Home » დეზინფორმაცია: ეს გადახდის აპარატები საქართველოს ბანკისაა, ბანკი კი ამერიკელების
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ეს გადახდის აპარატები საქართველოს ბანკისაა, ბანკი კი ამერიკელების

სოციალურ ქსელში facebook-ანგარიში ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ სხვა დროსაც გადაუმოწმებია, შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს: „ეს გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“ – ბანკი კი ამერიკელების!.. თავზე დასაქმება ამერიკულად!..“ (არქივირებული ბმული).

პოსტს თან ვიდეო ერთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ  საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის აპარატების „უჩვეულო ქცევას“ ასახავს. ვიდეოში ისმის ის ხმები, რომელსაც გადახდის აპარატები, ბარათის გატარების დამადასტურებელი სიგნალის ნაცვლად, გამოსცემდნენ.

ჩვენ აღნიშნული პოსტი გადავამოწმეთ.

როგორც ცნობილია, 24 იანვარს, დილიდან,  თბილისის ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებულმა გადახდის აპარატებმა უჩვეულო ხმების გამოცემა დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, ბარათის გატარების დამადასტურებელი სიგნალის ნაცვლად, აპარატიდან საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხმები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი და სხვადასხვა საპროტესტო შეძახილები ისმოდა. უფრო კონკრეტულად:

  • საქართველოს პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას სიტყვები -„აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“;
  • ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ცნობილი გამონათქვამი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“;
  • საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები;
  • „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სიტყვები საოკუპაციო რეჟიმისთვის ბოდიშის მოხდის და საკუთარი ფულის დაბრუნების შესახებ;
  • „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი გინება პარლამენტის სხდომიდან;
  • შეძახილები: „დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“;
  • სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმა -„გამარჯობა, საქართველო“.

გადახდის აპარატების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, თვითმხილველები ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოებს ავრცელებდნენ. გადახდის აპარატების ხმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 13:00 საათამდე ისმოდა, შემდგომ ისინი გაითიშა და მათი საშუალებით ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდაც აღარ იყო შესაძლებელი.

მომხდართან დაკავშირებით, თბილისის მერიამ განცხადება (11:43) გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშა.

ამავე განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები: შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ. „პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება“, – ნათქვამი იყო მერიის განცხადებაში.

მოგვიანებით, ფაქტს თავად კომპანია „მს+“ გამოეხმაურა, მგზავრებს სერვისის შეწყვეტის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, სამგზავრო სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს კიდევ უფრო გაამკაცრებენ.

ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას“ გულისხმობს და სასჯელს – 3-დან 5 წლამდე, ითვალისწინებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები  – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ და არა თავად „საქართველოს ბანკი“.

კონტრაქტორი ნიშნავს კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კონსორციუმს, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური (საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მოწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, დასახელებული კომპანიები „საქართველოს ბანკს“ გარკვეული სერვისის განსახორციელებლად  დაქირავებული ჰყავს, ისევე, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. აქედან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკის“ კუთვნილებაა, უბრალოდ, მის ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

გარდა აღნიშნულის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ გადახდის აპარატებს ლათინურად კომპანიის დასახელება „AZRY“ აწერია (იხ. ფოტო ქვემოთ), „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ აპარატებს კი, როგორც ვიცით, ბანკის ლოგო და წარწერა „bogpay.ge“ აქვს (იხ. ფოტო ქვემოთ). აქედან გამომდინარე, გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკის“ კუთვნილება რომ იყოს, შესაბამისი ლოგო და წარწერა ექნებოდა.

ესეც რომ არ იყოს, ჯერჯერობით უცნობია, გადახდის აპარატებზე ჰაკერული თავდასხმა ვინ განახორციელა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა,

საზოგადოებრივ ტრანსპორტებში კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო. პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე Anonymous-ი წერს, რომ კიბერთავდასხმა მათთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. „ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის – თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება“, – წერს Anonymous-ი.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ ამერიკასთან კავშირს, საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი.

საქართველოს ბანკის ჯგუფი FTSE250 ინდექსის შემადგენლობაშია. ჯგუფის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.

2024 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკმა სომხეთის წამყვანი ბანკის, ამერიაბანკის 100-პროცენტიანი წილი შეიძინა დაახლოებით 303,6 მილიონ დოლარად.

განხილული მასალიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკს“ არ ეკუთვნის და არც ჰაკერულ თავდასხმაში მისი რაიმე სახით მონაწილეობა დასტურდება (გამოძიება მიმდინარეობს). ასევე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული ჰოლდინგის საკუთრებაა. შესაბამისად,  გავრცელებული პოსტი არის ტყუილი.