Home » სოციალურ ქსელში თეთრი სახლის პრეს-მდივნის ოლაფ შოლცისადმი მიმართვა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში თეთრი სახლის პრეს-მდივნის ოლაფ შოლცისადმი მიმართვა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას (1, 2, 3), თითქოს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კაროლინ ლივიტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბუნდესკანცლერო, ფრთხილად იყავით თქვენს სიტყვებთან. ერთადერთი ადგილი, რომელსაც გერმანია იმსახურებს ამ მოლაპარაკებებში – მსჯავრდებულთა სკამია“. მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდში ვხედავთ, რომ თითქოს აღნიშნული სიტყვებით ლივიტმა შოლცს საკუთარი Instagram-გვერდის საშუალებით კანცლერის ოფიციალური ანგარიშის „მონიშვნით“ მიმართა. რეალურად, ინფორმაცია ყალბია და თეთრი სახლის პრეს-მდივნის მსგავსი მიმართვა კანცლერისადმი არ დასტურდება.

2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენული დამოუკიდებლობა რუსეთთან სამომავლო მოლაპარაკებებში გათვალისწინებული უნდა იყოს: „მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინის სუვერენიტეტი იქნება დაცული. შესაბამისად, ზეწოლით ნაკარნახევ მშვიდობას არასოდეს ექნება ჩვენი მხარდაჭერა“. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოანაბეჭდში კანცლერის ეს განცხადებაა გამოტანილი და მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ სწორედ აღნიშნულს უპასუხა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

გავრცელებული ფოტოანაბეჭდის მიხედვით, კაროლინ ლივიტმა ოლაფ შოლცს საკუთარი Instagram Story-ს მეშვეობით მიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკანასკნელი 24 საათის შემდეგ იშლება, ამ დროის გასვლის შემდეგ დამოუკიდებლად შეუძლებელია ინსტაგრამ ანგარიშზე იმის შემოწმება, რეალურად, გამოქვეყნდა, თუ – არა მსგავსი განცხადება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ ის ფაქტიც აყენებს, რომ ლივიტის მიმართვა კანცლერისადმი საერთაშორისო სანდო მედიას არ გაუვრცელებია.

გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა გერმანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც, რომელიც პრეს-მდივან ლივიტს დაუკავშირდა. გერმანული პრესის სააგენტოს, DPA-ს ინფორმაციით, კაროლინ ლივიტი მსგავსი განცხადების არსებობას უარყოფს: „მანიპულირებული, ყალბი სურათია. მე არ გამომიქვეყნებია“, – განუცხადა პრეს-მდივანმა გერმანულ პრესის სააგენტოს. დამატებით, ფედერალური მთავრობის პრესსპიკერის მტკიცებით, გერმანიის კანცელარიაში არ შესულა ინფორმაცია ლივიტის მსგავსი განცხადების შესახებ. კერძოდ, „ფედერალური პრესის ოფისის სოციალური მედიის რედაქციას არ შეუმჩნევია [კანცლერის] აღნიშნული მონიშვნა“.

გარდა ამისა, „ჯეოფაქტსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად გერმანიის პრესის სააგენტოს (DPA) ფაქტების გადამმოწმებელ ჯგუფს დაუკავშირდა და დააზუსტა, რომ კაროლინ ლივიტის მსგავსი განცხადება არც სანდო გერმანულ მედიაში არ გავრცელებულა. საპირისპიროდ კი ინფორმაცია პრეს-მდივნის „სთორის“ შესახებ იძებნება ისეთ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, როგორიცაა: News-pravda.

ცნობისთვის, news-pravda Pravda-ს ქსელის ნაწილია. აღნიშნული კი დეზინფორმაციის ქსელს წარმოადგენს, რომლის სახელის ქვეშაც ვებგვერდები ევროკავშირის უკვე 27 ქვეყანაში ოპერირებს. სტატიები Pravda EN და მის მონათესავე ვებგვერდებზე ხშირად პრო-რუსული ტელეგრამ არხებიდან იღებს ინფორმაციას და ერთი და იმავე სტრუქტურით ავრცელებს სხვადასხვა ენაზე. აღსანიშნავია, რომ კოორდინირებული პრო-რუსული პროპაგანდის ქსელი საფრანგეთმა სხვადასხვა ვებგვერდის IP მისამართების მოკვლევით აღმოაჩინა.

უფრო კონკრეტულად, საფრანგეთის ანტი-დეზინფორმაციის სააგენტომ Viginium 2023 წლის დეკემბერში ის მსგავსი მახასიათებლების მქონე საინფორმაციო პორტალები გააანალიზა, რომლებიც პრო-რუსული შინაარსის შემცველ ინფორმაციას სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ავრცელებდნენ. აღნიშნული ქსელის ქოლგის ქვეშ მოქმედი ვებგვერდები ძირითადად ავრცელებენ სამი ტიპის პრო-რუსული წყაროდან აღებულ ინფორმაციებს: რუსი ან პრო-რუსი აქტორების სოციალური მედიის ანგარიშები, რუსული ახალი ამბების სააგენტოები, ლოკალური ინსტიტუციების/აქტორების ოფიციალური ვებგვერდები. ქსელს ფრანგებმა “Portal Kombat” უწოდეს. Viginium-ის კვლევის მიხედვით, ქსელის ქოლგის ქვეშ მოქმედი საინფორმაციო პორტალების მთავარ მიზანს რუსეთ-უკრაინის ომის პოზიტიურ კონტექსტში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჭრილში წარმოჩენას, უკრაინისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას ცდილობს.

ამრიგად, კაროლინ ლივიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]