სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Georgia First NEWS”, ასევე სხვა Facebook-ანგარიშები (1, 2) „ევროპული დემოკრატიის ფარის“ შექმნის შესახებ, X-ანგარიშზე („Daily Romania”) დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, ევროკავშირმა „ევროპული დემოკრატიის ფარის“ (EDS) შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც „ზეეროვნულ (სუპრანაციონალურ) ორგანოს წარმოადგენს და საშუალებას მისცემს ევროკავშირს გააუქმოს არჩევნები მის წევრ ქვეყნებში, იმ შემთხვევაში თუ მათი შედეგები არ მოეწონება“. ინფორმაცია გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც.
რეალურად, „ევროპული დემოკრატიის ფარი“ (EDS) არ არის ზეეროვნული (სუპრანაციონალური) ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს გააუქმოს არჩევნები წევრ ქვეყნებში. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის შიგნით დემოკრატიული პროცესების დაცვას საგარეო ჩარევისგან, დეზინფორმაციისა და სხვა საფრთხეებისგან. მას არ აქვს არანაირი უფლება წევრი სახელმწიფოს არჩევნების შედეგები გააუქმოს.
ინფორმაციის პირველწყარო X-ანგარიში „Daily Romania-ა”, რომელიც პოსტში წერს: „სასწრაფოდ: გუშინ ევროკავშირმა გამოაცხადა „ევროპული დემოკრატიის ფარის“ (EDS) შექმნის შესახებ, [ეს არის] ზენაციონალური ორგანო, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს გააუქმოს არჩევნები თავის წევრ ქვეყნებში, თუ მათ არ მოსწონთ შედეგები.
რუმინეთი იყო დასაწყისი – შემდეგ ისინი გააკეთებენ ამას თქვენს ქვეყანაში“.
რეალურად, „ევროპული დემოკრატიის ფარი (EDS)“ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ 2024 წლის მაისში შემოთავაზებულ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანია ევროკავშირში დემოკრატიული პროცესები დაიცვას საგარეო ჩარევისგან, დეზინფორმაციისა და სხვა საფრთხეებისგან. ინიციატივაზე, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის იქნება შემუშავებული, ძირითადი პასუხისმგებლობა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკომისარ მაიკლ მაკგრატს ეკისრება.
„ევროპული დემოკრატიის ფარის“ ძირითად მიზნებზე წარმოდგენას გასული წლის დეკემბერში ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მიერ ჩატარებული დისკუსია გვაძლევს. პოლიტიკის განხილვისას, მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ EDS-ი უნდა დაეყრდნოს როგორც უკვე არსებულ ინიციატივებსა თუ კანონებს, ასევე გააძლიეროს კოორდინაცია მედიაწიგნიერების, ფაქტების შემოწმებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, როგორც ფარის აუცილებელი კომპონენტების, სფეროში. ინიციატივამ უნდა „გამოაცოცხლოს“ დემოკრატია ევროკავშირის შიგნით, ფოკუსირდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე, კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მოქმედ უარყოფით ფაქტორებზე. მხარეები თანხმდებიან, რომ EDS-ის მიზანი უნდა იყოს დემოკრატიის დაცვა და ხელშეწყობა როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. მაგალითად, ერთ-ერთი მიზანია კანდიდატი ქვეყნებისთვის კიბერთავდასხმებთან ბრძოლაში მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციის მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პოლიტიკური ფინანსური კანონმდებლობის განახლებით, რათა თავიდან იქნას აცილებული არჩევნებში უცხოური ჩარევა.
როგორც უკვე აღინიშნა, „ევროპული დემოკრატიის ფარი“ უკვე არსებულ კანონებსაც დაეყრდნობა, როგორებიცაა: ციფრული სერვისების აქტი (DSA), ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI აქტი), ევროპული მედიის თავისუფლების აქტი, საინფორმაციო მანიპულაციებსა და საგარეო ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ საუბარია ახალ ინიციატივების შექმნაზეც, მათ შორის, ერთ-ერთია „სწრაფი ჰიბრიდული საპასუხო ჯგუფების“ შექმნა (Hybrid Rapid Response Teams). ევროკომისიის თანახმად, აღნიშნული ჯგუფები, რომლებიც ექსპერტებით იქნებიან დაკომპლექტებული, მოკლევადიან დახმარებას გაუწევენ წევრ სახელმწიფოებს, პარტნიორ ქვეყნებს, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებსა და ოპერაციებს. ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრები (ERCC) განლაგებული იქნება პარტნიორ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ „ევროპული დემოკრატიის ფარი“ ამ ეტაპზე საბოლოო სახით არ არის მიღებული და არ არის ცნობილი, იქნება, თუ – არა საკანონმდებლო პაკეტის სახით წარმოდგენილი და მოიცავს, თუ – არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო რეგულაციებს. მაიკლ მაკგრატის თქმით, ამ საკითხის გადასაწყვეტად წევრი ქვეყნების ჩართულობა და კონსულტაციებია საჭირო. სწორედ ჩართულობის გასაზრდელად იქნება ევროპარლამენტში „დემოკრატიის ფარის“ ახალი კომიტეტიც.
აქვე ხაზგასასმელია, რომ „დემოკრატიის ფარი“, როგორც კომისარი მაიკლ მაკგრატი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს, ამასთანავე აღიარებს წევრი სახელმწიფოების ავტონომიას და მათ კომპეტენციას, თავადვე მართონ არჩევნების ჩატარება თავიანთ ქვეყნებში.
„ევროპული დემოკრატიის ფარი“ ევროპარლამენტში
მიმდინარე თვის დასაწყისში, „დემოკრატიის ფარის“ ინიციატივის ზედამხედველობისთვის ევროპარლამენტმა ახალი სპეციალური კომიტეტი შექმნა, თავმჯდომარედ კი პარლამენტის პროევროპული და ცენტრისტული „განაახლე ევროპა“ ჯგუფის წევრი ფრანგი ნატალი ლუაზო აირჩიეს. „განაახლე ევროპა“ ჯგუფის თანახმად, კომიტეტი ფოკუსირებული იქნება საგარეო ჩარევებზე, მაგალითად, „რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებსა და დეზინფორმაციული კამპანიებზე, ილონ მასკის ჩარევაზე გერმანიის არჩევნებში, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაზე მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს“ და სხვ.
ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას გარე საფრთხეების წინააღმდეგ, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ შეერთებული შტატები. ნატალი ლუაზოს თქმით, ევროპა ჩარევის ახალ ეპოქაში შევიდა. კომიტეტს მოუწევს ჩაატაროს სრულყოფილი და მკაცრი გამოძიება, რათა გამოიძიოს მავნე მოქმედი პირები და მათი ჩარევის ისეთი ახალი მეთოდები, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სხვა.
სპეციალურ კომიტეტს სამი ძირითადი მიზანი აქვს: 1) არსებული ევროპული მექანიზმების ეფექტურობის შეფასება, კერძოდ ციფრული სერვისების აქტის (DSA) გამოყენების შეფასება ციფრულ პლატფორმებზე. 2) ევროპაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდა. 3) ევროპის მოქალაქეებს შორის მედიაწიგნიერების განვითარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია აღნიშნული კომიტეტის მოვალეობები, არც ერთი მათგანი არ მოიცავს პუნქტს, რომელიც წევრ სახელმწიფოებში არჩევნების ანულირებას გულისხმობს.
წარმოგიდგენთ ჩამოთვლილ მოვალეობებს:
- შეაფასოს შესაბამისი არსებული და დაგეგმილი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რათა შემდგომში აღმოჩენილ იქნას შესაძლო ხარვეზები და გადაფარვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დემოკრატიულ პროცესებში მავნე ჩარევისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:
- პოლიტიკა, საკანონმდებლო წინადადებები და სტრუქტურები, რომლებიც უნდა შეიქმნას „ევროპული დემოკრატიის ფარის” ფარგლებში და უკვე შეიქმნა „ევროპის დემოკრატიის სამოქმედო გეგმით[1]”, ისევე როგორც შესაბამისი ინსტრუმენტები “სტრატეგიული კომპასის[2]” ფარგლებში, როგორიცაა ევროკავშირის ჰიბრიდული ხელსაწყოები;
- ევროკავშირის სააგენტოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების, დაზვერვისა და წინასწარი აღმოჩენის მექანიზმების მიზნებისათვის;
- პოლიტიკა და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია 2024 წლის 30 ოქტომბრის ანგარიშში, სახელწოდებით „ერთად უფრო უსაფრთხოდ – ევროპის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნისა და მზადყოფნის გაძლიერება“;
- პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებს, დემოკრატიული მდგრადობა სიტუაციური ცნობიერების გზით, მედია და საინფორმაციო წიგნიერება, მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა;
- დემოკრატიული მდგრადობა საშინაო ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების და მავნე ჩარევის მიმართ;
- ჩარევა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კერძოდ, იმ პასუხისმგებლობისა და ზემოქმედების სიღრმისეული შეფასებით, რომელსაც ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმები ახდენენ ევროკავშირის დემოკრატიასა და დემოკრატიულ პროცესებზე;
- ჩარევის გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ სექტორებზე, მათ შორის უცხოურ ინვესტიციებსა და კავშირში მდებარე ქონების ფლობაზე;
- ჰიბრიდული საფრთხეები და თავდასხმები, მათ შორის: კიბერშეტევები, მათ შორის სამხედრო და არასამხედრო მიზნებზე, ადამიანის მიერ შექმნილი ტექსტი და აუდიოვიზუალური კონტენტი, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი და “დიფფეიკები”, რომლებიც გამოიყენება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისთვის, პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩარევისთვის;
- პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების მაღალ საერთო დონეს ევროკავშირის მასშტაბით და კიბერშეტევების წინააღმდეგ მდგრადობას, როცა ეს დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესებთან;
- მავნე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების როლი, მათი მოქმედების რეჟიმი და დაფინანსება, ასევე მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური დივერსია;
- ჩარევის გავლენა უმცირესობების და სხვა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებებზე;
- შეკავება, მიკუთვნება და კოლექტიური კონტრზომები, მათ შორის, სანქციები;
- მეზობლობა და გლობალური თანამშრომლობა და მულტილატერალიზმი;
- ევროკავშირში დაფუძნებული აქტორების ჩარევა როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მესამე ქვეყნებში;
- პოლიტიკა და ზომები არჩევნების სამართლიანობისა და მთლიანობის შესანარჩუნებლად, დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის გასაძლიერებლად;
- კომპეტენტურ მუდმივ კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშაოს შეთავაზებებიამ ხარვეზების შემდგომი გამოსწორების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის გამძლეობას ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების მიმართ, მათ შორის უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა, და როგორ გააუმჯობესოს ევროკავშირის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა;
- შეაფასოსკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში;
- დაუპირისპირდესმავნე მესამე ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის შიდა აქტორებისა და ორგანიზაციების გავლით, წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს, რომლებიც ზიანს აყენებენ ევროკავშირის მიზნებს და შექმნილია ევროკავშირის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში განაგრძოსINGE 1 და INGE 2 (ევროპარლამენტის სპეციალური კომიტეტები, რომლებშიც ევროკავშირში საგარეო ჩარევები, დეზინფორმაცია და უსაფრთხოების საფრთხეები განიხილება) სპეციალური კომიტეტების ანგარიშების შესრულება.
- საერთო ინსტიტუციურ მდგრადობის ხელშეწყობა საგარეო ჩარევის, ჰიბრიდული საფრთხეების, თავდასხმებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ;
- შეინარჩუნოს ურთიერთობაევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან და ორგანოებთან, წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საპარლამენტთაშორისო ასამბლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც სახელმწიფო და არასახელმწიფო პარტნიორებთან შესაბამის მესამე ქვეყნებში მის პასუხისმგებლობაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რათა გააძლიეროს კავშირის ქმედება ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების და შიდა და საგარეო ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ; განსაკუთრებით სახელმწიფო და არასახელმწიფო პარტნიორებთან უკრაინასა და მოლდოვაში და პროევროპელ პარტნიორებთან საქართველოში, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან; რუსეთიდან მომდინარე მანიპულირებულ ნარატივებს დაუპირისპირდეს იმ კრიტიკული და მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ კავშირში;
ამდენად, „ევროპული დემოკრატიის ფარის“ მიზანია დაუპირისპირდეს საგარეო ჩარევას, გააუმჯობესოს მედიაწიგნიერება და გააძლიეროს საარჩევნო სანდოობა და არა – საარჩევნო პროცესებზე კონტროლის დამყარება და არჩევნების გაუქმება. EDS არის ინიციატივა და არა ზეეროვნული ორგანო (იგულისხმება დამოუკიდებელი, ეროვნულ დონეზე მაღლა მოქმედი ორგანო, რომელსაც წევრი სახელმწიფოები გადასცემენ გადაწყვეტილების მიღების უფლებას). ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად აკონტროლებენ საკუთარ საარჩევნო პროცესებს, მათ შორის არჩევნების უსაფრთხოებას, ხმის მიცემის პროცედურებსა და მათზე ზედამხედველობას. ევროკავშირში არ არსებობს ორგანო, რომელსაც მსგავსი ძალაუფლება გააჩნია, მათ შორის ახლადშექმნილი „ევროპული დემოკრატიის ფარიც“ არ ითვალისწინებს მსგავს ფუნქციას.
რაც შეეხება რუმინეთში ჩატარებულ არჩევნების შედეგების გაუქმებას. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ, რომელიც 24 ნოემბერს ჩატარდა, რათა კენჭისყრის „ნამდვილობა და კანონიერება“ ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არაერთი მოთხოვნა შევიდა. მთავრობას დაევალა ახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც მიმდინარე წლის 4 მაისს ჩატარდება. სასამართლომდე გამოქვეყნდა რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტები. დოკუმენტების თანახმად, სავარაუდოდ, არჩევნებამდე პერიოდში, დაახლოებით, 25,000 TikTok-ანგარიში გამოიყენებოდა კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს პოპულარობის გასაზრდელად. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დღე-ღამის განმავლობაში განხორციელდა ონლაინ კიბერშეტევები, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა სასამართლო დავა დაიწყო TikTok-ის წინააღმდეგ, რადგან პლატფორმამ ადეკვატურად არ შეაფასა არჩევნების მთლიანობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები. გამოძიება ეხება TikTok-ის მიერ ციფრული სერვისების აქტის (DSA) პოტენციურ დარღვევას, განსაკუთრებით საქმე უკავშირდება არჩევნებთან დაკავშირებულ მასალებსა და პლატფორმის როლს დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით. კომისია შეაგროვებს დამატებით ინფორმაციას და თუ აღმოჩნდება, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, TikTok შეიძლება დაჯარიმდეს მისი გლობალური ბრუნვის 6%-მდე ჯარიმით. შესაბამისად, ევროკავშირის სასამართლო დავა სოციალური მედია პლატფორმის მიერ ციფრული სერვისების აქტის პოტენციურ დარღვევებს უკავშირდება და მას არჩევნების შედეგების ანულირებასთან კავშირი არ აქვს.
[1] „ევროპის დემოკრატიის სამოქმედო გეგმა“ (EDAP) წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც 2020 წლის დეკემბერში არჩევნების სანდოობის, მედიის პლურალიზმს ხელშესაწყობად და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად დაინერგა.
[2] “სტრატეგიული კომპასი” 2022 წლის მარტში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად შემუშავებული გეგმაა. გეგმა მიზნად ისახავს 2030 წლამდე ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოება უფრო ძლიერი გახადოს და კავშირი უფრო ქმედით აქტორად აქციოს.