Home » სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ტრამპის ეფექტი: კაბალის საიდუმლოებები საჯაროვდება. „Apeel არის WEF-ისა და ბილ გეითსის დაფინანსებული პროდუქტი, რომელსაც ასხურებენ ხილსა და ბოსტნეულზე.” “Apeel-ის გარსში ნაპოვნი მთავარი ინგრედიენტი არის დამუშავებული ორი გამხსნელის გამოყენებით… ორივე საშიში ქიმიკატია, რომელიც სერიოზულად აზიანებს შინაგან ორგანოებს.” ამ ემბლემით მარკირებული პროდუქტი არ იყიდოთ”. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ  კომპანია Apeel Sciences -ის პროდუქცია ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს.

Apeel Sciences სამხრეთ კალიფორნიაში ჯეიმს როჯერსის მიერ 2012 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანიც იმგვარი საკვები ტექნოლოგიის შექმნაა, რომელიც პროდუქტებს გაფუჭებისა და ვარგისიანობის დაკარგვისგან დაიცავს. გაეროს საკვებისა და აგრიკულტურის ორგანიზაციის მიხედვით, ყოველწლიურად $2.6 ტრილიონის ღირებულების საკვები პროდუქტი ფუჭდება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ხილსა და ბოსტნეულს მოიცავს. ჯეიმს როჯერმა კვებითი ნარჩენების შესამცირებლად მცენარეულ ბაზაზე დაფუძნებული დამცავი საფარის იდეა შექმნა, რომელიც 2012 წელს ბილ და მელინდა გეითსების ფონდს (Bill and Melinda Gates Foundation-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია 1, 2) წარუდგინა და მათგან კვლევისთვის 100,000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. კომპანიას გეითსების ფონდისგან, რომელიც გრანტებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრისთვისაც გასცემს, დაფინანსება 2015 წელსაც გადაეცა.

Apeel Sciences-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ კონვენციური წარმოებით (conventional produce) შექმნილი პროდუქტების დამცავი საფარის მთავარი კომპონენტი Edipeel დამზადებულია მონო და დიგლიცერიდებისგან, ხოლო ორგანული საკვებისთვის გამოიყენება Organipeel, რომელიც ლიმონმჟავას, საცხობ სოდასა და მცენარეულ მონო და დიგლიცერიდებს შეიცავს. მონო და დიგლცერიდებს კომპანია დამატებითი საკვები ფენის/ქერქის შესაქმნელად იყენებს, რათა ტენიანობა და ჟანგბადი პროდუქტს შეუნარჩუნდეს და კვებითი ღირებულება მარტივად არ დაკარგოს. აღნიშნული ცხიმოვან მჟავაზე დაფუძნებული ინგრედიენტები რეალურად ყოველდღიურ საკვებში გვხვდება და მათ უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

ამას გარდა, მონო და დიგლიცერიდები უსაფრთხო პროდუქტადაა მიჩნეული აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპული სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) მიერ. დამატებით, The Center for Science in the Public Interest ასახელებს მონო/დიგლიცერიდებს, როგორც უსაფრთხო პროდუქტებს, ხოლო Environmental Working Group-ს, რომელიც სამომხმარებლო ქიმიური უსაფრთხოების სახელმძღვანელოებს აქვეყნებს ხოლმე, არ გამოუვლენია რაიმე საფრთხე მონო და დიგლიცერიდებთან დაკავშირებით.

ამდენად, Apeel-ის გარსში ნაპოვნი ინგრედიენტები საკვები მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხო პროდუქტებია.

აღსანიშნავია, რომ წყარო, რომელზე დაფუძნებითაც Facebook-მომხმარებელი Apeel-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, მედია წყაროთა სანდოობის მკვლევარი ორგანიზაციის, Media Bias/Fact Check-ის მიხედვით, მიკერძოებული და პროპაგანდისტული მედიაა, რომელიც ყალბი ამბების განზრახ გავრცელებაში არაერთხელაა შემჩნეული.

დამატებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Apeel სახელწოდებით არსებობს კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია, რომელიც Evans Vanodine-ს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია მყარი ზედაპირების გამწმენდ საშუალებებს აწარმოებს, რომელმაც შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

წარსულში სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტები Apeel-ის დამაზიანებელი ეფექტების შესახებ (1, 2), რომელთაც თანდართული ჰქონდა უსაფრთხოების მონაცემთა დოკუმენტი. დოკუმენტის მიხედვით, პროდუქტმა შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. რეალურად, სოციალური ქსელის მომხმარებლები Apeel Sciences-სსა და და Apeel-ს ერთმანეთთან აიგივებდნენ. სინამდვილეში, Apeel Science საკვები პროდუქტების დამცავ პროდუქციას აწარმოებს, ხოლო Apeel – მყარი ზედაპირის გამწმენდ საშუალებებს. Apeel Sciences-ის პროდუქტი კი, როგორც უკვე აღინიშნა, სურსათის მარეგულირებელი ორგანოების უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთანავე, ბილ გეითსის ფონდი მყარი ზედაპირების საწმენდი საშუალებების კომპანიას არ აფინანსებს.

Apeel-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმეს ქართულმა და უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც: Mythdetector, FullFact, Politifact, Reuters.