სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელ, ჯორჯ სოროსს ვხედავთ. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო წარსულშიც გავრცელდა როგორც ქართულენოვანი, ისე რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ (ბმული 1, 2, 3). ფოტოს ვხვდებით ასევე პრო-რუსული მედიის „საქინფორმის“ რუსულენოვან სტატიაშიც, რომელშიც 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და მათთან „სოროსის ფონდის“ კავშირია განხილული. პროპაგანდისტული სტატიის მიხედვით, „ღია საზოგადოების ფონდების“ (იგივე „სოროსის ფონდი“) სომხურ და ქართულ[1] ფილიალებს შორის გეოგრაფიული სიახლოვის გამო დიდი ხანია მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. სტატიაში სწორედ ამ ფონდებს უკავშირებენ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებას მსოფლიოში. სტატიაში ასევე მოხსენიებულია 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამე“, რომელიც, ავტორის მიხედვით, სომხური ღია საზოგადოების ფონდის წევრების, მინას მინასიანისა და დავით გრიგორიანის პროვოცირებით დაიწყო. დამატებით, სტატიაში აღნიშნულია მტკიცება, რომ სოროსის ფონდის სომხური ფილიალის წარმომადგენლები დემოკრატიული რეფორმების საფარქვეშ ცდილობენ საქართველოში „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოწყობას ისე, როგორც სომხეთში. სწორედ აღნიშნული სცენარის ერთ-ერთ ნაწილადაა განხილული სტატიაში სექსუალური უმცირესობების, როგორც „მსხვერპლის როლი“, რათა საქართველოს ხელისუფლება „ჯალათად“ წარმოჩინდეს. აღნიშნულ სტატიას კი თანდართული აქვს ნიკოლ ფაშინიანისა და ჯორჯ სოროსის გაყალბებული ფოტო.
სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია იმგვარად, რომ მასში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სახე ხელოვნურადაა ჩასმული. სურათის ხარისხი და ნაკლოვანებები ორიგინალი ფოტოს ნახვის გარეშეც წარმოაჩენს, რომ ფოტო გაყალბებულია.
რეალურ ფოტოში ჯორჯ სოროსის გვერდით ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2017-2020) ზორან ზაევი დგას. სურათი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ასახავს.
გაყალბებული ფოტო აქტიურად გავრცელდა აზერბაიჯანულ მედიაში და მისი ავთენტურობა გადაამოწმა აზერბაიჯანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Fakt Yoxla-მაც. ორგანიზაციის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ სოროსს არასოდეს შეხვედრია.
[1] აღსანიშნავია, რომ „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.