Home » სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს (1, 2) (დაარქივებული ბმულები 1, 2), რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები არიან გამოსახული. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სავახშმო მაგიდასთან გვერდიგვერდ სხედან და კამერაში იღიმიან. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და სინამდვილეს არ შეესაბამება.

მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

პირველ რიგში, ფოტოზე პრეზიდენტების წინ ვხედავთ ჭურჭლის არაბუნებრივ განთავსებას. მაგალითად, ჭიქაში, რომელშიც მუქი ფერის სასმელი ასხია, დევს ჩანგლის მაგვარი ჭურჭელი, თუმცა მისი კონტური ჭიქის გამოსახულებასთან კვეთის წერტილში ქრება და ბუნდოვანდება. ამასთანავე, მაგიდის მარცხენა კუთხეში განთავსებულ თეფშზე ვხედავთ კოვზს, რომლის დაბოლოებაც მორფირებულია და არაბუნებრივად გამოიყურება. საყურადღებოა ასევე მაგიდის ცენტრში განთავსებული ჭიქების შერწყმაც. კერძოდ, ერთი ჭიქის ფეხი თითქოს ერთგვარად შესულია მეორე ჭიქის დაბოლოებაში, და იმავეს აქვს ადგილი ჭიქების ზედა ნაწილებში. დამატებით, საინტერესოა ისიც, რომ თითქმის შეუძლებელია იმის გარჩევა, თუ რა დევს ჭიქების მიღმა, პრეზიდენტ ტრამპის წინ მაგიდაზე, ვინაიდან საგნებს ფორმები და კონტურები დაკარგული აქვს.

სურათის სიყალბეს ამტკიცებს ისიც, რომ ფოტო გაავრცელა Instagram-გვერდმა „futuretech” 2024 წლის 9 იანვარს შემდეგი სათაურით: „ხელოვნური ინტელექტი ქმნის შეხვედრის სცენარებს პუტინისა და ტრამპის მონაწილეობით“. პოსტი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რამდენიმე AI ფოტოს აერთიანებს. Instagram-ანგარიშს ე.წ. „ჰეშთაგებში“ მონიშნული აქვს Midjourney, რომელიც AI-ის მიერ შექმნილი ფოტოების პროგრამაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა.

აშშ-ისა და რუსეთი პრეზიდენტების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა Gela Lomadze-მ წარსულშიც გაავრცელა (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია). აღნიშნულ სტატიაში განხილული ფოტო კი რედაქტირებულად შეაფასეს უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც (1, 2).

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]