Home » [განახლებული] სოციალურ ქსელში ბაკურიანის წყალთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

[განახლებული] სოციალურ ქსელში ბაკურიანის წყალთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2, 3, 4, 5) (დაარქივებული ბმული) ბაკურიანის წყალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. პოსტების მიხედვით, წყალში მძიმე მეტალები აღმოჩნდა, მათ შორის, თუთია, რის გამოც 120 ბავში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. „მეგობრებო სამსახურში მოვიდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლის ახლობლის ბავშვა დალია ბაკურიანის წყალი და პირველივე დალევაზე ცუდად გახდა, ყელი ჩაეწვა, დედამაც მოსვა და ანალოგიური დაემართა. ბავშვი იტოკსიკაციით და ყელ-ხახის დამწვრობით კლინიკაში წევს. სავარაუდოდ მძიმე ტუტეების დოზა გაეპარათ ახალ პარტიაში. ფრთხილად იყავით. მაღაზიები გაფრთხილებულია, რომ ახალი პარტია მოხსნან დახლებიდან“, – ვკითხულობთ პოსტებში.

ამ ეტაპზე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და იაშვილის კლინიკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, არ დასტურდება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად (დაარქივებული ბმული), ამ ეტაპზე, მოკვლევა მიმდინარეობს:  „სააგენტოს ინსპექტორები  წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად  გასაჯაროვდება“.

ერთ-ერთი პოსტის (დაარქივებული ბმული) კომენტარებში ვკითხულობთ, რომ ბავშვები იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილნი. იაშვილის კლინიკამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყვეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია,  რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება: „დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვებთან დაკავშირებით, კომპანია IDS ბორჯომის განცხადების კომენტარებში, „წყალი ბაკურიანი“ წერს, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული და არა-120.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5 თებერვალს ბაკურიანის წყლის ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა.

ასევე, 5 თებერვალს სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნინო ფრიდონიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოთლში, რომლიდანაც მისმა ძმისშვილმა სითხე მიიღო, აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი. ფრიდონიშვილი ექსპერტიზის დასკვნის ფურცელსაც აქვეყნებს. “ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა. აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას. ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი. იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”. – წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში ნინო ფრიდონიშვილის პოსტის გავრცელების შემდეგ, „ჯეოფაქტსი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია 5 თებერვალს განახლდა, მას დაემატა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]