები ვიკრიბებით და ვიშლებით სახლში რამდენიმე საათში“. რეალურად, ამ მონაკვეთში მსახიობი ხელისუფლების ნარატივზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, რუსთაველზე დემონსტრანტები ყოველდღიურად „რიტუალივით“ აწყობენ, გადაკეტავენ რუსთაველს და შემდეგ სახლებში მიდიან: (იხილეთ ბმულზე 44:30 წუთიდან): „ჩვენი დიდი შეცდომა იცით, სად მოხდა? სად დავუშვით ყველამ ჩვენ და რაზე ვაგებთ პასუხს, რომ მეორედ როდესაც გავიდა „ქართული ოცნება“, მესამედ არ უნდა დაგვეშვა ეს [გულისხმობს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადებს], ეს არაფრით არ შეიძლება, მაგას მოყვა მეოთხე, ახლა მოჰყვება მეხუთე, უნდათ რომ მოჰყვეს. ახლა ხო, დაგვცინიან, პირდაპირ დაგცინიან, რომ იკრიბებიანო, როგორც სექტის წევრები ვიკრიბებით და ვიშლებით სახლში რამდენიმე საათში. ანუ გვიწვევთ, პატივცემულებო?“.

ამდენად, ვიდეოში ორი სხვადასხვა მონაკვეთია შეერთებული. პირველ მონაკვეთში მსახიობი იმ ხალხს მიმართავს, რომელთა აზრითაც, მსახიობები ახლა პროტესტის ნაცვლად, თავიანთ საქმეს სცენაზე უნდა აკეთებდნენ. მსახიობი აცხადებს, რომ როცა მისი თეატრის მსახიობი ციხეშია, სპექტაკლების ჩატარება და მათი დაწყება ფრაზით „თავისუფლება ანდროს“, არის  „აბსურდი“. მეორე  მონაკვეთში კი გველესიანი „ქართული ოცნების“ რიტორიკას აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებებით ისინი პროტესტის მონაწილეებს დასცინიან. ამდენად, მსახიობი საკუთარ კოლეგებს არ უწოდებს „სექტის წევრებს“, ის ამ მონაკვეთში „ქართული ოცნების“ რიტორიკაზე მიუთითებდა.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]