Home » დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია

ჰომეოპათმა თინა თოფურიამ სოციალურ ქსელში მორგი მანიპულაციური და დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გაავრცელა: „აშშ სენატში კენედის დანიშვნა/განხილვის სხდომაზე მიმდინარე დებატების დროს ბავშვთა ვაქცინაციის საკითხიც  წამოიჭრა. მოთხოვნაზე, რომ გამოაქვეყნონ მონაცემები აცრილი და აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რათა გაკეთდეს მათი შედარებითი ანალიზი ჯანდაცვის სისტემამ  უარი განაცხადა.  არადა ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170 ჯერ მეტია…” თინა თოფურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის სტატიის ბმული, რომელიც რეალურად მანიპულაციური კვლევის შედეგებს ასახავს და სამეცნიერო მტკიცებულებად ვერ გამოდგება.  იგივე დეზინფორმაცია გაავრცელა კიდევ ერთმა Facebook-ანგარიშმა, რომლის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ არაერთხელ გამოუაშკარავებია (ბმული (12345).

მტკიცება: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია

ვერდიქტი: ტყუილი

მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ძველი და ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. რეალურად, შესაბამისი რეცენზირებული კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს.

მითი, თითქოს ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella – MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი და მისი მიგნებები სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო უარყვეს. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე მასშტაბური კვლევით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგინდა.

ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა რაიმე კავშირში. აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია წინამორბედ კვლევებთან.

მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა.  MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე). ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკ-ფაქტორი.

ამრიგად, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფთერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

თინა თოფურია პოსტში ასევე საუბრობს, რომ სენატში მოსმენების დროს კენედი უმცროსმა ვაქცინაციის საკითხი წამოჭრა.  „ჯეოფაქტსი“ ამ საკითხით დაინტერესდა.

29-30 იანვარს სენატში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ  ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატად დასახელებული რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა გაიმართა. ერთ-ერთი მწვავე საკითხი სწორედ ვაქცინაცია გახლდათ, სენატორები კენედის დაუპირისპირდნენ წარსულში ანტივაქსერული შეხედულებების გამო.  კენედიმ განაცხადა, რომ ის არ იყო ვაქცინების წინააღმდეგი და რომ, მისი ყველა შვილი ვაქცინირებულია. თუმცა სენატორებმა კენედის შეახსენეს ვაქცინების საწინააღმდეგო მისივე განცხადებები და შეთქმულები თეორიები, რომელსაც ის ავრცელებდა.

მოსმენების მეორე დღეს, 30 იანვარს,  რობერტ კენედი უმცროსმა არ დაადასტურა, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს. მიუხედავად იმისა, რომ მას მიუთითეს კონკრეტულ მტკიცებულებაზე,  არაერთი სამეცნიერო კვლევა (მათ შორის 2019 წელს ჩატარებული კვლევა) აჩვენებს, რომ ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. საპასუხოდ, კენედი უმცროსმა ხარვეზიან დოკუმენტზე მიუთითა, სადაც საუბარია, რომ ვაქცინები იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობას. აღნიშნული კვლევის ვალიდურობა ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Factcheck.org-მაც გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა კენედის მიერ მოყვანილი კონკრეტული ნაშრომი – რომელიც ამტკიცებს, რომ „ვაქცინირებულ ბავშვებს აუტიზმისა და სხვადასხვა ნეიროგანვითარების დარღვევების დიაგნოზის დადგენის საგრძნობლად უფრო მეტი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე არავაქცინირებულებს“ – არ არის ზუსტი და მეთოდოლოგიურად გამართული.

ჯეფრი ს. მორისმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის ბიოსტატისტიკის განყოფილების დირექტორმა, Factcheck.org-თან განაცხადა: „მე ფრთხილად წავიკითხე ეს ნაშრომი და მას იმდენად ბევრი სერიოზული მეთოდოლოგიური პრობლემა აქვს, აშკარად არ უნდა ჰქონდეს გავლილი რაიმე ლეგიტიმური კოლეგიალური განხილვა (peer review)“.

აღნიშნული ნაშრომი გამოქვეყნდა 23 იანვარს გამოცემაში Science, Public Health Policy and the Law, რომელიც აცხადებს, რომ რეცენზირებული ჟურნალია. როგორც წესი, მაღალი ხარისხისა და სანდოობის რეცენზირებული ჟურნალები შემდეგ პლატფორმებზეც გვხდებიან: PubMed Central, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ბიოსამედიცინო კვლევების მონაცემთა ბაზა ან ინდექსირებული არიან MEDLINE-ზე. ხსენებული გამოცემა Science, Public Health Policy and the Law აღნიშნულ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, მთავარი რედაქტორი და საბჭოს სხვა წევრები, მათ შორის ჟურნალის კლინიკური მიმართულების რედაქტორი, ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის ცნობილი გამავრცელებლები არიან.

ამასთან, ნაშრომის ორი ავტორი, მათ შორის წამყვანი ავტორი ენტონი მაუსონი, აფილირებულები არიან მისისიპიში „ჩალფონტის კვლევით ინსტიტუტთან“, რომელსაც არ აქვს ვებსაიტი და შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) ჩანაწერების საფუძველზე, როგორც ჩანს, საფოსტო მისამართად საცხოვრებელი სახლის მისამართს იყენებს.  ორივე ავტორმა წარსულში ვაქცინების შესახებ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც უკან იქნა აღებული. ნაშრომი ანტივაქსერულმა ჯგუფმა – ვაქცინების საინფორმაციო ეროვნულმა ცენტრმა, დააფინანსა.

ამრიგად, რობერტ კენედი უმცროსის მიერ მითითებული ნაშრომი, ვერ ჩაითვლება სამეცნიერო/სამედიცინო მტკიცებულებად, ვინაიდან მასში მთელ რიგი მეთოდოლოგიური ხარვეზებია. საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს ჟურნალი, სადაც აღნიშნული ნაშრომი გამოქვეყნდა. კვლევის ავტორები დაკავშირებული არიან ანტივაქსერებთან და შემჩნეული არიან ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიას აზიარებს თინა თოფურიაც და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  ამის საპირისპიროდ არსებობს არაერთი მკაცრი სამედიცინო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]