Home » ბექა ლილუაშვილი: ჯინის კოეფიციენტი, უთანასწორობას რაც აჩვენებს, ოფიციალურად გაზრდილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
გადამოწმებული ფაქტები ნახევრად სიმართლე

ბექა ლილუაშვილი: ჯინის კოეფიციენტი, უთანასწორობას რაც აჩვენებს, ოფიციალურად გაზრდილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

ბექა ლილუაშვილი: ჯინის კოეფიციენტი, უთანასწორობას რაც აჩვენებს, ოფიციალურად გაზრდილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ჯინის კოეფიციენტი (ინდექსი)სტატისტიკაში სოციალური უთანასწორობის საზომად გამოიყენება.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ჯინის კოეფიციენტი  (მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით)  წინა წელთან შედარებით მცირედით (0.02 პუნქტით) გაიზარდა და 0.36 შეადგინა, რითაც 2020 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.  რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებელს,   2020-2021 წლებში ჯინის კოეფიციენტი 0.37-დან 0.34-მდე შემცირდა, 2022 წელს კი ჯინის კოეფიციენტი არ შეცვლილა.

ბოლო წლებში საქართველოში სოციალური უთანასწორობის გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება, მეტიც, 2023 წელს ჯინის კოეფიციენტი მცირედით გაუარესდა კიდეც.  თუმცა მტკიცება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯინის კოეფიციენტი გაიზრდა, გადაჭარაბებულია. რეალურად, ბოლო წლებში ზრდა მხოლოდ 2023 წელს დაფიქსირდა და ისიც მცირედით.

ამრიგად, „ჯეოფაქტსი“ ბექა ლილუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით – ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

„TV პირველის“ ეთერში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა სოციალურ უთანასწორობაზე და სიღარიბეზე, მისი მტკიცებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა რიგით ადამიანებზე არ ასახულა.  „ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ჯინის კოეფიციენტი რომ აიღოთ, უთანასწორობას რაც აჩვენებს, ოფიციალურად, დეკლარირებულად  გაზრდილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.   ე. ი. სოციალური უთანასწორობა ადამიანებში კიდევ უფრო გაღრმავებულია, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაგვეძლია სიღარიბე, რეალურად დაგვეძლია და არა სამასლარიანი ხელოვნურად შექმნილი სამსახურებით…“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„ჯეოფაქტსმა“ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა და სოციალური უთანასწორობისა და  სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული ტენდენციები გაანალიზა.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ჯინის კოეფიციენტი (ინდექსი) ფართოდ გამოიყენება სტატისტიკაში სოციალური უთანასწორობის, კერძოდ მოსახლეობის შემოსავლების და ხარჯების უთანაბრობის საზომად. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-ის ჩათვლით მნიშვნელობას იღებს. რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა. მაგალითად, თუ ყველას მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი იქნება 0-თან ახლოს, ხოლო როდესაც მოსახლეობაში ბევრია დაბალი შემოსავლის მქონე და ცოტაა ძალიან მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მიუახლოვდება 1-ს.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ჯინის კოეფიციენტმა 0.36 შეადგინა. მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, ჯინის კოეფიციენტი 2021-2022 წლებთან შედარებით, მცირედით გაიზარდა და 2020 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, 2019-2023 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის შესაფასებლად, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები ასევე განვიხილეთ. ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების (სამომხმარებლო ხარჯების) 60%-ზე და 40%-ზე ნაკლებს.

2023 წლის მონაცემებით, მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 19.8% შეადგინა,  რაც წინა წელთან  შედარებით უმნიშვნელოდ, 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაუარესდა.

მოსახლეობის 7.4% კი მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ ცხოვრობს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება. (იხილეთ გრაფიკი 2).

ამრიგად, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სოციალური უთანასწორობისა და სიღარიბის შემცირების მხრივ მნიშვნელოვნი პროგრესი არ გვაქვს, პირიქით, რიგ შემთხვევაში გაუარესებაც კი შეინიშნება.

გრაფიკი 2: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლებს. 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 11.8% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ბოლო წლებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 3). აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. გრძელვადიან პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალურმა დახმარებებმა. მოსახლეობის მაღალი წილი აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და ა.შ.] აღწევს თავს, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად – ზოგად სიღარიბეში.

გრაფიკი 3: აბსოლუტური სიღარიბე

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღებია. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდას და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან  თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

გრაფიკი 4: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან (დეკემბერი)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ამრიგად, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყანას სიღარიბისა და სოციალური უთანასწორების შემცირების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი არ განუცდია, მეტიც, რიგ შემთხვევაში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი გაუარესდა კიდეც. რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებლებს, უკიდურესი, ანუ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ამაზე დიდწილად გავლენა სოციალურმა დახმარებებმა იქონია. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც ამ გზით დააღწია თავი უკიდურეს გაჭირვებას, კვლავ  მოწყვლად ჯგუფად და ზოგად სიღარიბეში რჩებიან.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]