სოციალურ ქსელში მედიები, მათ შორის, „რუსთავი 2“; „რადიო იმედი“; The Tbilisi Times; Prime Time • პრაიმ ტაიმი (დაარქივებული ბმული) ასევე Facebook-ანგარიშები (1, 2, 3, 4, 5), ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ციტატას ავრცელებენ: „ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას“. სინამდვილეში, ილონ მასკს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ინგლისურენოვანი წყაროებიდან ციტატა მხოლოდ ერთ X-ანგარიშზე გვხვდება.
პირველ რიგში, მსგავსი ციტატა მასკის ოფიციალურ X ანგარიშზე არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ციტატას არც ინგლისურენოვანი სანდრო მედია ავრცელებს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ილონ მასკი წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციას, რომელსაც საკმაოდ ხისტი პოლიტიკა აქვს ირანთან მიმართებით. მასკის მსგავსი განცხადება აუცილებლად რეზონანსული იქნებოდა და მას არა ერთი მედია საშუალება გამოეხმაურებოდა. ერთადერთი ინგლისურენოვანი წყარო X-ანგარიშია „Sprinter Observer”, ანონიმური ანგარიში, რომელიც ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-ის მიხედვით დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს (იხ. AFP-ის სტატიები 1; 2; 3).
ასევე, რუსულენოვანი წყაროებიდან ერთ-ერთი Eurasia Today წერს, რომ მასკმა აღნიშნული განცხადება AP-სთან ინტერვიუში გააკეთა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ უახლოეს წარსულში AP-სთან ილონ მასკს ინტერვიუ არ ჰქონია. ამერიკული ახალი ამბების სააგენტოს მიერ მსგავსი ციტატა არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, ილონ მასკი ბოლოს საჯაროდ Alternative für Deutschland (AfD) წინასაარჩევნო კამპანიის დროს 25 იანვარს აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰალლეში ვიდეოჩართვით გამოჩნდა, სადაც გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო ღონისძიებაზე მიმართა. ამ მიმართვის დროს მას ირანზე არ უსაუბრია. ამის შემდეგ, მას საჯარო ინტერვიუ არ ჰქონია.
საჯარო წყაროებში ერთადერთი, რაც ილონ მასკსა და ირანთან დაკავშირებით იძებნება არის 2024 წლის ნოემბერში მისი ირანის ელჩთან პირადი შეხვედრა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. შეხვედრის დეტალებზე არც New York Times და არც სხვა მედიები არ წერენ.
ამგვარად, არ დასტურდება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ილონ მასკს ეკუთვნის.