Home » Дезинформация: Бриджит Макрон — трансгендер
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „ამერიკელმა ჟურნალისტმა კენდის ოუენსმა დაიწყო გამოძიების გამოქვეყნება „მაკრონის ოჯახისა და მისი მეუღლის სქესის შეცვლის შესახებ“, პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც კენდის ოუენსი საუბრობს და სხვადასხვა მტკიცებას აჟღერებს. საგულისხმოა, რომ კენდის ოუენსმა აღნიშნული დეზინფორმაცია 2024 წელსაც გაავრცელა, ხოლო 2025 წლის იანვარში აანონსებდა, რომ დამატებით მტკიცებულებებსაც გაავრცელებდა.  რუსული სამთავრობო მედიები gazeta.ru; Российская газета; lenta.ru; РИА Новости; აქტიურად აშუქებდნენ, რომ კენდის ოუენსი 30 იანვარს მტკიცებულებებს გამოაქვეყნებდა, რითაც დაამტკიცებდა, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე ტრანსგენდერია. 2025 წლის 31 იანვარს კენდის ოუენსმა გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „ბრიჯიტად გარდაქმნა: შესავალი“. (არქივირებული ბმული)

საგულისხმოა, რომ იდენტური მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის შესახებ წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. დეზინფორმაციის გავრცელება 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც ემანუელ მაკრონი კენჭს იყრიდა. მტკიცების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი, ხოლო ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალი იყო. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფები ავრცელებდნენ.

მაკრონის მეუღლის შესახებ დეზინფორმაცია ხელახლა 2024 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა ამერიკელმა ჟურნალისტმა, კენდის ოუენსმა ის საკუთარ გადაცემაში გააჟღერა. ოუენსის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რუსული სამთავრობო მედია Московский комсомолец თავის სტატიაში კენდის ოუენსის დასკვნებს ეყრდნობოდა. РИА Новости კი წერდა, რომ  ბრიჯიტის გენდერის შესახებ ინფორმაცია პირველად ნატაშა რეიმ და ჟურნალისტმა ხავიერ პუსარმა 2021 წელს წამოაყენეს.

ფრანგულმა გამოცემამ Libération დეზინფორმაციის წარმოშობის შესახებ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ინფორმაცია პირველად მართლაც ულტრამემარჯვენე ჟურნალის „ფაქტები და დოკუმენტები“ გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნატაშა რეიმ გამოაქვეყნა. რეი ამტკიცებდა, რომ ექსპერტებთან საუბრისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ დაადგინა, რომ პირველი ლედის სახელი დაბადებით „ჟან-მიშელ ტრონიე“ იყო. „ჰეშთეგი“ #JeanMichelTrogneux მრავალი კონსპირაციული და ტრანსფობიური ანგარიშის საშუალებით მასობრივად გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც გენეალოგიის ონლაინ საიტებზე ინფორმაცია შეიცვალა, საფრანგეთის პირველმა ლედიმ გადაწყვიტა, დეზინფორმაციას გამოხმაურებოდა. RTL France-თან ინტერვიუში ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა, რომ ჟან-მიშელ ტრონიე რეალურად მისი ძმაა. „ჩემი ოჯახის [გენეალოგიური] ხე შეცვალეს. ჩემი ოჯახის სამი მეოთხედი სწორად იყო [წარმოდგენილი], მაგრამ შემდეგ მივედით ჩემს ძმამდე და მე ჩემი ძმა ვარ. ისინი ურევენ ჩემი მშობლების გენეალოგიას, რაც შეუძლებელია“.

სწორედ ამ ინტერვიუს 13-წამიანი ფრაგმენტი ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში, რომლითაც ასევე ამტკიცებდნენ, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია. გავრცელებული მონაკვეთი რედაქტირებული იყო. მისი რეალურ ჩანაწერთან შედარებით ნათელი ხდებოდა, რომ გავრცელებულ ფრაგმენტში მე-8 წამიდან ბრიჯიტ მაკრონის ნამდვილ ხმას ბოხი ხმა ფარავდა (რეალურ ჩანაწერში იგივე მონაკვეთი შეგიძლიათ იხილოთ მე-8 წამიდან).

მტკიცებას, რომ საფრანგეთის პირველი ლედი მამაკაცი იყო, გამოცემა The Insider-იც გამოეხმაურა. გამოცემის თანახმადაც, ბრიჯიტი 1980 წელს ძმის ქორწილში მოწმე იყო, როდესაც მან ცოლად ვერონიკ-კრისტინ დომინიკი შეირთო. ჟან-მიშელ ტრონიე ცოცხალი რომ არის, ამას მისი სახელის 2022 წლის ამომრჩეველთა სიებში გამოჩენაც ადასტურებდა. ფრანგი ჟურნალისტი ჯონათან მოადაბი ასევე აცხადებს, რომ სატელევიზიო კადრებში მაკრონის გვერდით ჟან-მიშელი შეუნიშნავთ. (იხილეთ ფოტო ქვემოთ) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტრონიეს ორმა ნაცნობმა დაადასტურა, რომ მაკრონის გვერდით ნამდვილად ჟან-მიშელი იყო.

აგრეთვე, 2022 წელს ჟან-მიშელი ბრიჯიტისა და მისი სამი შვილის სარჩელს შეუერთდა რეისა და როის წინააღმდეგ, რაც ოუენის ვერსიის თანახმად, უნდა ნიშნავდეს, რომ მან სარჩელს ხელი ორჯერ მოაწერა, როგორც ქალმა და როგორც მამაკაცმა.

The Insider-მა ბრიჯიტ მაკრონის ოჯახისა და ბავშვობის ფოტოებიც წარმოადგინა.

მოცემული ოჯახური ფოტო 1950-იან წლებშია გადაღებული. მასში ბრიჯიტი დედას კალთაში უზის, ხოლო მარცხნივ მდგომი ბიჭი, კუბოკრულ პერანგში მისი ძმა, ჟან მიშელია. საგულისხმოა, რომ 2025 წლის იანვარში კენდის ოუენსის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ქავერზე სწორედ ჟან მიშელის აღნიშნული ფოტო და ბრიჯიტის ამჟამინდელი ფოტოა შეერთებული.

The Insider-მა ბრიჯიტ მაკრონის ბავშვობისა და ახალგაზრდობის სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ბრიჯიტის ქორწილი პირველ მეუღლესთან, ანდრე-ლუი ოზიერთან ერთად

ანდრე-ლუი და ბრიჯიტ ოზიერები

ბრიჯიტსა და ოზიერს სამი შვილი ჰყავთ, რაც მტკიცებას, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია, კიდევ უფრო აბსურდულს ხდის.

გარდა ამისა, 2024 წლის 8 მარტს ჭორებს ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და ჟურნალისტს განუცხადა, რომ: „არსებობს პატარა, ყოველდღიური ჟესტები, უსიამოვნებები და დამცირებები, რომლებიც აუტანელია“.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ბრიჯიტ მაკრონის სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაადასტურებდა.

კიდევ ერთი მტკიცება, რომელსაც ოუენსი გავრცელებულ ვიდეოში აჟღერებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტშიც ვკითხულობთ, შემდეგია: „როგორც კი წყვილი ელისეის სასახლეში გადავიდა, რომელიც საფრანგეთის თეთრი სახლია, ამას უცნაური სკანდალები მოჰყვა.  ცნობილი გახდა, რომ ბრიჯიტ მაკრონს, რომელიც თავს დიზაინერად თვლის, სურს, ნოტრ-დამის ტაძარზე ფალოსი ოქროს ბურთულებით დაამონტაჟოს“, – აღნიშნული მტკიცებაც ტყუილია.

ფრანგული გამოცემა Franceinfo-ს ინფორმაციით, დეზინფორმატორები ჟურნალისტისა და პოლიტიკოსი როზელინ ბაშლოს წიგნის („bal des hypocrites“) ამონარიდს ეყრნობოდნენ, რომელშიც საუბარია დამწვარი ტაძრის რეკონსტრუქციაზე. ტექსტში ვკითხულობთ, რომ „ელისეი არქიტექტურული პროექტის“ გაკეთებაზე ფიქრობდა, ხოლო ერთ-ერთი სადილის დროს ბრიჯიტ მაკრონმა მას [როზელინ ბაშლოს] უჩვენა პროექტის იდეა, რომელზეც „წარმოდგენილია აღმართული სექსუალური სიმბოლო, რომლის ძირას ოქროს ბურთები აკრავს…“. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელებულიყო მონტაჟები და ტვიტები, სადაც ბრიჯიტ მაკრონს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ სურდა ნოტრ-დამის კენწეროზე ფალოსისა და ორი ოქროს ბურთის განთავსება.

სინამდვილეში კი, Franceinfo-სთან საუბრისას, როზელინ ბაშლომ განაცხადა, რომ ბრიჯიტ მაკრონს ამ პროექტისთვის მხარი არ დაუჭერია. ბრიჯიტმა მას უბრალოდ აჩვენა ეს პროექტი, ვინაიდან ის იმ ათობით პროექტის იდეას შორის იყო, რომელიც ელისეის სასახლეში იყო გაგზავნილი.

Franceinfo-სთან ბრიჯიტ მაკრონის კაბინეტიც ადასტურებს, რომ „ეს პროექტი ქალბატონ მაკრონს არ წარმოუდგენია და არც მხარს უჭერდა მას“. შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]