Home » სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს

2025 წლის 28 თებერვალს თეთრ სახლში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა „მინერალების შეთანხმებაზე“ ხელმოსაწერად შედგა, თუმცა ამ მომენტამდე შეხვედრა ვერ მივიდა, რადგან მედიის წინ გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს შორის შელაპარაკება მოხდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კომენტარზე, რომ „მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა შეიძლება დიპლომატიაშია“, პრეზიდენტმა ზელენსკიმ წლების მანძილზე პუტინთან დადებული ის დიპლომატიური შეთანხმებები გაიხსენა, რომლებიც მან არ შეასრულა. თეთრ სახლში  შელაპარაკება სწორედ ამას მოჰყვა.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ზე მასშტაბურად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ვიდეოოპერატორი, რომელიც ტირის (დაარქივებული ბმული). Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, ვიდეოში ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინელი ოპერატორის ემოციები ჩანს.

სინამდვილეში, ვიდეო 9 წლის წინ არის გადაღებული და ის თურქული სატელევიზიო გადაცემიდანაა ამოღებული. კერძოდ, 2016 წლის 11 იანვარს სატელევიზიო გადაცემის „Sen Olsan Ne Yapardın?“ (რას გააკეთებდი შენ?) Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს სოციალური ექსპერიმენტი. ამ გადაცემაში ხელოვნურად ქმნიდნენ ინციდენტებს, რათა ენახათ მოქალაქეების რეაქცია და ქმედებები ამა თუ იმ სიტუაციაში. 2016 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მსახიობი, რომელიც უსახლკარო ადამიანის როლს თამაშობს, რომელსაც მაღაზიაში უხეშად და არაჰუმანურად ექცევიან.

სწორედ ამ ვიდეოებში ჩანს ოპერატორი, რომელიც დადგმულ ინციდენტს იღებს და ემოციური ვითარების გამო, ტირილს იწყებს. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ მცდარ ვიდეოში, სწორედ ეს მონაკვეთი ჩანს.

Youtube-ზე გამოქვეყნებულ გადაცემის ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ერთი ქალის რეაქციამ, რომელმაც უსახლკარო პერსონაჟის გამოცდილების მიმართ სენსიტიურობა გამოავლინა, ოპერატორიც კი აატირა, რომელმაც იცოდა, რომ ინციდენტი დადგმული იყო.

ფოტო: YouTube-ზე გამოქვეყნებული გადაცემის აღწერა

ამდენად, ვიდეო, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომლის მტკიცებით ატირებული ჟურნალისტი უკრაინელია, მცდარია. ვიდეო, სინამდვილეში, აღებულია 2016 წლის 11 იანვარს გამოქვეყნებული თურქული გადაცემიდან, სადაც ოპერატორის ატირება დადგმული ექსპერიმენტის ემოციურობამ განაპირობა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]