Home » სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზში შესასვლელი კარის ფანჯრის ანარეკლში ტუჩსაცხს ისვამს. პოსტის ავტორი ვიდეოს ავრცელებს სათაურით: „ქალი განადგურებულია დაკავებულების დარდით“. რეალურად, ვიდეო 2024 წლის აპრილშია გადაღებული და მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებთან კავშირი არ აქვს.

პოსტის ავტორი, მანიპულაციური აღწერით, მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს გავრცელებული ვიდეო 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროტესტის ფონზე დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესს ასახავს და შესაბამისად, პოლიტიკოსის მათ მიმართ გულგრილობის დასტურია. სინამდვილეში, სალომე სამადაშვილის ვიდეო, რომელშიც იგი სხდომათა დარბაზში შესასვლელი კარის ფანჯრის ანარეკლში ტუჩსაცხს ისვამს, თავდაპირველად 2024 წლის 24 აპრილს პარტია „ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იაკო ადეიშვილმა გაავრცელა.

24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის საქმე განიხილებოდა. იგი პოლიციამ 16 აპრილს ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავა. როგორც „TV პირველის“ სიუჟეტში (6:12) ვხედავთ, სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოში სწორედ ირაკლი კუპრაძის საქმის განხილვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

დამატებით, 24 აპრილსვე, სალომე სამადაშვილმა საკუთარ Facebook-ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს: „დილას სასამართლოში, საღამოს ჩემი სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე-ასეთი საინტერესოა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება…“ პოსტში ვხედავთ სალომე სამადაშვილსა და ირაკლი კუპრაძეს საქალაქო სასამართლოს ფონზე.

აღსანიშნავია, რომ სალომე სამადაშვილის აღნიშნული ვიდეო წარსულშიც გამხდარა მანიპულაციის საგანი და მის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა (იხ. სტატიის ბმული).

ამდენად, გავრცელებულ ვიდეო 2024 წლის აპრილშია გადაღებული და მას 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული ადამიანების სასამართლო განხილვებთან კავშირი არ აქვს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]