სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თაზო დათუნაშვილი, კოალიციის „ძლიერი საქართველო“ წევრი, ამბობს: „ამ სოციალურ დახმარებას, ეს ხო სინამდვილეში სოციალური დახმარებაა, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ეს ხო კლასიკური პენსია არის. ეს არის სოციალური განაცემი ერთ-ერთი და ხო დარჩებიან საქართველოში, ჩემი სურვილია გაქრეს ეს პოპულაცია, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება“. Facebook-ანგარიში კი წერს: „არც ერთი პენსიონერის გინება არ აგცდეს თაზო“. ვიდეოს ამგვარი გავრცელება მომხმარებლებში ქმნის წარმოდგენას, რომ პოლიტიკოსმა პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე ისაუბრა. რეალურად, ვიდეო იმ მონაკვეთში წყდება, როცა თაზო დათუნაშვილი განმარტავს, რომ „გაქრობაში“ რეალურად, გაჭირვების დაძლევას და სოციალური დახმარების საჭიროების გაქრობას გულისხმობდა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „კომენტარი“ სტუმრად წინასაარჩევნო პერიოდში, კერძოდ 2024 წლის 9 აგვისტოს იმყოფებოდა. გადაცემაში ის კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებებს შეეხო, რომელიც პენსიას უკავშირდებოდა. ამ მონაკვეთში დათუნაშვილმა სოციალურ დაუცველებზეც ისაუბრა და აღნიშნა (იხილეთ ბმულზე 04:13 წუთიდან): „ამ სოციალურ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ, ეს ხო სინამდვილეში სოციალური დახმარებაა, ეს ხო კლასიკური პენსია არ არის. ეს არის სოციალური განაცემი ერთ-ერთი და ხომ დარჩებიან საქართველოში. ჩემი სურვილია რომ გაქრეს ეს პოპულაცია, რომელსაც სოციალური დახმარება სჭირდება“. ამ მონაკვეთში ჟურნალისტის რეპლიკაზე „გაქრეს კარგი გაგებით“, დათუნაშვილი განმარტავს: „რა თქმა უნდა, გაქრეს იმ თვალსაზრისით, რომ აღარ გვქონდეს ამის საჭიროება და ადამიანებს ასე არ უჭირდეთ“.
ამდენად, თაზო დათუნაშვილის ინტერვიუდან გავრცელებული მონაკვეთი წყდება და დამატებითი ინფორმაციის გარეშე მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, სრულ მონაკვეთში დათუნაშვილი თავად განმარტავს, რომ
„გაქრობაში“ სოციალური დახმარების საჭიროების, შესაბამისად, სიღარიბის, და არა მისი მიმღები პოპულაციის გაქრობას გულისხმობდა.