სოციალურ ქსელში TikTok-ანგარიში და Facebook-გვერდები POSTV-პოლიტიკა და POSTV-ანალიტიკა, ვიდეოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ჯგუფელების მიმართვა ვრცელდება“.
ვიდეოში ჩანს სამი მამაკაცი, რომლებიც ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიასთან ერთად МГИМО-ში (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) სწავლობდნენ, სადაც ხშირად ერთად სვამდნენ. საუბარს პირველი მამაკაცი იწყებს: „მივესალმებით ელენე ხოშტარიას! ის ჩვენთან ერთად სწავლობდა МГИМО-ში, სადაც ხშირად ერთად ვსვამდით. დღეს კი მან მიგვატოვა და მარტო სვამს თბილისში.“ შემდეგ მეორე აგრძელებს: „დაგვიბრუნდი, ჩვენ გარეშე ნუ სვამ. საზიანოა შენი ჯანმრთელობისთვის.“ ამის შემდეგ ისევ პირველი ამბობს: „ძალიან მოგვენატრე. უფრო მეტად დასალევად. ლენაჩკა ან ჩვენ წაგვიყვანე ან სულ ყველა ჩვენით ჩამოვალთ. და დაიმახსოვრე ჩვენი მაფია შენს გამო ნებისმიერს დედას უტირებს“ – ნათქვამია გავრცელებულ ვიდეოში.
ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით ვიდეოში მყოფი მამაკაცების TikTok ანგარიშს მივაგენით. ანგარიშს, სახელად Cucumber Mafia 500-ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. პროფილის აღწერაში კი მითითებული აქვთ, რომ სასურველი ვიდეოს შეკვეთისთვის პირად შეტყობინებაში მიწერონ. ამასთან, პირველივე ვიდეოში, რომელიც ანგარიშზე გადასვლისას გვხვდება, ვიდეოში მყოფი პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათთვის ვიდეოს ან/და რეკლამის შეკვეთა.
აქვეა განთავსებული ელენე ხოშტარიას მისამართით გავრცელებული ვიდეოც, რომლის აღწერაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია როგორ შეიძლება ვიდეოს შეკვეთა.
საგულისხმოა, რომ TikTok ანგარიშის გვერდზე არაერთი მისალოცი ვიდეო გვხვდება, მათ შორის, ქართველებისთვის ჩაწერილი. (1; 2) გარდა ამისა, სხვადასხვა ვიდეოს კომენტარებში აღნიშნულია, რომ ვიდეოში მყოფი ადამიანები უკრაინის დედაქალაქიდან, კიევიდან არიან. „ჯეოფაქტსმა“ ეს ინფორმაცია მათ გვერდზე ატვირთული ვიდეოების მიმოხილვის შედეგად გადაამოწმა და ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების ლოკაციაც დაადგინა. ვიდეოში ჩანს ავტობუსი N530, ასევე უკანა ფონზე ჩანს მაკდონალდსის ლოგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ ადგილას მაკდონალდსის რესტორანი უნდა იყოს განთავსებული. შემდგომ ვიდეოს კადრი მარცხნივ ტრიალდება და ჩანს კაფე, სახელად “el coyote”. (ფოტოები იხ. ქვემოთ) კიევის N530 ავტობუსის მარშრუტისა და კაფეს ლოკაციის მიხედვით ვიდეოს გადაღების ადგილი ვიპოვეთ.
წყარო: Cucumber_mafia
წყარო: Google maps
გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ TikTok-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ელენე ხოშტარიასთვის ჩაწერილი ვიდეო 54 წამიანია, ხოლო POSTV-ის მიერ გავრცელებული 38 წამიანი. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ POSTV-მ ვიდეოში მყოფი მესამე პირის საუბრის მომენტი ამოჭრა. ამ პიროვნებას მარჯვენა ხელზე უკრაინის დროშის სამკლავური აქვს დამაგრებული.
კადრი TikTok ვიდეოდან
„ჯეოფაქტსი“ TikTok-გვერდს @cucumber_mafia დაუკავშირდა და უფრო დეტალურად გაარკვია, როგორ ხდება ვიდეოს შეკვეთა. მათ მოგვწერეს, რომ ვიდეოს საფასური 40 დოლარია. საჭიროა იმ ადამიანის სახელისა და ფოტოს მიწოდება, ვისთვისაცაა ვიდეო განკუთვნილი და ასევე სხვა დამატებითი სურვილი ვიდეოსთან დაკავშირებით.
ამგვარად, POSTV-ის მტკიცება, რომ ვიდეოში ელენე ხოშტარიას ჯგუფელები არიან, არ დასტურდება. მსგავსი ვიდეოს ჩაწერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც TIkTok-ანგარიშის პროფილის აღწერასა და პროფილზე არსებულ პირველივე ვიდეოშია ხაზგასმული.