სოციალურ ქსელში გვერდები POSTV-ანალიტიკა და POSTV-პოლიტიკა ალეკო ელისაშვილის ფოტოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „USAID-მა, უკრაინაში ჩასვლის და ზელენსკის პოპულარიზაციისთვის, ანჯელინა ჯოლის 20 მილიონი დოლარი გადაუხადა, შონ პენს – 5 მილიონი, ჟან-კლოდ ვან დამს – 1,5 მილიონი, ორლანდო ბლუმს – 8 მილიონი, ბენ სტილერს – 4 მილიონი და ალეკო ელისაშვილს – არაფერი“. ინფორმაცია Facebook-მომხმარებელმა ბაქარი ვარდოსანიძემ და Facebook-ის სხვა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1; 2;). მტკიცება Threads-ზეც გავრცელდა. (არქივირებული ბმული)
ეს ინფორმაცია უცხოენოვან პლატფორმებზე, კერძოდ, X-ზე ვიდეოს სახით გავრცელდა, რომელზეც ამერიკული ტელეკომპანია E! News -ის ლოგო იყო დატანილი, რითაც ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია აღნიშნულმა მედიამ გაავრცელა. ბიზნესმენმა ილონ მასკმა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა ვიდეო X-ზე გააზიარეს.
ინფორმაცია ვირუსულად გაავრცელეს რუსულმა სამთავრობო გამოცემებმა, Аргументы и Факты; Царьград; Ura.ru; EADaily; News.ru და სხვებმა.
საგულისხმოა, რომ E! News-ის ვებგვერდზე, X-ის, Instagram-ისა და Facebook-ის ანგარიშებზე მსგავსი ვიდეო ან წერილობითი ინფორმაცია არ იძებნება. E! News –ამერიკული საკაბელო ტელეარხის E!-ის გასართობი ახალი ამბების განყოფილებაა, რომელიც ძირითადად ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებულ ამბებსა და ჭორებს აშუქებს, ასევე აქვეყნებს ფილმებისა და სატელევიზიო შოუების მიმოხილვებს.
რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა „Рыбарь“ დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და მიუთითა, რომ პირველწყარო X-ის ინგლისურენოვანი ანგარიში @ImMeme0 იყო. თუმცა ინტერნეტსივრცეში საკვანძო სიტყვებით ინგლისურ და რუსულ ენაზე გავრცელებული ინფორმაციის ძიებისას, მიღებულ შედეგებს შორის, ჩანს, რომ ყველაზე ადრე ის რუსულმა პროპაგანდისტულმა ულტრაკონსერვატიულმა გამოცემა Царьград-მა გაავრცელა. X-ის ანგარიშმა @ImMeme0 ვიდეო 2025 წლის 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:16 საათზე გამოაქვეყნა, ხოლო Царьград-მა 17:04-ზე.
გავრცელებულ ინფორმაციას BBC-ის ფაქტების გადამმოწმებელი სამსახურის ასისტენტი რედაქტორი ოლგა რობინსონი გამოეხმაურა X-ზე. მისი თქმით, გავრცელებული ამბავი E! News-ზე არ იძებნება და ის რუსული დეზინფორმაციული კამპანიის მსგავსია, როდესაც ანტიუკრაინული გზავნილების გასავრცელებლად დასავლური მედიის სახელსა და ვიზუალს იყენებენ.
ინფორმაციას X-ზე უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა და მტკიცებას ყალბი უწოდა.
მტკიცებას სიაში მყოფი ერთ-ერთი მსახიობი, ბენ სტილერი გამოეხმაურა. მან X-ზე დაწერა, რომ რუსული მედია ტყუილს ავრცელებდა. ჰუმანიტარული ვიზიტი თავად დააფინანსა და USAID-ისგან არანაირი თანხა არ მიუღია.
ბენ სტილერი 2022 წლის ივნისში ჩავიდა უკრაინაში, როგორც „გაერთიანებული ერების“ UNHCR-ის კეთილი ნების ელჩი. მან ქალაქები კიევი და ირპინი მოინახულა. სტილერის ვიზიტი ლტოლვილთა მსოფლიო დღეს (20 ივნისი) დაემთხვა. საგულისხმოა, რომ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ UNHCR-მაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ სტილერი UNHCR-სთან მუშაობისას არანაირ ანაზღაურებას არ იღებს და მგზავრობებს თავად აფინანსებს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საგანგებო ელჩი, მსახიობი ანჯელინა ჯოლიც 2022 წელს, აპრილში, ჩავიდა უკრაინის ქალაქ ლვივში. როგორც ლვივის რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი წერდა, ანჯელინა ჯოლის ვიზიტი „სიურპრიზი“ იყო. მსახიობმა იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა, რომლებმაც თავშესაფარი ლვივში იპოვეს, ასევე შეხვდა ბავშვებს, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე 2022 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შონ პენი უკრაინას სამჯერ ეწვია. პირველად, 2022 წლის 24 თებერვალს – ომის დაწყების დღეს. ვიზიტის მიზანი დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო, რათა „მოეყოლა მსოფლიოსთვის სიმართლე რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესახებ“. მეორედ შონ პენი უკრაინაში – 2022 წლის ივნისში, ხოლო მესამედ 2022 წლის ნოემბერში ჩავიდა. რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისთვის შონ პენი უკრაინას ომამდე, 2021 წლის ნოემბერშიც ეწვია.
2022 წლის დეკემბერში უკრაინას კიდევ ერთი ამერიკელი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი ეწვია და უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. საინტერესოა, რომ აქამდე ვან-დამი პუტინის მხარდასაჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და რუსეთსაც სტუმრობდა.
ამერიკელი მსახიობი ორლანდო ბლუმი უკრაინას 2023 წლის მარტში ეწვია, როგორც UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) კეთილი ნების ელჩი. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში მან ქალაქები კიევი, ირპინი და დემიდივი მოინახულა და ომისგან დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს შეხვდა.
ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც USAID-მა უკრაინაში ჩასვლისა და ზელენსკის პოპულარიზაციისთვის, ამერიკელ მსახიობებს ფული გადაუხადა, არ დასტურდება. ინფორმაციის პირველწყარო რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Царьград-ია, რომელსაც დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია, ძირითადად, უკრაინისა და მისი პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით. (1; 2; 3) ვიდეოში ნაჩვენებმა ერთ-ერთმა მსახიობმა დაადასტურა, რომ ინფორმაცია მცდარია. რაც მთავარია, E! News-ზე, რომლის ლოგოც არის დატანილი ვიდეოზე, მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.