Home » მართალია, 2007 წელს 307-ე მუხლი („სამშობლოს ღალატის მუხლი“) ამოიღეს, თუმცა ის დანაშაულები, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, არ გაუქმებულა
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

მართალია, 2007 წელს 307-ე მუხლი („სამშობლოს ღალატის მუხლი“) ამოიღეს, თუმცა ის დანაშაულები, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, არ გაუქმებულა

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) სამშობლოს ღალატის მუხლთან დაკავშირებით პოსტებს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). პოსტების მიხედვით, სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება: „აღდგება “სამშობლოს ღალატის მუხლი”, რომელიც ნაცმოძრაობამ აგვისტოს ომამდე 2007 წლის აპრილში გააუქმა“, -ვკითხულობთ ერთ-ერთი პოსტის აღწერაში. რეალურად,  კოდექსიდან მართალია, 2007 წელს  307-ე მუხლი ამოიღეს, თუმცა ის დანაშაულები, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ერქვა. შესაბამისად, მტკიცება, რომ კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს, მანიპულაციურია და დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

2025 წლის 17 თებერვალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა:  „ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“.

სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი კოდექსიდან 2007 წლის აპრილში მართლაც იქნა ამოღებული, თუმცა ეს მუხლი უბრალოდ ჩამოთვლიდა კონკრეტულ დანაშაულებს და, შესაბამისად – მუხლებს, რომელთა ჩამდენ საქართველოს მოქალაქეს (ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს) რაიმე დამატებით სასჯელს არ უწესებდა, გარდა მუხლის დასახელებისა („ღალატი“).  ხოლო ის ქმედებები და, შესაბამისად – მუხლები, რომლებსაც კოდექსის 307-ე მუხლი ჩამოთვლიდა და ყველას ერთიანად ერთ სახელს – „სახელმწიფოს ღალატს“ არქმევდა, კოდექსში უცვლელად დარჩა. შესაბამისად, 2007 წლის 27 აპრილის ცვლილებების შემდგომ არცერთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ითვალისწინებდა, არ გაუქმებულა. აღნიშნული დანაშაულები დღემდე დასჯადია და მათ აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის კარი მეთერთმეტე – დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი

„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა“.

სხვადასხვა დროს, 307-ე მუხლის გარშემო დისკუსია არაერთხელ გამხდარა აქტუალური, პოლიტიკოსები ხსნიდნენ, თუ რასთან იყო დაკავშირებული ამ მუხლის კოდექსიდან ამოღება. სალომე სამადაშვილის განმარტებით, ეს იყო კრებსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა სხვა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა დარჩა ძალაში, უბრალოდ კრებსითი მუხლი 307, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში, იყო ამოღებული. „ანუ, სიცრუეა, რომ რამე დანაშაული გაუქმდა და აღარ ითვლება დანაშაულად ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც განხორციელებული იყო. ეს იყო ტექნიკური ცვლილება, რათა უფრო გამართული ყოფილიყო ჩვენი სამართლებრივი ბაზა“, – აღნიშნავდა სამადაშვილი. ხოლო ნიკა გვარამიას თქმით,  ეს იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მძიმე კლიშეს შეიცავდა და ის საპატრიარქოს თხოვნით გაუქმდა.

ამდენად, კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით, მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია. შესაბამისად, სახელმწიფოს ღალატთან დაკავშირებული დანაშაულები აქამდეც დასჯადი იყო და მომხმარებლისთვის 307-ე მუხლის გაუქმება/აღდგენის შესახებ ინფორმაციის ამ კონტექსტის გარეშე მიწოდება, შეცდომაში შემყვანია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]