Home » დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ნიკა გვარამიას თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2) (დაარქივებული ბმული) პარტია „ახალის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მიაწერენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  NATO-სა და ევროკავშირში იოლად გაწევრიანებისთვის საქართველომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი უნდა თქვას. რეალურად, ნიკა გვარამიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები ნიკა გვარამიას ძველ ინტერვიუს უკავშირდება, რომელშიც მან როგორც აფხაზეთის, ასევე ყარაბაღის შესახებ ისაუბრა, თუმცა, მის განცხადებას სხვა შინაარსი და ფორმა ჰქონდა. გვარამია არ  აცხადებდა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს.   

   

განცხადება, რომელსაც ანგარიშები ნიკა გვარამიას მიაწერენ, სოციალურ ქსელში აქამდეც გავრცელებულა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ 2023 წლის 30 ივლისს აფხაზეთთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ოკუპირებული ტერიტორიების ომის გზით დაბრუნების ვერსია კატეგორიულად გამორიცხა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების ერთ-ერთ გამოსავლად დაასახელა (იხილეთ ბმულზე 01:02:20 წუთიდან). „მე მგონია, რომ საქართველოში ომი არ უნდა იყოს. მე მგონია, რომ ოფშენალ ანუ ოფციურიც კი არ უნდა იყოს საქართველოსთვის ომი აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და აქ „რეიუნიონი“ მოხდება კვლავ, კვლავ გაერთიანება. პირიქით, მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები, ეს ნიშნავს რუსეთი არის სუსტი. აფხაზეთს წასასვლელი არსად არ აქვს და არ უნდა ამ აფხაზეთს რუსეთში წასვლა, ეს უნდა გავაცნობიეროთ“.

ამავე ინტერვიუში გვარამია დამატებით ამბობს: (იხილეთ ბმულზე 01:14:15 წუთიდან) „აფხაზებს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში და ეს ჩანს, მიღებული აქვთ, რომ მათ არ უნდათ რუსეთში…. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ მათ უნდოდეთ საქართველოში. ეს აბსოლუტურად მოხდენადი, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის გაკეთებადი. ჯერ ერთი, ფორმატები არსებობს, განსხვავებული სამართლებრივი ფორმატებიც არსებობს, როცა შენ ევროკავშირში ხარ. ხალხო კვიპროსები ერთიანდება და თურქეთის და საბერძნეთის ლიდერები იწყებენ ერთმანეთთან ლაპარაკს, რომ ევროკავშირის ფარგლებში კვიპროსი ხელახლა გაერთიანდეს“.

ამის შემდეგ, ჟურნალისტი ერთვება: (იხილეთ ბმულზე 01:15:00 წუთიდან) „სომხები და აზერბაიჯანელებიც აგერ რამდენი ხანია უკვე საუბრობენ, უკვე მერამდენე შეხვედრაა“, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს:”ლიდერზე [ნიკოლ ფაშინიანი] მე ვარ უმაღლესი წარმოდგენის. ეს კაცი არის ისტორიული ფიგურა. ძალიან დიდი პოლიტიკური ლიდერიდან გადაიქცა თავისი ერის ისტორიულ ლიდერად. მან სომხეთს მოჰკვეთა სიმსივნე სახელად ყარაბაღი. შეიძლება ცინიკურად გამომდის ეს და სომხებს არ მოეწონოთ, მაგრამ ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით არის აზერბაიჯანის ტერიტორია“.

ამდენად, ტყუილია მტკიცება, რომ თითქოს ნიკა გვარამიას აზრით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს. მსგავსი განცხადება გვარამიას ამ ინტერვიუში არ გაუკეთებია. პირიქით, მან გადაცემაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება შეუწყობს ხელს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამ ინტერვიუს მიღმაც, გვარამიას მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ დასტურდება.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]