სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, „აშშ-ში ზოგიერთი ექიმი უარს ამბობს ტრამპის მომხრეების მკურნალობაზე. ვიდეოში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ექიმი უარს ამბობს მკურნალობაზე და შეურაცხყოფას აყენებს პაციენტს პრეზიდენტ ტრამპის ბრენდის წარწერით „Make America Great Again“ (MAGA)“. რეალურად, ვიდეო თავდაპირველად TikTok ანგარიშმა გამოაქვეყნა, რომელიც იუმორისტულ სკეჩებს ხშირად ავრცელებს. მამაკაცი, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში MAGA-ს (ტრამპის სლოგანი: „Make America Great Again“ ) ქუდი ახურავს, ანგარიშის რამდენიმე სხვა ვიდეოშიც ჩანს. შესაბამისად, ვიდეო დადგმულია და რეალობას არ ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „USA Today“ გამოეხმაურა.
თავდაპირველად ვიდეო TikTok-ანგარიშმა სახელწოდებით „Thomasgibson31“ გამოაქვეყნა. ანგარიში სკეჩებს ხშირად ავრცელებს, რომლებშიც ხშირად ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ. მაგალითად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კაცი, რომელსაც წითელი ქუდი ახურავს, სხვა ვიდეოებშიც თამაშობს (1, 2, 3).
ამდენად, გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად TikTok-არხის მიერ გამოქვეყნდა, სადაც მსგავს სკეჩები ხშირად ქვეყნდება. შესაბამისად, არ დასტურდება მტკიცება, რომ ვიდეო რეალობას ასახავს და ექიმი მხოლოდ იმიტომ ეუბნება უარს პაციენტს, რომ ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.