სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „პაატა ანტილიბერასტი აბულაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ავრცელებს პოსტს: „ესპანეთმა ბრიქსში გაწევრიანებაზე სურვილი გამოთქვა. საინტერესო ეპოქაში გადავდივართ, თუმცა საშიშშიც“. რეალურად, ესპანეთს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
BRICS სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, რომლის სახელწოდებაც აკრონიმს წარმოადგენს. კერძოდ, 2009 წელს ბრაზილიამ (B), რუსეთმა (R), ინდოეთმა (I), ჩინეთმა (C) და სამხრეთ აფრიკამ (S) განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ჯგუფი დააფუძნეს. სახელმწიფოთა ბლოკი საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტის შექმნას, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ჩამოყალიბებასა და ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო წლების განმავლობაში BRICS პოზიციონირებს, როგორც გლობალურ ინსტიტუციებზე დასავლური გავლენის საპირწონე ძალა.
2025 წლის 6 იანვარს ინდონეზია BRICS-ის წევრი სახელმწიფო გახდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე BRICS 10 სახელმწიფოს აერთიანებს: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მასში არ შედის არც არც ერთი ევროკავშირის თუ NATO-ს წევრი ქვეყანა. ასევე, BRICS-ს ჰყავს 8 პარტნიორი სახელმწიფო, რომლებიც სრულყოფილი გაწევრიანების გზაზე არიან: ბელარუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მალაიზია, ტაილანდი, უგანდა და უზბეკეთი. წევრებისა თუ გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების სიაში არ ვხვდებით ესპანეთს.
აღსანიშნავია, რომ ოფისში მოსვლიდან პირველივე სამუშაო დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების შესახებ საუბრისას ესპანეთი BRICS-ის წევრ-სახელმწიფოდ (BRICS nation) მოიხსენია. უფრო კონკრეტულად, დონალდ ტრამპი ახალი ტარიფების დაწესების შესახებ დიდი ხანია საუბრობს. ჟურნალისტმა ტარიფებზე საუბრისას პრეზიდენტს NATO-ს იმ ქვეყნების შესახებ დაუსვა კითხვა, რომლებიც ალიანსის თავდაცვისთვის GDP-ის 2%-ზე მეტს არ ხარჯავენ, მაგალითად ესპანეთი, რომელიც სამხედრო ალიანსში დანახარჯებით ბოლო ადგილზეა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი უპასუხა: „ესპანეთი ძალიან დაბლაა. ის BRICS-ის სახელმწიფოა, ესპანეთი“ („Spain is very low. They’re a BRICS nation, Spain“).
აღნიშნულზე პასუხად ესპანეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ესპანეთი არ არის BRICS-ის ნაწილი. Independent-ის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა BRICS-ის სახელწოდებაში აკრონიმი S სამხრეთ აფრიკის ნაცვლად ესპანეთის ინიციალად მიიჩნია. სავარაუდოდ, სწორედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეცდომას უკავშირდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს ესპანეთს BRICS-ში გაწევრიანება სურს.
დამატებით, „ჯეოფაქტსმა“ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი შეისწავლა. კერძოდ, ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვხვდებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთანაც ესპანეთს ხელშეკრულებები აქვს დადებული. მათ შორისაა ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ევროკავშირი (EU), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) და სხვა. თუმცა, ჩამონათვალში არ ვხვდებით BRICS-ს.
დამატებით, ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საგარეო პოლიტიკის განყოფილებაში ცალკეა გამოტანილი იმ ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების სია, რომლებთანაც ესპანეთი თანამშრომლობს. მათ შორის ვხვდებით NATO-ს, ევროკავშირს, გაეროს, G-20-სა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD). არც ამ სექციაში არაა აღნიშნული BRICS.
გარდა ამისა, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება რაიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ესპანეთმა BRICS-ში გაწევრიანების შესახებ სურვილი გამოთქვა. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოა, მსგავსი სიახლე საერთაშორისო მედიების მიერაც გაშუქდებოდა. თუმცა, მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება არც სანდო მედიებსა თუ სხვა ღია წყაროებში.