Home » 307-ე მუხლის ამოღებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი დანაშაული არ გაუქმებულა
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

307-ე მუხლის ამოღებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი დანაშაული არ გაუქმებულა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში „სამშობლოს ღალატი“ სამართლებრივად არ ისჯება. პოსტში დამატებით მოცემულია შეკითხვა – „ეთანხმებით რომ; აღდგენილ იქნას სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს ღალატს.!! მუხლი გააუქმა საქართველოს მე-6 მოწვევის (2004-2008 წ.) პარლამენტმა (არქივირებული ბმული). საერთო ჯამში, ეს პოსტი ქმნის იმგვარ შთაბეჭდილებას, რომ ქართულ სამართლებრივ რეალობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები აღარ ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც შეცდომაში შემყვანია.

სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში მართლაც იქნა ამოღებული, შეიცავდა ჩამონათვალს, ამავე თავით გათვალისწინებული თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა სახელმწიფოს ღალატად.

მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი

სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-), ჯაშუშობა (მუხ. 314-), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-), საბოტაჟი (მუხ. 318-), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა“.

კოდექსიდან 307- მუხლის ამოღებით, მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია. შესაბამისად, მტკიცება, რომ კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს, მანიპულაციურია.

სხვადასხვა დროს, 307-ე მუხლის გარშემო დისკუსია არაერთხელ გამხდარა აქტუალური, პოლიტიკოსები ხსნიდნენ, თუ რასთან იყო დაკავშირებული ამ მუხლის კოდექსიდან ამოღება. სალომე სამადაშვილის განმარტებით, ეს იყო კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა სხვა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა დარჩა ძალაში, უბრალოდ კრეფსითი მუხლი 307, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში, იყო ამოღებული. „ანუ, სიცრუეა, რომ რამე დანაშაული გაუქმდა და აღარ ითვლება დანაშაულად ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც განხორციელებული იყო. ეს იყო ტექნიკური ცვლილება, რათა უფრო გამართული ყოფილიყო ჩვენი სამართლებრივი ბაზა“, – აღნიშნავდა სამადაშვილი. ხოლო ნიკა გვარამიას თქმით,  ეს იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მძიმე კლიშეს შეიცავდა და ის საპატრიარქოს თხოვნით გაუქმდა.

ამრიგად, სახელმწიფოს ღალატის მუხლის ამოღება შესაძლოა, აღიქმებოდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების დასუსტება ან ეროვნული უსაფრთხოების უგულებელყოფა, რაც შესაძლოა აღძრავდეს ნეგატიურ ემოციებს და საზოგადოებრივ პროტესტს. თუმცა, სამართლებრივი რეალობა განსხვავებულია: დანაშაულები კვლავაც დასჯადია და მათ კვალიფიკაციაში ცვლილება მხოლოდ ტერმინოლოგიურ-სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. სტატიაში მოყვანილი პოსტი 307-ე მუხლის ამოღებაზე იზოლირებულად, იმის განმარტების გარეშე, რომ მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები კვლავ ძალაშია, არ იძლევა სამართლებრივი რეალობის სწორად აღქმის შესაძლებლობას. სამართლებრივი ნორმების ცვლილება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ემოციური აღქმების საფუძველზე, არამედ სამართლებრივი და კონტექსტური ანალიზით, რათა საზოგადოებამ ნათლად გაიგოს ცვლილების არსი და მისი გავლენა ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]