სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „უკვე ევროპაში ვართ“ პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ვკითხულობთ: „99% პროცენტი ნაციონალების მხარდამჭერები თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევენ. წარმატება ნაციონალებს“. სინამდვილეში, მსგავსი კვლევა, რომელიც პარტიების მხარდამჭერების ორიენტაციაზე კითხვებს მოიცავს, არ იძებნება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პოსტი „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 10 თებერვალს, ღამით გავრცელდა. აღნიშნულმა კონტექსტმა შესაძლოა მომხმარებლები უფრო მეტად შეიყვანოს შეცდომაში და აფიქრებინოს, რომ აღნიშნული მონაცემი სწორედ ზემოთ აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირდა.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) გამოკითხვა, რომლის საბოლოო ანგარიში 10 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას იკვლევს და მოიცავს ისეთ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად: „თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი?“; „რამდენად ეთანხმებით მიმდინარე პროტესტს/ აქციებს?“; „როგორ დაახასიათებდით, დღესდღეობით, ქართული ოცნების საგარეო კურსს?“; „ძირითადად, რომელი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ?“ და სხვ. გამოკითხვის საველე სამუშაოები 2025 წლის 18-30 იანვრის მონაკვეთში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, ჩატარდა.
კვლევაში „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენჯერმე არის ნახსენები (იხილეთ ფოტოები), არც ერთი მათგანი პარტიის მხარდამჭერების სექსუალურ ორიენტაციას არ ეხება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ISSA-ის გარდა, მსგავსი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები არ გასაჯაროებულა.
ამდენად, გამოკითხვა, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც აღნიშნული პოსტი გავრცელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიების მხარდამჭერების ორიენტაციის შესახებ კითხვებს არ მოიცავს. შესაბამისად, გავრცელებული პოსტი შეცდომაში შემყვანია და მისმა ISSA-ს კვლევის გასაჯაროებიდან მალევე გავრცელებამ შესაძლოა მომხმარებლებს მცდარად აფიქრებინოს, რომ პოსტის ავტორი სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.