Home » გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი ანტონიო გუტიერეშის წერილების ნამდვილობას ადასტურებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია (დაარქივებული ბმული), თითქოს  წერილები, რომლებშიც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებასა და ირაკლი კობახიძეს ხელახლა პრემიერობას ულოცავს, ყალბია და „რუსული აპლიკაციით არის დამზადებული“. ამჟამად, აღნიშნული პოსტი წაშლილია.

გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში, რომელიც 24 იანვრით არის დათარიღებული, გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს და წერს: „მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად“. იმავე დღით თარიღდება კიდევ ერთი წერილი, რომელშიც გაეროს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს: „მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად“. წერილების ბოლო ნაწილში გუტიერეშიც ხელმოწერაც არის დატანილი (იხილეთ მედიაში გავრცელებული ფოტოები).

თავდაპირველად წერილები მედიას, მათ შორის, „რადიო თავისუფლებას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა. წერილების ნამდვილობასთან დაკავშირებით, „ჯეოფაქტსი“ გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს დაუკავშირდა. გაეროს კომუნიკაციის ოფიცერმა ქეთი გიოშვილმა დაგვიდასტურა ორივე წერილის ნამდვილობა.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოლოცვის  წერილები ყალბია, არის ტყუილი.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]