4 მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი გამოაცხადებდა სამხედრო გაწვევას იმ ადამიანებისთვის, ვისაც Facebook-პროფილზე უკრაინის დროშა ჰქონდა ატვირთული. აღნიშნული ინფორმაცია X-ის ანგარიშის „The Babylon Bee“ პოსტზე დაყრდნობით გავრცელდა.
სინამდვილეში, „The Babylon Bee“, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველმა დაწერა, ამერიკული სატირული ვებგვერდია. გვერდის აღწერაში წერია, რომ ისინი სატირულ ინფორმაციებს პოლიტიკურ საკითხებზეც წერენ.
X ანგარიშზე კი „The Babylon Bee-ს“ პირდაპირ აქვს იუმორისტული მინიშნება იმაზე, რომ მათ მიერ დაწერილი ინფორმაციები ყალბია. ”ყალბი ამბები, რომლებსაც შეგიძლია, ენდო“ (Fake news You can trust).
დამატებით, ინფორმაცია რომ დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების სამხედრო მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა, ვისაც სოციალური ქსელის ანგარიშებში უკრაინის დროშა ეყენათ, საძიებო სისტემებში ან სანდო და ავტორიტეტულ მედიებში არ იძებნება.
„The Babylon Bee-ს“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ინფორმაცია 2025 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა. ამ დღეს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social უკრაინის შესახებ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მათ შორის აღნიშნა, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც პუტინის რუსეთისთვის უკრაინის მიწის არცერთი ნაწილი არ მიუცია. ამ დღეს მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი განცხადებისთვის, რომელშიც ის რუსეთთან ომის დასრულებას ძალიან შორეულს უწოდებდა, თუმცა განცხადება, რომ სოციალურ ქსელში უკრაინის დროშის გამოსახულების მქონე ადამიანების სავალდებულო სამხედრო გაწვევას დაიწყებს, არც აქაა გამოქვეყნებული.
დამატებით, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ მას ნამდვილად არ სჭირდებოდა ასეთი ჯარები და თქვა, რომ მას ურჩევნია ჰყავდეს ეს ხორციანი ბიჭები არმიის ახალი რეკლამებიდან“. თუმცა საჯარო წყაროებში ასევე არ იძებნება რაიმე ინფორმაცია, რომელიც ზელენსკის ამ განცხადების დაადასტურებდა.
შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ტრამპი ყველა იმ ადამიანის სამხედრო გაწვევას გამოაცხადებს, ვისაც Facebook-ის პროფილზე უკრაინის დროშა ეყენა, ყალბია და ის სატირულმა წყარომ გაავრცელა. ინფორმაცია არც მედიებსა და სხვა სანდო წყაროებში დასტურდება.