Home » მამუკა მდინარაძის მტკიცების საპირისპიროდ, საჯარო წყაროებში არ იძებნება, რომ სოფელ ნინოშვილში [106 წლის] ქალის გარდაცვალება დიდთოვლობისთვის დაეკავშირებინათ
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

მამუკა მდინარაძის მტკიცების საპირისპიროდ, საჯარო წყაროებში არ იძებნება, რომ სოფელ ნინოშვილში [106 წლის] ქალის გარდაცვალება დიდთოვლობისთვის დაეკავშირებინათ

2025 წლის 25 თებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, 106 წლის ქალის გარდაცვალებას სტიქიას მიაწერენ, რათა მოსახლეობაში პანიკა შექმნან.

„ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად იყო გამოწვეული [გარდაცვალება]. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე – ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ [ხალხს]. მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ“, – აღნიშნული იყო მამუკა მდინარაძის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ დაახლოებით 2 საათში სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ მიმართვა გამოაქვეყნა. „იმედინიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მიმაგრებულია ვიდეოც, სადაც გურგენიძე აღნიშნავს: „მთელ საქართველოში და განსაკუთრებით გურიის რეგიონში ძალიან ძლიერი სტიქია მძვინვარებს. ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციასა და მათ მედიებს დრო რჩებათ იმისთვის, რომ მოიფიქრონ და გაავრცელონ ბინძური ტყუილი. კერძოდ, საუბარი მაქვს ახლა ჩემს დიდ ბებიაზე, რომელიც 107 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე ავადმყოფობდა. ძალიან უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია“. აღნიშნული მიმართვა კოორდინირებულად გაავრცელეს სხვა პროსახელისუფლებო გამოცემებმაც ნიუსჰაბი, ინფო9.

2025 წლის 26 თებერვალს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გურიაში ჩასული ერთ-ერთი მოხალისე, გიორგი გახელაძე, საუბრობს გურიაში, სოფელ ნინოშვილში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ასევე აღნიშნავს 106 წლის გარდაცვლილ ქალბატონზე. „მივადექით იმ სახლს, სადაც უკვე მეხუთე დღეა 106 წლის ქალბატონი გარდაცვლილია და გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ ოჯახის წევრები. ვნახეთ, შეგვხვდნენ და ვერც ფეხით გადაადგილდებიან და ვერც მიცვალებულს კრძალავენ და რთულ პირობებში არიან ძალიან. რა თქმა უნდა დახმარება სჭირდებათ, გაყვანა უნდათ მიცვალებულის, ჩვენ ფიზიკურად ვერ დავეხმარებით მაგაში. არ ვიცი, ალბათ, ვერტმფრენია საჭირო“ – ისმის ჩანაწერში.

გიორგი გახელაძეს 27 თებერვალს „ჯეოფაქტსიც“ დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახში ორი დღის წინ იმყოფებოდა და ამ დროს ქალბატონი უკვე 5 დღის გარდაცვალებული იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ოჯახი მას გარდაცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ ესაუბრა.

ამდენად, სოფელ ნინოშვილში რამდენიმე დღის წინ 106 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დასტურდება. გამორიცხული არაა, რომ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვინმეს დაეწერა კიდეც და ამაში ბრალი დიდთოვლობის პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული პოლიტიკისთვის დაედოთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მედიებსა და სოციალურ ქსელში შექმნილ დიდ ჯგუფებში მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, მით უმეტეს, კოორდინირებულად და მასშტაბურად გავრცელებული, არ იძებნება.

25 თებერვალს მედიაში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში დიდთოვლობის პერიოდში რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია:

  • IPN-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ დაღუპულია ადგილობრივი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და ნგრევას ემსხვერპლა. კონჭკათში დაღუპული მამაკაცი „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათთვის ერთადერთი დადასტურებული შემთხვევაა, რომელიც პირდაპირ დიდთოვლობას უკავშირდება;
  • ასევე გავრცელდა ინფორმაცია გურიის სოფელ ჯაფარეულში ქალის, ნონა კვაჭანტირაძის, გარდაცვალების შესახებაც, რომელიც 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა. „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა. ადგილობრივები გზას გაუკვალავად ახასიათებენ, რასაც მერია არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გარდაცვალებას სტიქიასთან კავშირი არ ჰქონია.
  • გამოცემა „აჭარა თაიმსის“ ცნობით კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული, დაღუპული მამაკაცი იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების გარემოებების მოკვლევა, ქობულეთის მერის მიხედვით, მიმდინარეა. „რადიო თავისუფლება“ საკითხის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ცდილობდა.

მამუკა მდინარაძის მტკიცების საპირისპიროდ ინფორმაცია, რომ სოფელ ნინოშვილში ადამიანის (106 წლის ქალის) გარდაცვალებას სტიქიას ან მთავრობას აბრალებდნენ არ იძებნება არც სოციალური ქსელის იმ ჯგუფებში, რომლებიც მოხალისეებმა სპეციალურად გურიაში არსებულ დიდთოვლობაზე საპასუხოდ შექმნეს.

მაგალითად, ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ სოფელ ნინოშვილის შესახებ რამდენიმე პოსტი იძებნება (1, 2, 3, 4). თუმცა არცერთი მათგანი არ შეიცავს იმ ინფორმაციას, რასაც მამუკა მდინარაძე აცხადებს და რომლის მიხედვითაც, 106 წლის ქალის გარდაცვალებას სტიქიას მიაწერენ, რათა მოსახლეობაში პანიკა შექმნან.

Google-ის საძიებო სისტემაში კი „სოფელ ნინოშვილში გარდაცვალებასთან“ დაკავშირებით ძებნისას, მამუკა მდინარაძისა და შორენა გურგენიძის განცხადებებთან ერთად ისევ „რადიო თავისუფლების“ ინფორმაცია იძებნება, სადაც გურიაში წასული მოხალისეები 106 წლის გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახში მისვლის შესახებ საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ არც ამ სტატიაშია მოცემული ის ინფორმაცია, რასაც მამუკა მდინარაძე აცხადებს. მოხალისეები არა სტიქიის გამო ადამიანის გარდაცვალებაზე, არამედ სტიქიის გამო მისი დაკრძალვის რთულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამდენად, მამუკა მდინარაძის განცხადება ქმნის შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მიზანმიმართულად ამძიმებენ გურიაში არსებულ ვითარებას. მისი მტკიცების საპირისპიროდ, „ჯეოფაქტსმა“ სოფელ ნინოშვილში ადამიანის გარდაცვალების სტიქიასთან კავშირზე ცნობებს ვერც მედიაში და ვერც სოციალურ ქსელში მიაკვლია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]