29 იანვარს „ტელეკომპანია პირველმა“ მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „ტვ პირველის“ მიხედვით, რიყის პარკში ტრაგედია დატრიალდა, მერვე კლასელი მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
„გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე, (რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია) სადაც ტრაგედია დატრიალდა, არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა. ირკვევა, რომ შაბათს, 25 იანვარს, მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული 16 წლის იოსებ ადეიშვილი პარკში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად შევიდა და შემთხვევით, ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა“ ,- ნათქვამია „ტვ პირველის“ ინფორმაციაში.
აღნიშნულს თბილისის მერია მალევე გამოეხმაურა და საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ–ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.
უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„ჯეოფაქტსი“ შეეცადა, გაერკვია, ვის ეკუთვნის ტრაგედიის ადგილი და კერძო საკუთრებაში დატრიალებული უბედური შემთხვევა, რამდენად ათავისუფლებს მერიას პასუხისმგებლობისგან.
ტრაგედია რიყის პარკის მიმდებარედ მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე მოხდა.
„რიყის დოქები“ თბილისში მდებარე ერთ-ერთი ძვირადღირებული დაუმთავრებელი შენობაა, რომელმაც თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა. „რიყის დოქები“ მილის ფორმის ორ შენობას წარმოადგენს, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია. 2011-2012 წლებში „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა. 2020 წლის 31 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა, სადაც შენობების საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო. აუქციონი წარუმატებლად დასრულდა და „რიყის დოქები“ ვერ გაიყიდა.
შემდგომი აუქციონი უკვე 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქები“ აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გამოიტანა და ობიექტის საწყისი ღირებულება კვლავ 71.2 მლნ ლარი იყო. შემდგომი აუქციონი იმავე წლის 29 აპრილს დაიწყო, „რიყის დოქების“ საწყისი ფასი გაცილებით ნაკლები, 47.5 მლნ ლარი იყო. „დოქებს“ მყიდველი არც მაშინ გამოუჩნდა. ჯამში, სულ ექვსი აუქციონი გაიმართა. საბოლოოდ, 2022 წლის მარტში რიყის დოქები“ მე-7 მცდელობაზე გაცილებით ნაკლებ ფასად, 10 020 000 ლარად გაიყიდა.
14 591 მ2 საკუთრება ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა „Global Victory Trust-მა“ შეიძინა. შესაბამისად, კომპანიამ ფართის ერთ კვადრატულ მეტრში 687 ლარი გადაიხადა. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. გარდა ამისა, 10 წლის განმავლობაში მუზეუმისთვის და საგამოფენო სივრცისთვის პროფილი უნდა შეენარჩუნებინა.
ამონაწერის მიხედვით, კომპანია 2016 წელს ლუქსემბურგის საჰერცოგოში არის დარეგისტრირებული. კომპანიის ხელმძღვანელად დოქტორ ქრისტოფერ ჰილი არის მითითებული. BMG-ის მიერ სახელმწიფო ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის აქციონერია „გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ“, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ სამეფოში. მისი მფლობელი და დირექტორი მარიამ ხიდაშელია, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. დავით ხიდაშელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დავითგარეჯის რუკების დედნები გადასცა და გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის – „კარტოგრაფების საქმე“ მთავარი მოწმე იყო.
განხილული მასალის მიხედვით, „რიყის დოქები“ მართლაც კერძო საკუთრებაა და ის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის კუთვნილებაა. როგორც აღვნიშნეთ, ტერიტორია 2022 წლის მარტში გაიყიდა საინვესტიციო პირობებით, 36 თვეში 20 მლნ-ის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. 36 თვიდან 34 თვე უკვე გასულია. ტერიტორიაზე ხილულად, რაიმე ტიპის სამუშაოები არ განხორციელებულა.
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ: საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,05% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ეკონომიკის სამინისტრომ „რიყის დოქების“ მფლობელს წერილობით მიმართა, თუ – არა, ან პირგასამტეხლო თუ დააკისრა, ამის გასარკვევად სამინისტროს მივმართეთ და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატიას განვაახლებთ.
გარდა ამისა, ტერიტორია, სადაც რაიმე ტიპის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებს შესახებ“ მთავრობის დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ნორმების მოქმედების ქვეშ ექცევა. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათანადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაიცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისგან.
და კიდევ, სამშენებლო მოედანზე ყველა ის ადგილი, სადაც მესამე პირები შეიძლება სამშენებლო საქმიანობისგან დაზიანდნენ, უნდა შემოისაზღვროს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი ნიშნებით, ნიშნები კომპანიამ უნდა განათავსოს.
გარდა ამისა, სამშენებლო საქმიანობის საჯარო ზედამხედველობას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. მისი უფლებამოსილებაა თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო ტერიტორიების შემოღობვის, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთების და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სამუშაოების კონტროლი და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რიყის დოქების“ ტერიტორია კერძოა, მასზე მიმდინარე სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების კონტროლი მუნიციპალურ ინსპექციას ევალება და რაიმე ტიპის დარღვევის გამოვლენაც მისი უფლებამოსილებაა.
მუნიციპალურ ინსპექციას აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის კონტროლი რომ განეხორციელებინა, აუცილებლად აღმოაჩენდა თხრილს, რომელიც იმ რაოდენობის წლით იყო სავსე, რომ, საუბედუროდ, 16 წლის მოზარდი შეიწირა, რაც იმის დასტურია, რომ იქ წყალი თვეების მანძილზე გროვდებოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია, რომელზეც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო საკუთრებაა, თბილისის მერია, კერძოდ კი მუნიციპალური ინსპექცია, მომხდარის გამო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.