სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ბაიდენი აცხადებს, რომ ლოს-ანჯელეს ხანძრის მსხვერპლები მიიღებენ სასწრაფო დახმარებას ერთჯერადად 770 დოლარის ოდენობით… განცხადება მას შემდეგ გავიდა, რაც ბაიდენმა უკრაინას 500 მილიონი დოლარი გაუგზავნა. გაიხსენეთ გადამწვარი მაუი, იქაც მიზერული დახმარება გაუწია ხალხს, როცა უკრაინაში მილიარდებს აგზავნიდა“. რეალურად, განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა და ერთჯერად $770-თან ერთად დაზარალებულები სხვა ფინანსურ დახმარებასაც მიიღებენ.
2025 წლის 7 იანვრიდან აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ხანძარი რამდენიმე კერაზე გავრცელდა და ქალაქის 155 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოიცვა. სულ ცოტა 28 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს, 50,000-ზე მეტი მოქალაქე ევაკუირდა, 12,300-ზე მეტი შენობა განადგურდა და აღნიშნული ხანძარი სამხრეთ კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ფატალურ ხანძრადაა შეფასებული. Business Insider-ის მიხედვით, ხანძრით გამოწვეული ზიანი, 15 იანვრის მონაცემებით, 250-დან 275 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
14 იანვარს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დაუყოვნებლივ ერთჯერად ფედერალურ დახმარებას მიიღებს $770-ის ოდენობით.
როგორც ქართულენოვან, ისე უცხოურ სოციალურ ქსელებში აღნიშნული განცხადება კონტექსტის გარეშე გავრცელდა. კერძოდ, მომხმარებლები მანიპულაციურად ავრცელებენ, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ხანძრით დაზარალებულთათვის მხოლოდ $770 გამოყო მაშინ, როცა უკრაინას მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა (ბმული 1, 2).
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია გადაამოწმეს ისეთმა უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც, როგორიცაა factcheck.org და logicallyfacts.com.
სინამდვილეში, ფედერალური დახმარება $770-ის ოდენობით წარმოადგენს მხოლოდ პირველად სასწრაფო დახმარებას, რომელიც განკუთვნილია იმგვარი პირველადი საჭიროებებისთვის, როგორიცაა წყალი, მედიკამენტები, დროებითი თავშესაფარი და მსგავსი. აღნიშნული თანხა ფედერალური დახმარების პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) 2024 წლის იანვარში წარადგინა „სერიოზული საჭიროებების დახმარების“ პროგრამა (Serious Needs Assistance program), რომელიც, FEMA-ს მიხედვით, იმგვარ ფინანსურ დახმარებას მოიაზრებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გადაუდებელი საჭიროებებისთვის. Factcheck.org-თან სატელეფონო ინტერვიუში FEMA-ს პრესსპიკერმა ჯეის ჯენკომ განაცხადა, რომ ეს ფედერალური დახმარების მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი ფორმაა. თავად FEMA-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც ვკითხულობთ, რომ „სერიოზული საჭიროებების დახმარების“ ფარგლებში გამოყოფილი თანხა მხოლოდ პირველადი საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი და ტყუილია, რომ მხოლოდ აღნიშნული თანხით დაიფარება დაზარალებულთა ხარჯები. FEMA-ს მიერ გავრცელებულ ინდივიდუალური დახმარების დოკუმენტში აღწერილია ყველა ის ფინანსური დახმარება, რომელსაც საგანგებო სიტუაციებით, მათ შორის კალიფორნიის ხანძრებით, დაზარალებული ადამიანები მიიღებენ: განსახლებისთვის, კერძო ქონების აღდგენა/შეკეთებისთვის, სამედიცინო დახმარებისთვის, ბავშვებზე ზრუნვისთვის, გადაადგილებისთვის და ა.შ. FEMA-ს დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია განხილულია „ჯეოფაქტსის“ სტატიაში.
დამატებით, ჯო ბაიდენის ბრიფინგის სრული ვიდეოდან ვიგებთ, რომ მომავალი 180 დღის განმავლობაში ფედერალური მთავრობა გეგმავს ყველანაირი ხარჯის 100%-ით ანაზღაურებას და ლოს-ანჯელესისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას.
ამრიგად, 770 დოლარი სახელმწიფო დახმარების მხოლოდ პირველი და გადაუდებელი ნაბიჯია და ფედერალური ხელისუფლება დამატებით ფინანსურ სახსრებს გამოყოფს დაზარალებულთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დეზინფორმაცია 2024 წლის ოქტომბერში აშშ-ში მომხდარი ქარიშხლების შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებაც გავრცელდა (იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია).