Home » დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი ქართველი“ პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იტალიის პრემიერმა ზელენსკისთან გადაღებული ყველა ფოტო მას შემდეგ წაშალა, რაც  28 თებერვალს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „მელონისა და ზელენსკის ფოტოები არ იძებნება იტალიის პრემიერის არც Facebook და არც X-ის გვერდებზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სამი დღის წინ შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მელონი არის მსოფლიოში მეორე ლიდერი, რომელმაც ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები წაშალა. პირველი იყო არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი. არგენტინის ლიდერმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 თებერვალს თეთრის სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული მტკიცება ტყუილია, ჯორჯა მელონის ოფიციალურ ანგარიშებზე ზელენსკისთან გადაღებული ფოტო და უკრაინის მხარდამჭერი პოსტები ისევ ხელმისაწვდომია.

 

მტკიცება იტალიაშიც ფართოდ გავრცელდა, რასაც იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები Pagella Politica და Facta გამოეხმაურნენ.

ინფორმაცია, რომ მელონიმ ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები წაშალა X-ანგარიშის „Sprinter Observer-ის“ მიერ 5 მარტს გავრცელდა. „Sprinter Observer”, ანონიმური ანგარიშია, რომელიც ფრანგული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP-ის მიხედვით დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს (იხ. AFP-ის სტატიები 123). ანგარიშის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სტატია „ჯეოფაქტსაც“ დაუწერია.

აღსანიშნავია, რომ ფოტოების წაშლასთან დაკავშირებულ მტკიცებას იტალიის მინისტრთა საბჭო პრესრელიზში გამოეხმაურა. საბჭოს თქმით, მტკიცება სრულიად უსაფუძვლოა. პრესრელიზში ვკითხულობთ,  რომ პრემიერსა  და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრები ძირითადად  საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე  და არა  მელონის პირადი სოციალურ ქსელების გამოყენებით ვრცელდება. ზელენსკისა და ჯორჯა მელონის ბოლო, 2 მარტის შეხვედრის კადრებიც საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა ისიც, რომ ჯორჯა მელონის X-ანგარიშზე ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები ხელმისაწვდომია.

ფოტო მელონის X-ანგარიშიდან

 

ფოტო მელონის X-ანგარიშიდან

 მის ანგარიშებზე ასევე კვლავ ხელმისაწვდომია უკრაინის მხარდამჭერი პოსტებიც (1, 2).

ამდენად, მტკიცება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელებში ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები წაშალა, ტყუილია.

ცნობისთვის,  28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში შელაპარაკების შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვისკენ მოუწოდა, „დღევანდელობის დიდი გამოწვევები, დაწყებული უკრაინით“ განხილვისათვის. ამის შემდეგ კი  2 მარტს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდა.

7 მარტს ჯორჯა მელონიმ განაცხადა,  რომ ევროპამ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე უფრო მდგრად გადაწყვეტილებებზე უნდა იფიქროს. „ნატოს მე-5 მუხლის – კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების – გავრცელება უკრაინაზეც ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. ეს განსხვავდება ნატოში გაწევრიანებისგან, მაგრამ გულისხმობს იმ დაცვის გავრცელებას, რომელიც ნატოს ქვეყნებს აქვთ, უკრაინაზეც“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]