წლების განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის (HCV) მკურნალობა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. C ჰეპატიტის მკურნალობას არც სახელმწიფო პროგრამები და არც სადაზღვევო სქემები არ აფინანსებდა.
2011 წელს გლობალური ფონდის[i] მხარდაჭერით საქართველოში აივ ინფიცირებული და C ჰეპატიტის კოინფექციის მქონე პაციენტებისთვის უფასო ანტივირუსული მკურნალობა პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით (ორმაგი თერაპია) ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 475 აივ ინფიცირებულმა პაციენტმა მიიღო C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა.
2013 წელს პენიტენციურ სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა დაინერგა. პროგრამის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, სამოქალაქო სექტორიც იყო ჩართული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014-2015 წლებში უფასო მკურნალობა პატიმრობაში მყოფ 400-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.
ორივე პროგრამა ვიწრო ჯგუფებს ეხებოდა, C ჰეპატიტით ინფიცირებული დანარჩენი მოსახლეობისთვის მკურნალობა არ იყო ხელმისაწვდომი, ვინაიდან სადიაგნოსტიკო კვლევები და მკურნალობა დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
2014 წელს C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ მოსახლეობას სამკურნალო მედიკამენტებზე 60%-იანი ფასდაკლება შესთავაზა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში დაახლოებით 850-მა პირმა იმკურნალა. თუმცა არ ფინანსდებოდა წინასადიაგნოსტიკო კვლევები, ასევე C ჰეპატიტის მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა კვლავ საკმაოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ქვეყანაში C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩებოდა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
2015 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ჩატარებული C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის მიხედვით, საქართველოში С ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა მოზრდილი მოსახლეობის 7,7%-ს, ხოლო აქტიური დაავადება – 5,4%-ს ჰქონდა. შესაბამისად, დაახლოებით 150 000 ადამიანს, C ჰეპატიტის აქტიური ფორმა ჰქონდა, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა.
2015 წელს, საერთაშორისო პარტნიორების აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) – აქტიური მხარდაჭერით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა ამოქმედდა. საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო ქვეყანა.
ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2013 წელს C ჰეპატიტის მკურნალობის მხრივ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გარღვევა მოხდა და აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა ეტიოტროპული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი (DAA) – სოფოსბუვირი, პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული ფარმაცევტულ კომპანია – Gilead იყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის უწყებებმა მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. შედეგად, 2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და Gilead-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. C ჰეპატიტის პროგრამის პირველ ეტაპზე კომპანია Gilead-მა საქართველოს უფასოდ გადასცა დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტი – სოფოსბუვირი. 2016 წლიდან, უკვე პროგრამის მეორე ეტაპზე, Gilead საქართველოს ახალი პრეპარატით – ჰარვონით ამარაგებს. ეს არის ორი პრეპარატის – სოფოსბუვირის და ანტივირუსული პრეპარატის ლედიპასვირის კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
ქვეყნის მცირე მასშტაბი და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის შეირჩა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა გახდება და ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში უდიდესი მიღწევა იქნება.
კომპანია Gilead-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ხუთმილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისათვის [აქ იგულისხმება, რომ საქართველო გახდება საჩვენებელი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდა]. საქართველოში მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ამ მიმართულებით ჩადებულ ინვესტიციას ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა შეუძლია“.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგად, ქვეყანაში დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდა და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად გრძელდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორობა არ მოიცავს მხოლოდ მედიკამენტების უსასყიდლოდ მიღებას. საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ ელიმინაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გაკეთდეს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგები
C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავდა: აქტიური C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირებას/გამოვლენას, რაც დაახლოებით 135 000 ადამიანს შეესაბამება; ქრონიკული ც ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (დაახლოებით 128 250 ადამიანის) მკურნალობას; ნამკურნალებ პირთა 95%-ის (დაახლოებით 122 000 ადამიანის) განკურნებას. საბოლოო მიზანი ქვეყანაში ც ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირება იყო.
C ჰეპატიტის პროგრამის მიღწეული შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) შეაფასა და „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. 2015-2021 წლებში აქტიური HCV ინფექცია 95,711 პირს დაუდასტურდა. მკურნალობა დაიწყო 76,644-მა ადამიანმა. დადასტურებულად ( SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან განიკურნა 53,815 პირი. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 99%-ია.
მიღწეული პროგრესი ცალსახად მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელს (0.5%-მდე შემცირება) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 2020 წლის შემდეგაც, საერთაშორისო პარტნიორების და Gilead-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, 2025 წლის ჩათვლით, უწყვეტად გაგრძელდა.
2023 წლის 31 იანვრის მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან საქართველოს 2.6 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე, საიდანაც 156,174 აღმოჩნდა anti-HCV დადებითი, მათგან 128,928 პირს (86.3%) ჩაუტარდა ტესტირება აქტიური ვირუსის არსებობაზე და გამოვლინდა 101,064 (78.4%) აქტიური ინფექციის შემთხვევა. გამოვლენილი აქტიური ინფექციით დაავადებულ პირთაგან 81,184 (84.7%) ჩაერთო C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობაში. C ჰეპატიტისგან განიკურნა 56,722 პირი (იხილეთ დიაგრამა 1).
დიაგრამა 1: C ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის კასკადი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისი, 2015 – 31 იანვარი, 2023
წყარო: საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია
C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე მთელი რიგი ბარიერები არსებობდა, რაც პროგრამაში მოსახლეობის ჩართვას აფერხებდა. მაგალითად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა. ჯანდაცვის სამინისტრომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაფართოება მხოლოდ 2018 წელს დაიწყო. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა არ დგას. ასევე, პროგრამის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ფინანსური ბარიერი – პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, პირველ ეტაპზე, არ ფინანსდებოდა. ფინანსური ბარიერი პროგრამის ამოქმედებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიხსნა და 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო სამედიცინო კვლევებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
C ჰეპატიტის (მისი გავრცელებისა და დაავადების რისკების), ასევე ელიმინაციის პროგრამის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობა დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება. CDC-ის ანგარიშის მიხედვით, „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის მიუხედავად, C ჰეპატიტის ვირუსზე ცნობიერების დონე შემცირდა (73%-2015 წელს და 66.1%-2021 წელს)“.
ამრიგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების მიუხედავად, 2020 წლისთვის განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად გრძელდება. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში Gilead საქართველოს უახლესი თაობის ძვირადღირებულ ანტივირუსულ პრეპარატებს უფასოდ აწვდის, რაც არსებული შეთანხმებით 2026 წლამდე გაგრძელდება. პროგრამით სარგებლობა აქტიური C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამასთან, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.
[i] გლობალური ფონდი (Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიას წინააღმდეგ ბრძოლას მთელს მსოფლიოში. 2003 წლიდან გლობალური ფონდი საქართველოში აღნიშნული დააავადებების საწინააღმდეგო/სამკურნალო პროგრამებს აფინანსებს.