Home » სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ბრიტანეთში მუსლიმების შესახებ მცდარი მტკიცებები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Dato Faika Ncvlishvili” გაერთიანებულ სამეფოში მუსლიმებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტში ჩამოთვლილია „ფაქტები“ ბრიტანეთზე: „ლონდონის მერი მუსლიმია. ბირმინგემის მერი მუსლიმია. ლიდსის მერი მუსლიმია. ბლექბერნის მერი მუსლიმია. შეფილდის მერი მუსლიმია. ოქსფორდის მერი მუსლიმია. ლუტონის მერი მუსლიმია. ოლდჰემის მერი მუსლიმია. როჩდეილის მერი მუსლიმია. და ამ ყველაფერს 66 მილიონიან ინგლისში 4 მილიონმა მუსლიმმა მიაღწია: დღეს ინგლისში 3000-ზე მეტი მეჩეთია. მოქმედებს შარიათის 130-ზე მეტი სასამართლო. მოქმედებს შარიათის 50-ზე მეტი საბჭო. მუსლიმი ქალების 78% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას + უფასო საცხოვრებელს. მუსლიმი მამაკაცების 63% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას + უფასო საცხოვრებელს. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მუსლიმი 6-8 ბავშვიანი ოჯახები იღებენ უფასო საცხოვრებელს. ახლა დიდი ბრიტანეთის ყველა სკოლას მოეთხოვება ისლამის გაკვეთილების სწავლება“. რეალურად, პოსტში წარმოდგენილი მტკიცებების უმეტესობა მცდარი ან შეცდომაში შემყვანია.

 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის პოსტები უკვე რამდენიმე წელია, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია,  მათ შორის, Reuters; FullFact და logically Facts, გამოეხმაურა.

მტკიცება 1: ლონდონის, ბირმინგემის, ლიდსის, ბლექბერნის, შეფილდის, ოქსფორდის, ლუტონის, ოლდჰემისა და როჩდეილის მერები მუსლიმები არიან

გაერთიანებული სამეფოს მერების არჩევნები გასული წლის მაისში ჩატარდა. ზოგადად, ინგლისსა და უელსში მერის ორი განსხვავებული ტიპი არსებობს – პირდაპირ არჩეული (directly elected) და სამოქალაქო (civic or lord mayors).  უშუალოდ არჩეული მერები, რომლებიც შემოღებულ იქნა 2000 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტით, აირჩევიან ხალხის მიერ და აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სამოქალაქო მერები  კი ასრულებენ საზეიმო მოვალეობებს.  პირდაპირი წესით არჩეული მერებისგან განსხვავებით, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს საკრებულოს საქმეებთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის თანახმად, ისინი, როგორც წესი, ერთი წლის ვადით აირჩევიან. ასე მაგალითად, მარშალ კატუნგი ლიდსის ლორდ მერია, მის პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გაცნობისას ვკითხულობთ, რომ „ლორდი მერი ასრულებს საზეიმო, დიპლომატიური როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ან ოლქის საკითხებში თანამდებობაზე ყოფნის დროს. ისინი არ არიან არჩეული მერები და ამიტომ არ აქვთ გავლენა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღებაზე“.

პოსტში ნახსენები მერებიდან ერთადერთი ლონდონის მერი, სადიქ ხანი არის პირდაპირ არჩეული მერი. ლონდონის მერი სადიქ ხანი მუსლიმია და ისტორიული მესამე ვადით აირჩიეს ბოლო არჩევნებში.  პოსტში ჩამოთვლილი ოლქებიდან არც ერთს (გარდა ლონდონისა) არ ჰყავს  არჩეული მერი, შესაბამისად, პოსტში ჩამონათვალი მოიცავს სამოქალაქო მერებს, რომლებსაც, როგორც აღინიშნა, მცირე რეალური ძალაუფლება აქვთ. ასე მაგალითად, ბირმინგემის ოლქს მართვას  ვესტ მიდლენდის მერი, რომელზეც ცოტა ხნის წინ აირჩიეს რიჩარდ პარკერი. ანალოგიურად, არ არსებობს ლიდსის არჩეული მერის თანამდებობა, ოლქს ხელმძღვანელობს  დასავლეთ იორკშირის მერი, პოსტზე გასულ წელს ტრეისი ბრაბინი ხელახლა აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ისინი მუსლიმები არ არიან.

დამატებით, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მუსლიმი მერების არჩევას „66 მილიონიან ინგლისში 4 მილიონმა მუსლიმმა მიაღწია“. აღნიშნული მტკიცება ასევე მცდარია. კერძოდ, რიცხვი, 66 მილიონი, არის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა და არა ინგლისის. ინგლისში  57 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უახლესი, 2021 წლის  აღწერით, ინგლისსა და უელსში 3,9 მილიონი მუსლიმია.

მტკიცება 2: დღეს ინგლისში 3000-ზე მეტი მეჩეთია

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური რეესტრი ინგლისში მეჩეთების რაოდენობის შესახებ, აღნიშნული სტატისტიკა რამდენიმე ორგანიზაციის  ვებგვერდზე შეიძლება მოიძებნოს. ასე მაგალითად, მეჩეთებისა და მუსლიმური სალოცავი ადგილების სამმართველოს  მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 2025  წლის თებერვლის მდგომარეობით, მუსლიმური სალოცავების რაოდენობა 2169 იყო. მონაცემის დიდი ნაწილი მოიცავს მეჩეთებს,  დანარჩენი კი წარმოადგენს სალოცავ ოთახებს, დაქირავებულ დარბაზებსა და სხვ.

მტკიცება 3: ბრიტანეთში 130-ზე მეტი „შარიათის სასამართლო“ და 50-ზე მეტი „შარიათის საბჭო“ მოქმედებს

2018 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმოხილვის მიხედვით, შარიათის საბჭოები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სასამართლოები, წარმოადგენს  ფორმალურ სასამართლოებს და „არ აქვთ იურიდიული სტატუსი და იურიდიული უფლებამოსილება“.  იმავე მიმოხილვამ დაადგინა, რომ ასეთი საბჭოების რაოდენობა ინგლისსა და უელსში 30-დან 85-მდე იყო, შოტლანდიაში კი არც ერთი.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ არ არსებობს მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შარიათის საბჭო, მაგრამ ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც  „მკვლევართა ნებაყოფლობითი ადგილობრივი გაერთიანება, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან ან თავიანთი თემების მიერ თავს  მიიჩნევენ უფლებამოსილებად, რჩევები მისცენ მუსლიმებს, ძირითადად, რელიგიური ქორწინებისა და განქორწინების სფეროში“. მიმოხილვის მიხედვით, შარიათის საბჭოების ირგვლივ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები ხშირად არასწორი ტერმინების გამოყენების გამო იქმნება, როგორიცაა მათი მოხსენიება, როგორც „სასამართლოებად“ და მათი წევრების – „მოსამართლეებად“.

მტკიცება 4: მუსლიმი ქალების 78% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას + უფასო საცხოვრებელს. ხოლო, მუსლიმი მამაკაცების 63% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას + უფასო საცხოვრებელს

მტკიცებები, რომ მუსლიმი ქალების 78% და მუსლიმი მამაკაცის 63% არის უმუშევარი, იღებს შეღავათებს და უფასო საცხოვრებელს, მცდარია, რადგან არ შეესაბამება მთავრობის ოფიციალურ მონაცემებს.

ინგლისისა და უელსის 2021 წლის ოფიციალური აღწერის თანახმად, მუსლიმ ქალთა 37 პროცენტი  და მამაკაცების 60 პროცენტი არის დასაქმებული. ამავდროულად,  მამრობითი სქესის 12,4 პროცენტი და მუსლიმ ქალთა 13,2 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიური იყო, რადგან იყვნენ სტუდენტები.

2022 წლის ივნისის მონაცემებით, 16 წლის ზემოთ ასაკის  მუსლიმების მხოლოდ 6% იყო უმუშევარი და 38% ეკონომიკურად არააქტიური (რაც ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დასაქმებულები, არ ეძებენ სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და არ შეუძლიათ მუშაობა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში). ეს რიცხვი შეიძლება მოიცავდეს მათ, ვინც სწავლობს, პენსიას იღებს და ან  ოჯახს უვლის.

რაც შეეხება საცხოვრებელს, 2021 წლის აღწერის მიხედვით, მუსლიმთა 46 პროცენტი ფლობს სახლს ან პირდაპირ ან იპოთეკით. გარდა ამისა, იდენტიფიცირებული მუსლიმების 27 პროცენტი ცხოვრობდა „სოციალური ქირით“  საცხოვრებელში (ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, რომელშიც  უფრო დაბალ ქირას იხდიან და  განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ღია ბაზარზე ბინის ყიდვა ან დაქირავება).

მტკიცება 5:  ბრიტანეთში ყველა სკოლას მოეთხოვება ისლამის გაკვეთილების სწავლება

ზოგადად, ბრიტანეთში რელიგიური განათლება სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო საგანია, მის სილაბუსს ადგილობრივი საბჭოები წყვეტს და, როგორც წესი, მოიცავს გაერთიანებული სამეფოში გავრცელებულ ყველა ძირითად რელიგიას, თუმცა აკადემიებსა და  სკოლებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი სილაბუსი.

„მთავრობა არ აკონკრეტებს რელიგიური განათლების შინაარსს, რა უნდა ისწავლებოდეს, როგორც მისი ნაწილი, ან როგორ უნდა მოხდეს მისი მიწოდება“, – განუმარტა Reuters განათლების დეპარტამენტის სპიკერმა.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ „რელიგიური  განათლება“, სავალდებულო საგანია, მშობლებს შეუძლიათ განაცხადონ უარი, მათი შვილების ამ საგანზე დასწრებაზე.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტოს  მარჯვენა კუთხეში, დართული აქვს წარწერა „Grok xAI”, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფოტო, რომელზეც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და მეფე ჩარლზ III ისლამური რელიგიური სამოსი აცვიათ და ლოცულობენ,  შეიქმნა ან დამუშავდა Grok xAI-ის, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს გამოყენებით.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]